The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეო ნათაძე

ლეო ნათაძე
ოფიციალური სახელი:ლევან ნათაძე
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1880
გარდაცვ. თარიღი:3 თებერვალი, 1922  (41 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ტფილისის გუბერნიის გორის მაზრის სოფელi კასპი.

მე-4 კლასამდე სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო სკოლაში, შემდგომ თბილისის მესამე გიმნაზიაში - მე-8 კლასამდე; სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. სტუდენტობის განმავლობაში სამჯერ იყო დაპატიმრებული სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის და ამავე მიზეზის გამო გარიცხეს უნივერსიტეტიდან. მოგვიანებით დაამთავრა პეტროგრადის უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი.

პარტიულ მუშაობაში ჩაერთო 1902 წლიდან. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის პროპაგანდისტი მუშათა წრეებში; ავრცელებდა პროკლამაციებს, ორგანიზებას უწევდა გაფიცვებსა და მანიფესტაციებს, წერდა მარქსისტული პრესისათვის (თავდაპირველად ჟურნალ "კვალში“) პუბლიცისტურ, კრიტიკულ და სამეცნიერო-პოპულარულ წერილებს "გეორგიელი ლეოს“, "ბას“ და "L“-ის ფსევდონიმებით; 1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ "მენშევიკების“ ფრაქციაში; 1902 წლის შემდეგ კიდევ სამჯერ იყო პოლიტიკური საბაბით დაპატიმრებული და ორჯერ - თბილისიდან გასახლებული. პარალელურად მუშაობდა მასწავლებლად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კავკასიის დროებითმა მთავრობამ დანიშნა სამოსწავლო ოლქის კომისრად. ამავე პერიოდიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური ბეჭდვითი ორგანოების - გაზეთ "Борьба“-ს და "ერთობის“ რედაქტორი. იყო განათლების კომისიის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო, სარეგლამენტო და ხელოვნების კომისიების წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. ტიფით გარდაიცვალა 1922 წლის 3 თებერვალს, დილის 6 საათზე, თბილისში, ტიფის ეპიდემიის გამო. დაკრძალეს 6 თებერვალს საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში; ლეო ნათაძის დაკრძალვა დიდ ანტისაბჭოთა დემონსტრაციად იქცა. 1930-იან წლებში ქალაქის ხელისუფლებამ ლეო ნათაძის ოჯახს მოსთხოვა მისი ნეშტის პანთეონიდან გადასვენება. ოჯახმა საფლავის კვალი მოშალა და დაარწმუნა ხელისუფლება, რომ მოთხოვნა შეასრულა. მისი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა გადაწყდა, შთამომავლებმა მამის საფლავიც ხელახლა აღადგინეს.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.287; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი სოციალ–დემოკრატიული პარტიიდან (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება, წევრი

გააზიარე: