The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე იმედაშვილი

ალექსანდრე იმედაშვილი
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1882
გარდაცვ. თარიღი:25 სექტემბერი, 1942  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1898 წელს სწავლა განაგრძო მანუელიანცის საბუღალტრო კურსებზე, რომელიც დაამთავრა 1900 წელს.

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში 1900 წელს ვ. გუნიას მიერ მოწყობილ გამოსაცდელ სპექტაკლში, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია. იგი ქართული თეატრის დასში ჩარიცხეს. პირველ ხანებში მას ეპიზოდურ როლებს აძლევდნენ. მალე ქართული თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახდა, ბოლოს კი - ქართული თეატრის კორიფე. იგი სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა როგორც მსახიობი და რეჟისორი შემდეგ თაეტრებში: ქუთაისის (1909-1913, 1916-1017), თბილისის მსახიობთა ამხანაგობის დასში (1917-1918). 1918-1920 წლებში ქუთაისის თეატრის რეჟისორი და ხელმძღვანელია. 1921-1022 წლებში ბათუმის თეატრის  მსახიობია. 1922–1923 წლებში ''სახკინმრეწვში'' მუშაობდა, 1923-1924 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში, 1924-1925 წლებში ჭიათურის თეატრში რეჟისორად, მსახიობად და სამხატვრო ხელმძღვანელად. 1928–1931 წლებში კ. მარჯანიშვილმა მიიწვია მის  მიერ დაარსებულ ქუთაის-ბათუმის ქუთაისის თეატრში (ახლანდელი თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), სადაც ერთი წელი დაჰყო. 1939–1942 წლებში მიწვევით სხვადასხვა თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობდა. 1939 წლიდან გარდაცვალებამდე ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრში მოღვაწეობდა. გამოდიოდა ყველა ჟანრის (ტრაგედია, კომედია, ვოდევილი, მუსიკალური კომედია და სხვა) სპექტაკლებში. განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა კლასიკურ ტრაგედიებში. ა. იმედაშვილი იყო დიდი ტემპერამენტისა და ძლიერი ხმის მქონე უნიჭიერესი მსახიობი, ქართული სამსახიობო სკოლის ერთ-ერთი ეტალონთაგანი. ფართო დიაპაზონი, დახვეწილი მეტყველება ხელს უწყობდა მსახიობს შეექმნა ერთმანეთისგან საოცრად განსხვავებული, როგორც დრამატული, ისე ტრაგიკული სახეები: გიორგი სააკაძე, შადიმან ბარათაშვილი, (ა. შანშიაშვილის "უგვირგვინო მეფენი"), ვანო და გიგუა (ი. გედევანიშვილის ''მსხვერპლნი''), ოტია ჯოლია (ვ. გუნიას "და-ძმა"), შალვა (ვ. გაბესკირიას "მათი ამბავი"), სანდრო, საბა, ლევანი (ნ. შიუკაშვილის "მეგობრობა", "სიმახინჯე", "ციცი-ნათელა"), სოლიემანი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ხუდოვცევი (ლ. ანდრეევის "დღენი ჩვენი ცხოვრებისა"), ვანიუშინი (ს. ნაიდენოვის "ვანიუშინების ოჯახი"), ოტელო, ლირი (შექსპირის "ოტელო", "მეფე ლირი"), დე სანტოს (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ოიდიპოსი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"),  დონ კარლოსი (შილერის "ყაჩაღები"),  ესტევანი (კ. მარჯანიშვილის მიერ 1922 წელს დადგმული ლოპე და ვეგას "ცხვრის წყარო") და სხვა. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კინემატოგრაფიის წინაშე. 1922 წლიდან მოღვაწობდა კინოში, მის მიერ განსახიერებული კინოროლები ოქროს ასოებითაა შესული ქართული კინოს ისტორიაში: ალი, ანზორი (ნ. შენგელაიას "გიული", "ელისო"), კარდინალ მონტანელი, ექიმი (კ. მარჯანიშვილის "კრაზანა" 1928 და "ამოკი" 1927) , ფარსადანი (მ. ჭიაურელის "არსენა") და სხვა. ა. იმედაშვილი წერდა სტატიებს, მსახიობების შემოქმედებაზე, სასცენო ხელოვნებაზე. მისი მოგონებები 1963 წელს გამომცემლობა "ხელოვნებამ" დაბეჭდა ტ. იაშვილის შესავალი სიტყვით (მოგონებების ხელნაწერი დაცულია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახ. მუზეუმში). ა. იმედაშვილმა 150 -ზე მეტი პიესა თარგმნა, მათ შორის: ი. პოტაპენკოს "ახალი ცხოვრება", არბენინის "დრამა ტელეფონთან", ბურენინის "თავისუფლების მეფე", ჰ. იბსენის "საზოგადოების ბოძი", ბეიერლინის "სამხედრო ბანაკი", ალ. დიუმა-შვილის "მარგარიტა გოტიე" და სხვა. ქართული თეატრის ერთ-ერთი გამოჩენილი ტრაგიკოსი მსახიობი. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.560; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.-გვ. 111-112; 2007 წლის საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.18

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1932 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: