შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჯავრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ერთაწმინდა, კასპის რაიონი. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია. სასწავლებლის დამთავრებისთანავე გააგზავნეს თურქეთის ფრონტზე. იქიდან დაბრუნებული მოღვაწეობდა სპორტულ საზოგადოება "შევარდენში", შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისში, წმინდა ნინოს სასწავლებელსა და ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში. 1921 წელს გადავიდა ბათუმში და მრავალფეროვან სპორტულ მოღვაწეობას მიჰყო ხელი, მუშაობდა ფიზიკური აღზრდის ინსპექტორად. 1928 წელს იგი ცეკვების დამდგმელად მიიწვიეს მ. კუხიანიძისა და დ. ყუბანეიშვილის ხელმძღვანელობით არსებულ მომღერალთა გუნდში (ამჟამად ბათუმის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი). 1933 წლიდან, კი, ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერის თანამდებობაზე, სადაც 20 წლის მანძილზე იღვაწა. სწორედ აქ დააარსა მან 1934 წელს ქართული ქორეოგრაფიული სტუდია. ამ პერიოდში დადგა ცეკვები ოპერებში: "აბესალომ და ეთერი", "დარეჯან ცბიერი", "ქეთო და კოტე", "სამშობლო", "პატარა კახი", "დედა და შვილი", "კაკო ყაჩაღი", "ლაშქარი", "ლადო კეცხოველი", "ბაში აჩუკი", "დეპუტატი", "ღალატი", "დემონი", "ხევის ბერი გოჩა", "მზია", "ბახტრიონი", "იავნანამ რა ჰქმნა". 1938 წელს შალვა თაქთაქიშვილის მუსიკაზე, ვასილ ლიტვინენკოსთან ერთად დადგა ბალეტი "მალთაყვა". ეს იყო პირველი ქართული ბალეტი თანამედროვეობის ამსახველ თემაზე. 1934 წელს, პროფესიულ მოცეკვავეთა კადრების შექმნის მიზნით, თბილისში გახსნა უფასო ქორეოგრაფიული სტუდია, რომელსაც შემდეგ შეუერთდა მარია პერინის კერძო სტუდია. 1935 წელს ეს სტუდია გადაკეთდა სახელმწიფოდ და 1952 წლამდე დავით ჯავრიშვილი მისი დირექტორი იყო. 1936 წელს ქორეოგრაფიული სტუდიის ძალებით დგამს პ. ჩაიკოვსკის ბალეტ "მაკნატუნას" და სამუშაოდ იწვევს ევგენი მიქელაძესა და სოლიკო ვირსალაძეს. 1936-1937 წლებში მუშაობს დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში ქორეოგრაფიის ნაწილის ხელმძღვანელად. 1952 წლიდან მოღვაწეობას ეწევა თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, იგი იყო ამ სასწავლებლის ქორეოგრაფიული განყოფილების დამაარსებელი და ორგანიზატორი. ამავე პერიოდში "აბესალომ და ეთერში", "დაისსა" და "თამარ ცბიერში" დადგა რიგი ცეკვებისა და აჩვენა ქართული ქორეოგრაფიის მთელი მშვენება. 1935 წელს იგი ლონდონის ხალხური ცეკვების საერთაშორისო ფესტივალზე ქართველ მოცეკვავეთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. 1937-1938 წლებში დ. ჯავრიშვილი მოსკოვში გამართულ საკავშირო აღლუმზე მონაწილე საქართველოს სპორტსმენთა დელეგაციის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მან სპორტული პროგრამა ქართული ცეკვის ელემენტებით გაამდიდრა. 1939 წელს მოსკოვში დიდი თეატრის სცენაზე დადგა ქართული ცეკვები ოპერა "აბესალომი და ეთერი" (რეჟისორი სიმონოვი). 1937-1940 წლებში მიიწვიეს ხარკოვის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერების "დემონის", "დაისის"ცეკვების დასადგმელად, 1941 წელს კი ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერა "დაისში" ცეკვების დასადგმელად. 1952-1955 წლებში - მოსკოვისა და ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებლებში პედაგოგებისა და უფროსკურსელი მოსწავლეთათვის ქართულ ქორეოგრაფიაში სემინარების ჩასატარებლად. იგი წლების მანძილზე ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში, ზრდიდა მომავალ ქორეოგრაფებს. ჯავრიშვილმა შემოიღო ქორეოგრაფიული ნიმუშების ჩასაწერად პირობითი გრაფიკული ნიშნები, რომლებსაც დღესაც ფართოდ იყენებენ. პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად იგი თეორიულ-სამეცნიერო საქმიანობასაც ეწეოდა. მის კალამს ეკუთვნის ქორეოგრაფიის საკითხებისადმი მიძღვნილი მრავალი სტატია და წიგნები: "ქართული ხალხური ცეკვები", "ქართველ ქალთა ცეკვები", ცეკვა "ქართული", "ფერხული", "მთიულური ცეკვები", "ქართული ცეკვის ჩასაწერი პირობითი ნიშნები" და სხვა. ამას მოჰყვა 1951 წელს ბერლინის საერთაშორისო ფესტივალი და 1955 წელს ვარშავაში გამართული ახალგაზრდობისა და სტუდენტთა V მსოფლიო ფესტივალი, რომლის ხელმძღვანელობა გამოცდილ ქორეოგრაფს მიანდეს. საქართველოში არც ერთი ფესტივალი, ოლიმპიადა თუ რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარებულა, რომელშიაც მას თავისი წვლილი არ შეეტანა. ოლიმპიადების უკეთ ჩატარებისათვის მან საინსტრუქციო-მეთოდური წერილებიც კი შეიმუშავა. იგი პირველი ქორეოგრაფია, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ, მოსკოვის, პეტერბურგის, ხარკოვისა და ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრებში დადგმულ ქართულ ოპერებში ცეკვების დადგმა განახორციელა. 1954 წელს მიიწვიეს საბჭოთა კავშირის ცეკვების ანსამბლში (იგ. მოისეევის ხელმძღვანელობით) ცეკვების დასადგმელად. 1952-1953 წლებში კი ხშირად იმყოფებოდა მოსკოვისა და პეტერბურგის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ქართული ხალხური ქორეოგრაფიის შესახებ სემინარების ჩასატარებლად. მის კალამს ეკუთვნის ქორეოგრაფიის საკითხებისადმი მიძღვნილი მრავალი სტატია და წიგნი: "ქართული ხალხური ცეკვები", "ქართველ ქალთა ცეკვები", ცეკვა "ქართული", "ფერხული", "მთიულური ცეკვები". მთელი მისი არქივი, შემოქმედებითი მასალა, ესკიზები, ჩანახატები, კინოფირები, კოსტუმები და მემორიალური ნივთები 2009 წელს გადაეცა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს. ჯავრიშვილს ხშირად უწოდებდნენ ქართული ქორეოგრაფიის მამას, სპორტის ჯადოქარს. მის სახელთან მჭიდროდაა დაკავშირებული ქართული კლასიკური ქორეოგრაფიის განვითარება, მან 80-მდე ქართული ხალხური ცეკვის სცენური სახე შექმნა. ქორეოგრაფი, ქართული მხატვრული ტანვარჯიშის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ცნობილი ბალეტმაისტერი და ეროვნული ქორეოგრაფიის მკვლევარი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.422; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.10-11 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |