The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი IV (საქართველოს მეფე)

გიორგი IV
ოფიციალური სახელი:გიორგი ბაგრატიონი
სხვა სახელი:ლაშა
დაბადების თარიღი:1192
გარდაცვ. თარიღი:18 იანვარი, 1223  (31 წლის ასაკში)
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

საქართველოს მეფე 1213 წლიდან, თამარ მეფისა და დავით სოსლანის ძე; 1207 წელს თამარმა თანამოსაყდრედ დაისვა და ამ დროიდან მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვასა და ლაშქრობებში; თამარის გარდაცვალების შემდეგ გიორგი IV ერთპიროვნული მმართველი გახდა, იღვწოდა განემტკიცებინა მეფის ხელისუფლება, შეენარჩუნებინა სახელმწიფოს მთლიანობა და შემოემტკიცებინა ყმადნაფიცი ქვეყნები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს სამეფოს ვასალობისაგან გათავისუფლებას; XIII საუკუნის 10-იან წლებში გიორგი IV-მ გაილაშქრა ვასალის ― განძის ათაბაგის წინააღმდეგ; საქართველოს ლაშქარმა განძას ალყა შემოარტყა; ათაბაგი იძულებული გახდა დამორჩილებოდა გიორგი IV-ს; განძა კვლავ საქართველოს მოხარკედ დარჩა; იარაღის ძალითვე დაიმორჩილა გიორგი IV-მ გამდგარი ვასალები ― ხლათის არზრუმისა და ნახჭევანის თურქი მფლობელები; 1220 ან 1221წწ. გიორგი IV დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად პალესტინაში ჯვაროსნული ლაშქრობისათვის ემზადებოდა იერუსალიმის სელჩუკთაგან გასათავისუფლებლად, მაგრამ ამ დროს საქართველოს საზღვრებს მოულოდნელად მონღოლები მოადგნენ და ეს გეგმა ჩაიშალა; გიორგი IV მონღოლებთან ბრძოლაში(1221 ან 1222წწ.) დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა; პირველი წყაროები გიორგი IV-ის შესახებ სხვადასხვაგვარ ცნობებს გვაწვდიან: ერთნი(ლაშას დროინდელი მემატიანე და სხვ.) მას ახასიათებენ როგორც შესანიშნავ მოღვაწეს, რაინდსა და გონიერ მმართველს, მეორენი(ჟამთაღმწერელი და სხვ.) კი - როგორც უზნეო და ბეც პოლიტიკოსს; ნდობას უფრო პირველი რიგის ცნობები იმსახურებს; გიორგი IV-ის პოლიტიკა ხშირად იწვევდა დიდგვაროვანთა უკმაყოფილებას და ლაშას უარყოფითი დახასიათებაც ამ ნიადაგზე უნდა გაჩენილიყო; ჟამთააღმწერელი გიორგი IV-ს ბრალად სდებს, რომ მან განიშორა მისი დედის დროს დაწინაურებული დიდებულები და დაიახლოვა ახალგაზრდები - თანამოასაკენი; ეტყობა, მეფე თავიდან იცილებდა არასასურველ მოხელეებს და მათ ახალ ძალებს უპირისპირებდა; მეფეს ბრალად სდებდნენ, რომ მას კავშირი ჰქონდა თავისუფლად მოაზროვნე რაინდებთან, რომლებიც სუფიზმს იზიარებდნენ, უარყოფდნენ ეკლესიასა და სამღვდელოებას და ღმერთთან ზიარების გზად ექსტაზი და აღმაფრენა მიაჩნდათ; გიორგი IV თავისუფალი რწმენისა და აზროვნების ადამიანი იყო; მან თანამეცხედრის არჩევასაც პირადი გრძნობა დაუდო საფუძვლად და მეუღლედ დაისვა ველისციხელი აზნაურის ქალი, ხოლო შემდეგ ეს ქალი დააშორეს, გიორგი IV-ს ცოლი აღარ შეურთავს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.20


გააზიარე: