The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრია კრასნოვი

ანდრია კრასნოვი
Date of birth:27 September, 1862
Date of death:19 December, 1914  (at 52 years)
Burial location:ბათუმის ბოტანიკური ბაღი
Category:Geographer, Scientist, Explorer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1885 წელს.

1889-1911 წლებში იყო ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორი. ანდრია კრასნოვი საქართველოში 1890 წელს ჩამოვიდა სტუდენტებთან ერთად, მათ შეისწავლეს სვანეთის ფლორა, საყურადღებოა, რომ ამ დიდი მეცნიერის 300 ნაშრომიდან 80 საქართველოს ეძღვნება. მის ნაშრომებში ასახულია შუა აზიის, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ველების, აზიის სუბტროპიკული მეჩაიეობის რაიონების თანამედროვე მცენარეულობა და მათი ისტორიული განვითარება. ანდრია კრასნოვს სწამდა და სხვებსაც არწმუნებდა, რომ ციებ-ცხელებიანი კოლხეთი, მისი გაჯანსაღების შემდეგ, ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის კუთხედ გარდაიქმნებოდა. "მიეცით მშრომელებს ცოდნა, ეს არხები, ჭაობს დააშრობს, აყვავებულ სავარგულად გადააქცევს და გადაარჩენს ადამიანებს უვიცობის დამღუპველი წყლულებისაგან". დედამიწის ირგვლივ მოგზაურობისა და დამქანცველი შრომის შემდეგ, 1909 წელს, იგი განმეორებით ჩამოვიდა "ევროპის ყველაზე ორიგინალურ და გასაოცარ მხარეში", რათა განეხორციელებინა თავისი ჩანაფიქრი - დაეარსებინა ბოტანიკური ბაღი. მეცნიერმა აუცილებლად ჩათვალა ამ იდეის დაკავშირება ბათუმელი ექიმების სურვილთან, კურორტად გადაექციათ ქალაქის შემოგარენი. ეს ექიმები იყვნენ: ა. თუმანიშვილი, ს. სოლოვკინი, გ. ელიავა, მ. ფენსტერი. კ. მხეიძე, დ. კუზიატინი და სხვ. 1910 წლის აგვისტოში ანდრია კრასნოვი ბათუმის სოფლის მეურნეთა საზოგადოების საკურორტო სექციის სხდომაზე გამოვიდა მოხსენებით: "რა შეიძლება გაკეთდეს ბათუმის კლიმატის პირობებში". სექციის წევრები ძირითადად ექიმები იყვნენ და გადაწყდა კიდეც, რომ გაერთიანებულიყო ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი, სამეურნეო ძალები ერთი მიზნისათვის – ებრძოლათ ჭაობის ციებ-ცხელების წინააღმდეგ და ქალაქი გადაექციათ ნამდვილ კურორტად. ბათუმის კლიმატს ანდრია კრასნოვი ადარებდა იაპონიის, ნიცის და მონტე-კარლოს ჰავას. ის ამტკიცებდა, რომ მალე აქ ხალხი ფინიკის პალმების ხეივანში ისეირნებდა. "თუ მკითხველს ჩემი არ სჯერა, – წერდა მეცნიერი – შეინახოს ეს ფურცელი და იგი მეოთხედი საუკუნის შემდეგ სინამდვილეს შეადაროს". 1912 წელს ანდრია კრასნოვი ბათუმში საცხოვრებლად გადავიდა, სათავეში ჩაუდგა სოფლის მეურნეთა საზოგადოებას და ჟურნალ "რუსსკიე ტროპიკის" რედაქტორი გახდა. ამან კიდევ უფრო დაახლოვა ბათუმელ ექიმებთან. იმავე წელს ჟურნალის მეათე ნომერში მოათავსა სტატია "ქინაქინის ხე და მისი გაშენება ბათუმის სანაპიროზე". ამას პრაქტიკული შედეგიც მოყვა. მწვანე კონცხზე დარგეს 500-მდე ქინაქინის ხე, რომელსაც მეცნიერი სამრეწველო მნიშვნელობასაც ანიჭებდა და გათვლილი ჰქონდა მოსახლეობის მეტად საჭირო წამლით, ქინაქინით მოსამარაგებლად. 1912 წლის 3 ნოემბერს, ანდრია კრასნოვის ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით, მწვანე კონცხზე საზეიმოდ გაიხსნა ბოტანიკური ბაღი, რომელიც მალე დიდ სამეცნიერო და სასწავლო ბაზად გადაიქცა. მისი გარდაცვალების შემდეგ, რასაც დაემთხვა პირველი მსოფლიო ომის დაწყებაც, ბოტანიკური ბაღი ძალზე დაზარალდა. მრაგალი სანერგე განადგურდა, ქინაქინის ხეებიც დაიღუპა. ანდრია კრასნოვის დიდი ძალისხმევის შედეგად უნაყოფო ჭაობიანი კოლხეთის მიწა, მწვანე კონცხი გადაიქცა აყვავებულ სუბტროპიკულ ადგილად, სადაც უსარგებლო სარეველების, ბუჩქნარისა და ეკალ-ბარდის ნაცვლად გაშენდა უიშვიათესი სუბტროპიკული მცენარეები, მოისპო მალარიის ბუდე და შეიქმნა მოსახლეობის მასობრივი დასვენებისა და მკურნალობის ცენტრი. კავკასიაში ჩაისა და ციტრუსების კულტურის გაშენების ერთ-ერთი ინიციატორი. რუსი ბოტანიკოსი და გეოგრაფი. 

წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.103-104; ქართული ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.17; 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.147; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.204

Bibliography


Share: