Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი III (საქართველოს მეფე)![]()
Biographyსაქართველოს მეფე 1156-1184წწ., დემეტრე I-ის ძე; მამამ გიორგი III ჯერ თანამოსაყდრედ გამოაცხადა(უფროსი ძმის დავით V-ის გარდაცვალებისა და სამეფო ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შემდგომ), მოგვიანებით კი საკუთარ სიცოცხლეშივე გაამეფა; ასეთი ღონისძიება აუცილებელი იყო, რადგანაც დიდგვაროვან ფეოდალებს დავით V-ის ძის(დემნა, იგივე დემეტრე) სახით ჰყავდათ ტახტის პრეტენდენტი ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად; დავით აღმაშენებლის მსგავსად, გიორგი III აქტიურ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებდა; მისი მეთაურობით ქართველები განაგრძობდნენ ბრძოლას თურქ-სელჩიკების წინააღმდეგ; საქართველოს საზღვრების გასამტკიცებლად 1161 წელს გიორგი III-მ ანისზე გაილაშქრა, ქალაქი აიღო და მისი მართვა-გამგეობა ამირსპასალარ ივანე ორბელს მიანდო, ხოლო თანაშემწედ სარგის მხარმგრძელი დაუნიშნა; 1162 წელს ქართველებმა სომხეთის ძველი დედაქალაქი დვინი აიღეს; საქართველოს ასეთმა აქტიურობამ მაჰმადიანთა ამირები აიძულა ქართველებისათვის შეერთებული ძალით შემოეტიათ; საქართველოსაკენ დაიძრნენ ხლათის, დიარბაქირისა და არზუმის მმართველები; გიორგი III-მ ქართველ-სომეხთა შეერთებული ლაშქრით უკუაგდო დამპყრობლები. მაჰმადიანთა უკან დახევა გიორგი III-მ და საქართველოს ლაშქრის მეთაურებმა საბოლოო გამარჯვებად მიიჩნიეს და სიფხიზლე მოადუნეს; ამით ისარგებლეს მოწინააღმდეგეებმა, საქართველოს ლაშქრის დაზვერვა მოახერხეს და მოულოდნელად შეუტიეს ანისს; ქართველებმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს; ბრძოლა გაჭიანურდა; ბოლოს, დადებული ზავის თანახმად, ანისის მაჰმადიანი მმართველი საქართველოს მეფის ყმადნაფიცი გახდა; 1167 წელს გიორგი III-მ ილაშქრა შირვანში მისი ყმადნაფიცისა და დისწულის აღსართან(ახსითან) შირვანშაჰის დასახმარებლად(შირვანშაჰს დარუბანდის მხრიდან თავს ესხმოდნენ იმიერკავკასიის მფლობელები); ქართველთა მხედრობა მივიდა დარუბანდის კარამდე, აიღო ქ. შაბურანი, რომელიც გიორგი III-მ აღსართანს უწყალობა; 1173 წლიდან გიორგი III-ის მცდელობის შედეგად დვინი, ანისი და მათი მიმდგომი მხარეები საქართველოს სახელმწიფოს შეუერთდა, თუმცა ბრძოლა ამ მხარეებისათვის შემდეგშიაც გრძელდებოდა; გიორგი III-ის დროს საქართველოში განსაკუთრებით გამრავლდნენ ე. წ. გლახაკნი და მეკობრენი; ლაშქარში შეიქმნა ქონების შეძენის მიზნით უცხო ქვეყნების დაუსრულებელი რბევისადმი მიდრეკილება, ქვეყანაში გახშირდა ღალატი და გარეშე დამპყრობელთა მხარეზე გადასვლა; განსაკუთრებით თავგამოდებით ებრძოდნენ ცენტრალური სამეფო ხელისუფლებას დიდგვაროვანი აზნაურები; 1177 წელს დაიწყო დიდი ამბოხება ამირსპასალარ ივანე ორბელის მეთაურობით; მას გვერდში ედგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები: ივანე ვარდანის ძე, შოთა, ძე ართავაჩოს ძისა, ქავთარ ივანეს ძე და სხვები; ამბოხებულები თითქოსდა დემნა(დემეტრე) უფლისწულის ინტერესებს იცავდნენ, სინამდვილეში კი სამეფო ხელისუფლების შეზღუდვისა და თავიანთი უფლებების გაფართოებისათვის იბრძოდნენ; აჯანყება რამდენიმე თვეს გაგრძელდა; 1178 წლის დასაწყისში გიორგი III-მ შეძლო მისი ჩახშობა; იგი განსაკუთრებით სასტიკად მოეპყრო აჯანყების მოთავეებს: ორბელები სიკვდილით დასაჯეს, დემეტრე უფლისწულს თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს; გიორგი III-მ ორბელთა მამულები თავის ერთგულებს უწყალობა, მათ შორის დიდი ნაწილი ყუბასარს, რომელიც მეფემ ორბელთა სამთავრო პატივში აიყვანა და საქართველოს ამირსპასალარად დანიშნა; გიორგი III-მ ასევე "უგვარო", აზნაურის ნაყმევი აფრიდონი მსახურთუხუცესის თანამდებობაზე დააწინაურა; ორბელთა ამბოხების ჩაქრობის შემდეგ გიორგი III იძულებული გახდა დაეთმო ეკლესიის მესვეურებისათვის და ეკლესიის შეუვალობის აღდგენის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა; 1179 წელს მეფემ მეკობრეობის წინააღმდეგ გამოსცა სახელმწიფო დარბაზის მიერ შემუშავებული კანონი, რომელიც ამ "სენის" აღმოსაფხვრელად მკაცრ ზომებს ითვალისწინებდა; ორბელთა ამბოხების ჩახშობისთანავე, 1178 წელს გიორგი III-მ საქართველოს სამეფო ტახტზე თანამოსაყდრედ დაისვა თავისი ასული. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.18
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |