The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ერისთავი

დიმიტრი ერისთავი
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1859
გარდაცვ. თარიღი:17 დეკემბერი, 1924  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მოიდანახის სასაფლაო, ოზურგეთი
კატეგორია:ექიმი, მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გორაბერეჟოული, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1882 წელს, 1886 წელს კი კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

1888 წელს დაინიშნა სოფ. ნაგომარში(გურია) ექიმად. იყო შორაპნისა და რაჭის სამაზრო ექიმიც. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ოზურგეთში. დიმიტრი ერისთავმა საკუთარ სახლში გახსნა პირველი ქირურგიული სტაციონარი. მისივე ინიციატივით ოზურგეთში გაიხსნა საქალაქო აფთიაქი და სკოლა, ჩოხატაურში-ბიბლიოთეკა. ღარიბ მოწაფეთა დასახმარებლად მართავდა წარმოდგენებს. საქართველოში ქოლერის ეპიდემიის წლებში(1892, 1908) ებრძოდა ეპიდემიას, უანგაროდ უვლიდა ავადმყოფებს, ზრუნავდა ხალხის სანიტარული დონის ამაღლებაზე. ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. მისმა სამეცნიერო-პოპულარულმა ნაშრომმა "ხოლერა და იმის თავიდან ასაცდენი დარიგებანი"(1893, სენაკი) დადებითი შეფასება დაიმსახურა(ჟურნ. "მოამბე", 1994, №1). წერილით "ორიოდე სიტყვა სოფლის მკურნალობაზე და მკურნალებზე"("ივერია", 1895, №33) ქართველ ექიმთაგან ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა ექიმბაშობის წინააღმდეგ. დიმიტრი ერისთავის პირველი მოთხრობა "უბედური ქმარი" დაიბეჭდა "ივერიაში"(1887, №245), ხოლო მოთხრობების პირველი კრებული "ნაქვთები" 1891 წელს გამოიცა ქუთაისში. მის მოთხრობას "ვისი ბრალია?!"(ჟურნ. "მოამბე", 1894, №6; №7, ცალკე წიგნად გამოიცა 1911 წელს) პირველი გამოეხმაურა კ. აბაშიძე სტატიით "მოამბის მორალისტები"("ივერია", 1894, №193). ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა რუსული კლასიკური პოეზია(ა. პუშკინი, მ. ლერმონტოვი, ვ. ჟუკოვსკი, ა. პლეშჩეევი, ა. ნეკრასოვი და სხვ.). აგრეთვე გადმოაქართულა რუსული რომანსები. მან პირველმა სცადა ვოლტერის(ლექსი "მცირე დრო არის, რაც ვიხილე უცხო სიზმარი"), გი დე მოპასანის("იდილია", "ივერია", 1894,№137) თარგმნა. რუსეთ-იაპონიის(1904-1905) ომის წლებში ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა ვერხნევუდინსკის სამხედრო ლაზარეთის ქირურგიული განყოფილების გამგედ. რუსეთის დამარცხების შემდეგ დემობილიზებული სამშობლოში დაბრუნდა. 1907 წელს გაზეთ "ამირანში"(№13) გამოაქვეყნა მოთხრობა "შავ-ბნელი ძალები", რომელშიც ასახულია რუსეთის ცარიზმის მძვინვარე რეაქციის შედეგად აოხრებული და გაპარტახებული გურია. 1915 წელს ოზურგეთის ქალაქის თავად აირჩიეს. დაკრძალეს ოზურგეთში, საავადმყოფოს ეზოში. მოგვიანებით, ქუჩის გაფართოების გამო გადასვენებულ იქნა მოიდანახის სასაფლაოზე. დღეისათვის მისი საფლავი უცნობია. ქველმოქმედი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.59;  https://ka.wikipedia.org/wiki/დიმიტრი_ერისთავი_(ექიმი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: