The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ერისთავი

გიორგი ერისთავი
დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1812
გარდაცვ. თარიღი:5 ნოემბერი, 1891  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ოძისი, დუშეთის რაიონი.
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოძისი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი.

რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერალი (1881). გიორგი ქსნის ერისთავის შვილიშვილი. გიორგი ერისთავს იხსენიებდნენ "ატამანის" სახელითაც. 1822 წელს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში მიაბარეს. 1825 წელს სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში წავიდა, სადაც გვარდიის პრაპორჩიკთა და იუნკერთა სასწავლებელი დაამთავრა. 1829 წლიდან არმიაში მსახურობდა. მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. მიიღო კორნეტის ჩინი. 1832 წელს სამშობლოში დაბრუნდა და შეთქმულებას მიემხრო. შეთქმულების გაცემის შემდეგ იგი დააპატიმრეს. საგამომძიებლო კომისიამ იგი არ ჩათვალა შეთქმულების აქტიურ მონაწილედ და ადმინისტრაციული წესით არხანგელსკის გარნიზონში გაამწესეს. 1835 წელს ახტირსკის ჰუსართა პოლკში გადაიყვანეს. 1840 წელს კაპიტნის ჩინით სამშობლოში დააბრუნეს და ნიჟეგორიდის დრაგუნთა პოლკში გადაიყვანეს. 1849-1852 წლებში კავკასიის ხაზის კაზაკთა ჯარის ატამანი იყო. 1850 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1858-1861 წლებში იყო ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი და გუბერნიის ჯარების სარდალი. 1858 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1861 წლიდან მსახურობდა კავკასიის მეფისნაცვალთან. გიორგი ერისთავის თაოსნობით დაარსდა ღარიბ მოსწავლეთათვის სათავადაზნაურო სასწავლებელი. თავის შვილს, ზაქარიას უანდერძა საგვარეულო მამული სოფ. ოძისში (დუშეთის მაზრა) სამეურნეო სასწავლებლის ან სამაგალითო ფერმის დასაარსებლად. გიორგი ერისთავმა დიდი ამაგი დასდო მშობლიური ისტორიის შესწავლას. ცნობილ ისტორიკოსს დ. ბაქრაძეს დიდი ფულადი დახმარება გაუწია ვახუშტი ბატონიშვილის შრომათა დასაბეჭდად და გამოსაცემად. მისი თაოსნობით ქსნის ხეობის სოფ. მონასტერში აღდგინეს ღვთისმშობლის ეკლესია, სოფ. ახალგორში დაარსდა სახალხო სასწავლებელი. გიორგი ერისთავის ქუთაისში მოღვაწეობის დროს ხშირად იმართებოდა ლიტერატურული შეხვედრები. მშობლიური კუთხის მოსახლეობა მას ხეობის მამას, ღვთიურ კაცს უწოდებდა. მადლიერმა თანამემამულეებმა მისი ნეშტი თბილისიდან საგვარეულო მამულში, სოფ. ოძისში გადაასვენეს და იქვე დაკრძალეს. ქველმოქმედი, მეცენატი. გიორგი რომანოზის (რომანის) ძე ერისთავი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.59

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ანას ორდენი
  • წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • თეთრი არწივის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი

გააზიარე: