The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ნათაძე

ლევან ნათაძე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1922
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 1982  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1944 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ლ. ნათაძე ამავე ფაკულტეტზე ჩაირიცხა ასპირანტურაში და 1946 წელს მიავლინეს მოსკოვის ა. ნ. სევერცოვის სახელობის ცხოველთა მორფოლოგიის ინსტიტუტში. დაბრუნების შემდეგ, 1948 წელს, მიიღეს  თბილისის უნივერსიტეტის ხერხემლიანთა ზოოლოგიის კათედრაზე ასისტენტად; 1956-1960 წლებში შეთავსებით მუშაობდა პალეობიოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად და ასრულებდა სწავლული მდივნის მოვალეობას. ფასდაუდებელი იყო ლ. ნათაძის მუშაობა ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო რედაქციაში უფროს რედაქტორად - 1975 წლიდან გარდაცვალებამდე. ლ. ნათაძემ მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო პედაგოგიურ საქმიანობას - კითხულობდა ჰისტოლოგიის, ემბრიოლოგიის, შედარებითი ანატომიის და ნერვული სისტემის ანატომიის სალექციო კურსებს ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე. 1965-1974 წლებში იყო ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, 1966 წლიდან გარდაცვალებამდე ციტოლოგიის, ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრის გამგე. მისი მეცნიერული ინტერესები მოიცავდა მორფოლოგიურ დისციპლინებს - შედარებით ანატომიასა და ემბრიოლოგიას, ჰისტოლოგიას, ნერვული სისტემის მორფოლოგიას. ლ. ნათაძე იყო ხერხემლიან ცხოველთა შედარებითი ანატომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მას ეკუთვნის ამ პრობლემაზე პირველი საფუძვლიანი მონოგრაფია ქართულად. ავტორია 30-ზე მეტი ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომის, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი ბიოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. მორფოლოგი, ემბრიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.286; თსუ შრომები: ტ.248 (ქიმია-ბიოლოგიის სერია) / რ. ჟორდანია, ლ. ნათაძე.-თბ.,1984.-გვ.5-8; თანამედროვე ბიოლოგიის აქტუალური საკითხები : (კრებული, მიძღვნილი პროფ. ლევან ნათაძის ხსოვნისადმი) / თსუ ; რევაზ ჟორდანიას რედ..-თბ.,2000.-გვ. 5-11

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: