The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოანე პეტრიწი

იოანე პეტრიწი
დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:11??
კატეგორია:თეოლოგი, მთარგმნელი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

 სწავლობდა კონსტანტინოპოლში, მანგანის აკადემიაში, სადაც მას ასწავლიდნენ ბიზანტიური რენესანსის წარმომადგენლები.

იყო XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი (გადმოცემით იოანე ფილოსოფოს ჭიმჭიმელსაც უწოდებდნენ). ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება, მხოლოდ XVIII საუკუნის მწიგნობარნი იუწყებიან, რომ იოანე პეტრიწი სამცხიდან იყო, დიდგვაროვანი ჩამომავლობისა. 

 იოანე პეტრიწმა აქტიური მონაწილეობა მიიღო იდეურ მოძრაობაში, რომელსაც იტალოსი მეთაურობდა. იტალოსის გასამართლებისა(1083) და მისი მიმდევრების დევნის შემდეგ იოანე პეტრიწი პეტრიწის მონასტერში გადასახლდა. ერთ ხანს შავ მთაზე იყო, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა გელათის აკადემიას. იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მემკვიდრეობა წარმოდგენილია თარგმანებითა და ორიგინალური თხზულებით ("განმარტება პროკლესთვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისად"). თარგმნა არისტოტელეს ორი თხზულება: "ტოპიკა" და "განმარტებისათვის" ("პერი-ჰერმენეია"), ნემესიოს ემესელის "ბუნებისათვის კაცისა" (გამოიცა 1914), პროკლეს "კავშირნი ღვთისმეტყველებითნი" , ამონიოს ჰერმიას "მოსახსენებელი ხუთთა ხმათადმი პორფირი ფილოსოფოსისა" და "მოსახსენებელი ათთა კატიღორიათადმი არისტოტელისთა". არისტოტელეს ტრაქტატთა თარგმანებს ჩვენამდე არ მოუღწევია. "კავშირნი ღმრთისმეტყველებითნის" პეტრიწისეული თარგმანი უძველესად ითვლება პროკლეს თხზულების მსოფლიოში ცნობილ თარგმანთა შორის. იოანე პეტრიწმა შექმნა ლიტერატურულ სკოლა, აღზარდა მრავალი მოწაფე, გამოუჩნდნენ მიმდევრებიც. თავისებურია მისი ენა და სტილი. იგი ქმნიდა ახალ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას, ბერძნულიდან დედანთან ზუსტი მიმართების მიზნით უხვად იყენებდა ქართული ენის ბუნებისათვის შეუფერებელი მიმღეობანი კონსტრუქციების წინადადებებს, რაც ართულებდა მის სამწერლო ენას. იოანე პეტრიწმა დიდი გავლენა მოახდინა ძველ ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაზე, საერო პოეზიასა და საისტორიო მწერლობაზე, განსაკუთრებით კი ანტონ I-ის ლიტერატურულ სკოლაზე. ქართველი ფილოსოფოსის, საეკლესიო მოღვაწის, ღირსი იოანეს თხზულებებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სასულიერო მწერლობისათვის. ღირსი იოანეს ფრესკა გამოსახული ყოფილა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.565


გააზიარე: