The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ექვთიმე მთაწმინდელი

ექვთიმე მთაწმინდელი
სხვა სახელი:ეფთვიმე მთაწმინდელი
დაბადების თარიღი:955
გარდაცვ. თარიღი:1028
კატეგორია:მთარგმნელი, სასულიერო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

ექვთიმე(ეფთვმე) მთაწმიდელი იყო ქართველი მთარგმნელი და სასულიერო მოღვაწე, ათონის სალიტერატურო სკოლის მამამთავარი, 1005-1019 ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი. ექვთიმე მთაწმიდელის მამა, სამცხის ერთ-ერთი დიდებული იოანე ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი, თორნიკე ერისთავის  ძმა, ქართველთა სამონასტრო კოლონიის ფუძემდებელი იყო ათონზე. მისი ბერად აღკვეცის შემდეგ მცირეწლოვანი ექვთიმეს აღზრდა იოანეს სიმამრმა და ცოლისძმებმა იკისრეს. ამ ხანებში ბიზანტიის იმპერატორმა დავით კურაპალატს "ზემონი ქუეყანანი" დაუთმო და მძევლად აზნაურთა შვილები მოითხოვა. მძევალთა შორის აღმოჩნდა ექვთიმეც. იოანემ იმპერატორის ნებართვით შვილი დაიბრუნა და ულუმბოს მთაზე მიიყვანა. 965 წელს იოანე ათონის მთაზე გადასახლდა და აღანასეს ლავრაში დაემკვიდრა. მას თან გაჰყვა ექვთიმე და რამდენიმე მოწაფე. იოანეს გარდაცვალების შემდეგ ექვთიმე მთაწმიდელი ივერთა მონასტრის წინამძღვარი გახდა. პრაქტიკული საქმიანობა აფერხებდა მის ლიტერატურულ მუშაობას. 14 წლის შემდეგ მან დატოვა წინამძღვრის თანამდებობა. ექვთიმე მთაწმიდელის ღვაწლი აღწერა გიორგი მთაწმინდელმა. ლიტერატურული მოღვაწეობა ექვთიმე მთაწმიდელმა 975-977 წლებში დაიწყო. იგი ბავშვობიდანვე ფლობდა ბერძნულ ენას; თარგმნიდა არა მარტო ბერძნულიდან ქართულად, არამედ ქართულიდან ბერძნულადაც.(ბიოგრაფი ასახელებს "ბალაჰვარს"("სიბრძნე ბალაჰვარისი" და  "აბუკურას"). ექვთიმე მთაწმინდელს ბერძნულადაც დაუწერია თხზულება სამონაზვნო ცხოვრების წესების შესახებ. ექვთიმე მთაწმიდელმა დიდი წვლილი შეიტანა ბიზანტიური კულტურის გაცნობისა და ათვისების საქმეში. მან ქართული მწერლობა გაამდიდრა ბიზანტიელი მოღვაწეების თხზულებათა თარგმანებით. არ დარჩენილა არც ერთი დარგი სასულიერო მწერლობისა, რომელშიც ექვთიმე მთაწმიდელს განსაკუთრებული დამსახურება არ მიუძღოდეს. ძველი და ახალი აღთქმის წიგნთაგან ექვთიმე მთაწმიდელმა თარგმნა სახარება-ოთხთავი, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება(აპოკალიფსი) და დავითნი; მის მიერ თარგმნილ ეგზეგეტიკურ თხზულებათაგან აღსანიშნავია ანდრია კრიტელის "თარგმანი იოანე მახარებლის ხილვისაჲ", იოანე ოქროპირის "თარგმანებაი იოანეს სახარებისაი", "თარგმანებაი მათეს სახარებისაი", ბასილი კესარიელის "თარგმანებაი ფსალმუნისაი" და "ითიკა", გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ნაზიანზელის, მაქსიმე აღმსარებლისა და სხვათს ეგზეგეტიკური თხზულებანი. მანვე თარგმნა ასკეტურ-მისტიკური ხასიათის მრავალი ძეგლი, მათ შორის  გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელის, იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებლის ეფრემ ასურის თხზულებები "სწავლანი სულიერნი", გრიგოლ I  დიდის დიალოგები, იოანე სინელის "კლემაქსი", ანდრია კრეტელის "ამაოებისას კაცობრივთა საქმეთა და შესუენებულთათვის" და სხვ. ექვთიმე მთაწმიდელმა თარგმნა მრავალი ჰომილეტიკური ძეგლი, მათ შორის იოანე ოქროპირის ჰომილეტიკური კრებული "მარგალიტი". ექვთიმე მთაწმიდელმა ჰაგიოგრაფიაშიც დატოვა ღრმა კვალი, თარგმნა კიმენური და მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. სიმეონ მეტაფრასტის ნაწარმოებთაგან ექვთიმე მთაწმიდლის თარგმნილია რომის პაპის კლიმენტის და პროკოპი დუქსის წამებანი და სხვა. ნაყოფირად იღვწოდა ლიტურგიკის დარგშიც. ათონის ივერთა სავანეს შეუქმნა სამონასტრო წესი, თარგმნა "მცირე სვნაქსარი", ანდრია კრეტელის "დიდი კანონი", წმინდანთა "გალობანი" და სხვ. ექვთიმე მთაწმიდელმა შეადგინა ნუსხა იმ წიგნებისა, რომლებიც საბერძნეთში აპოკრიფულად იყო მიჩნეული, ამ ნუსხით ის აფრთხილებდა ქართველებს, თავი შეეკავებინათ აპოკრიფული წიგნების კითხვისაგან. მიუხედავად ამისა, ექვთიმე მთაწმიდელმა თავად თარგმნა რამდენიმე აპოკრიფული საკითხავი და თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ამ დარგის განვითარებაშიც. ექვთიმე მთაწმიდელის მიერ ბერძნულიდან თარგმნილი კანონიკური სამართლეებრივი ძეგლები-VI მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები და ე. წ. მცირე სჯულისკანონი დედნის მხოლოდ თარგმანი კი არ არის, არამედ "მთარგმნელის მიერ გადაკეთებული და განმარტებებით შემკული რედაქცია"( ივანე ჯავახიშვილი). ექვთიმე მთაწმიდლის ეს შრომა შეფარდებული იყო ქართულ სინამდვილესთან. მან გავლენა მოახდინა შუა საუკუნის საქართველოში სამართლის განვითარებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექვთიმე მთაწმიდლის მოძღვრება დანაშაულის სუბიექტური მხარის შესახებ, რაც მან თავისი თარგმანის განმარტებითს ნაწილში მკვლელობის სხვადასხვა შემთხვევის განხილვისას ჩამოაყალიბა. ბრალის ძირითად ფორმად ექვთიმე მთწმინდელს განზრახვა ესახება და მისთვის დამახასიათებლად მიაჩნია "ნებსითი" დამოკიდებულება ქმედობისადმი. ზოგი მკვლელობა "განზრახვითია", ზოგი "უნებელი", მაგრამ მათი გრადაციები ბევრნაირია. ექვთიმე მთაწმიდელთან უკვე ვხვდებით გაუფრთხილებობისა და შემთხვევის ცნებათა ჩანასახს. ზოგადად დანაშაულის სუბიექტური მხარის დახასიათებისას ექვთიმე მთაწმიდელი განიხილავს ქმედობის მოტივებსაც, სახავს ბრალის შემამსუქებელსა და დამამძიმებელ გარემოებებს და ა. შ. იგი უფრო მცირე ასაკიდან აკისრებს პირს ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისმგებლობას, ვიდრე ბიზანტიური სამართალი. ფილოსოფიისადმი ექვთიმე მთაწმიდლის ინტერესის მაჩვენებელია იოანე დამასკელის შრომათა თარგმანები. მას ბერძნულიდან ქართულად უთარგმნია "სარწმუნოებისათვს"(იგივე "წინამძღუარი"), რომელიც იოანე დამასკელის "გარდამოცემის" შემოკლებული რედაქციაა. ეს ძეგლი 24 სტატიისაგან შედგება. "გარდამოცემის" პარალელურად მას დამასკელის სხვა შრომებიც გამოუყენებია და მისთვის ჩვეული გამოკრებილი რედაქცია შეუქმნია. ექვთიმე მთაწმიდელს უთარგმნია აგრეთვე იოანე დამასკელის "ორისა ბუნებისათვს ქრისტესსა". აქ მთარგმნელს დამასკელის ანტიმონოთეისტური თხზულებებიდან ამოღებული ციტატების საფუძველზე თავისებური კრებული შეუდგენია. ექვთიმე მთაწმიდლის თარგმანები უაღრესად თავისებურია. მისთვის უცხოა დედნის ტექსტის სიტყვასიტყვით გადმოღება. ის ავრცობდა ან ამოკლებდა სათარგმნელ თხზულებას, შეჰქონდა სხვადასხვა წყაროდან ამოკრებული ცნობები და ხშირად-საკუთარი დამატებები და კომენტარები. ეფრემ მცირის თქმით, მას "ხელეწიფებოდა შემატებიცა და კლებაიცა". ტექსტს განსაკუთრებით მაშინ განავრცობდა, როდესაც ამა თუ იმ თხზულებაში საქართველოს ან ქართველობის შესახებ იყო საუბარი; იმ შემთხვევაშიც, როდესაც სათარგმნელი თხზულების ესა თუ ის ადგილი, მისი აზრით, განმარტებას საჭიროებდა. ამგვარი კომენტარები მას საკუთრივ ტექსტში შეჰქონდა. ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანებისათვის დამახასიათებელია ვრცელი "შემატებანი". მას მოაქვს ციტატები ძველი და ახალი აღქმის წიგნებიდან, სხვადასხვა ჰაგიოგრაფიული ძეგლიდან და ა. შ. ხშირად მოკლედ თქმულს საგრძნობლად ავრცობდა და თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევდა, ამიტომ საკმაოდ ძნელი გასარკვევია და კვლევის საგნად რჩება, რა ეკუთვნის ამ "შემატებათაგან" ექვთიმე მთაწმიდელს და რა-სხვა რომელიმე ავტორს. მის თარგმანებში ვხვდებით ეტიმოლოგიურ ძიებებს, რომელთა ნაწილი სხვადასხვა წყაროდან არის ამოღებული, ნაწილი კი ექვთიმე მთაწმიდელს უნდა ეკუთვნოდეს. თარგმანებში ტექსტის შემოკლების შემთხვევები გაცილებით უფრო იშვიათია, ვიდრე გავრცობისა. ექვთიმე მთაწმინდელის მიერ თარგმნილი ნაწარმოებები თითქოს ახალი დამოუკიდებელი რედაქციებია. სათარგმნელი მასალი შერჩევისას და თვით თარგმნის პროცესშიც მას მხედველობაში ჰქონდა თანამემამულეების ინტელექტუალური მოთხოვნილებანი და განვითარების დონე. ექვთიმე მთაწმინდელის მიზანი იყო ქართველი მკითხველისათვის გაეადვილებინა ბიზანტიური მწერლების გაგება და ათვისება. ეფრემ მცირის თქმით, ექვთიმე მთაწმიდელმა საგრძნობლად გააღრმავა ქართველი მკითხველის ცოდნის სფერო. ექვთიმე მთაწმიდლის თარგმანების ენა სადა და დახვეწილია, თხრობა-ყოველთვის ლაღი და ბუნებრივი. ბიოგრაფის სიტყვით, მან "აღაყუავა ენაი ჩუენი და ქუეყანაი თარგმანებითა წმინდათა წერილთაითა და ყოველნივე განაკვრნა, რამეთუ ეგევითარი თარგმანი არღარა გამოჩინებულ არს ენასა ჩუენსა და ვჰგონებ თუ, არცაღა გამოჩინებად არს." ექვთიმე მთაწმიდლის მთარგმნელობითი მეთოდი დიდხანს გეზს აძლევდა და განსაზღვრავდა ქართველ მთარგმნელთა მუშაობას. მაგრამ თანდათან თავი იჩინა ზუსტი თარგმანისაკენ მიდრეკილებამ. ახალი მიმართულების ბრწყინვალე პრაქტიკული ნიმუში და მეცნიერული დასაბუთება მოცემულია ეფრემ მცირის შრომებში. დიდი სასულიერო მოღვაწე ქართული და ბერძნული ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად და ეწიდა ღირსი ექვთიმე. მისი ხსენების დღეა 13(26) მაისი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.114; http://ka.wikipedia.org/wiki/ექვთიმე_მთაწმიდელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: