The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი V ბრწინვალე (საქართველოს მეფე)

დაბადების თარიღი:13??
გარდაცვ. თარიღი:13??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

საქარველოს მეფე 1318-1346წწ., დემეტრე II თავდადებულის ძე; აღიზარდა სამცხეში, მისი პაპის(დედის მამის) ბექა I ჯაყელის(მანდატურთუხუცესი) კარზე; 1299 წელს ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა — მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ "თბილისის მეფეს" უწოდებდნენ; ამავე მიზნით გამოიყენა ყაენმა დავით VIII-ის მეორე ძმა ვახტანგ III(მეფობდა 1302-1308წწ.); 1318 წელს, დავით VIII-ისა და ვახტანგ III-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი V-მ მიიღო მეფობა; მას სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული და პოლიტიკურად დაშლილი ქვეყანა ერგო; იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად მონღოლებთან ბრძოლას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა; იგი მეგობრობდა ილხანის მთავარ ვეზირთან — ჩობან-ნოინთან; ამან საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა გამოესწორებინა; იგი ენერგიულად შეუდგა ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებას: შიდა ქართლიდან განდევნა მონღოლთა ხელშეწყობით დამკვიდრებული ოსები, რომელთა მეკობრული თავდასხმები დიდ ზიანს აყენებდა მოსახლეობას; ალაგმა სამეფო ხელისუფლების ურჩი ფეოდალები, რისთვისაც არც უკიდურეს ღონისძიებებს მოერიდა; მოახერხა რეალურად სამ ნაწილად დაყოფილი საქართველოს გაერთიანება და მონღოლთა ბატონობისას შერყეული სახელმწიფოს მართვა-გამგეობისა და სამართლებრივ-საკანონმდებლო სისტემების მოწესრიგება; ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერების შემდეგ, გიორგი ბრწყინვალემ მონღოლები საქართველოდან განდევნა და მათი თითქმის ასწლოვანი მმართველობა დაასრულა; კვლავ გაიზარდა საქართველოსა და მისი მეფის პოლიტიკური წონა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე; გიორგი V აწარმოებდა აქტიურ პოლიტიკურ ურთიერთობებს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე დასავლეთ ევროპასა და ეგვიპტის სასულთნოსთან; ეკონომიკური კავშირები დაამყარა იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებთან; გარკვეულ წარმატებებს მიაღწია ტრაპიზონის იმპერიაში საქართველოს გავლენის დამყარებისათვის ბრძოლაში; გიორგი V-ს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში; მის პიროვნებასა და მმართველობას მაღალ შეფასებას აძლევენ ყველა ეპოქის ქართველი და არაქართველი ისტორიკოსები; იმ უდიდესი დამსახურებებისათვის, რომლებიც მას საქართველოს წინაშე მიუძღვის, ქართველმა ხალხმა მას მეტსახელად "ბრწყინვალე" უწოდა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.20


გააზიარე: