The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ კობეშავიძე

მიხეილ კობეშავიძე
ოფიციალური სახელი:გრიგოლ კობეშავიძე
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1910
გარდაცვ. თარიღი:28 მარტი, 1997  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კვახჭირი, ქუთაისის რაიონი (ახ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი).

1930 წელს ჩამოაყალიბა ქორეოგრაფიული კოლექტივი ქუთაისის სარეწაო კოოპერაციის კლუბში და კონცერტებს მართავდა ახლადშექმნილ კოლმეურნეობებში. ამავე დროს იყო მშობლიური სოფლის სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი ანამბლის ქორეოგრაფი (ლოტბარი ანესტი იმერელი). ცეკვას ქუთაისის ქორეოგრაფიულ სკოლაში დაეუფლა. 1935 წლიდან მუშაობდა თბილისის მილიციის ორგანოებში. პარალელურად მუშაობდა მილიციის სკოლასთან არსებული თვითმოქმედი კოლექტივის ხელმძღვანელად, კლუბის უფროსად. 1939 წელს გადაიყვანეს მილიციის სამმართველოს ცენტრალური კლუბის უფროსად, ხოლო 1963 წელს გადაიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ძერჟინსკის სახ. კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აგიტმხტვრული ბრიგადები მისი ხელმძღვანელობით სისტემატიურად გამოდიოდნენ სამხედრო ნაწილებსა და ჰოსპიტლებში, მართავდნენ ფასიან კონცერტებს და მთელ შემოსავალს თავდაცვის ფონდში რიცხავდნენ. 1943 წელს მისი ხელმძღვანელობით ანსამბლი კონცერტებით გამოვიდა მოსკოვში, და საკავშირო ალკკ ცენტრალური კომიტეტის საპატიო სიგელიც დაიმსახურა. რესპუბლიკურ ოლიმპიადებზეც წარმატებით გამოდიოდა. 1954 წელს თავის ვაჟთან - ჰამლეტთან ერთად ჩამოაყალიბა ქართული ხალხური ცეკვის ახალგაზრდული ანსამბლი. მის მიერ შესრულებული დასამახსოვრებელი ცეკვებია: "ოსური სალხინო", "მაღლა ხელური", "შემთხვევა საცეკვაო მოედანზე", "მონადირეთა ცეკვა" და სხვა. 1954 წელს ჩამოაყალიბა ქართული ხალხური ცეკვის ახალგაზრდული ანსამბლი (თავის ვაჟთან ჰამლეტ კობეშავიძესთან ერთად); 1957 წელს ანსამბლი წარმატებით გამოვიდა ახალგაზრდობის VII მსოფლიო ფესტივალზე. 1967 წელს ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი მიხეილ და ჰამლეტ კობეშავიშეების ხელმძღვანელობით ასევე წარმატებით გამოვიდა ოქტომბრის რევოლუციის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ I სრულიად საკავშირო ფესტივალზე, სადაც ლაურეატის წოდებაც მიიღო. 1972 წელს შინაგან საქმეთა ორგანოების  სრულიად საკავშირო ფესტივალზე მოსკოვში დიდი აღიარება ხვდა წილად ანსამბლის ცეკვას "ქართულ სიუიტას". 1974 წელს კიშინიოვში გამართულ ფოლკლორული ცეკვის III საკავშირო ფესტივალზე, კობეშავიძისეულმა ცეკვამ უდიდესი წარმატება მოიპოვა, დიდი პრიზი და პირველი ადგილიც დაიმსახურა. 1975 წელს გდრ-შიც დიდი პრიზით დაჯილდოვდა და მის ანსამბლს "მხედრული" ეწოდა. ჰამლეთ კობეშავიძის მამა.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.604; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.79-80

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: