The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ პაპიაშვილი

ოთარ პაპიაშვილი
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1932  (92 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

პედაგოგები იყვნენ: შ. აბაშიძე, მ. ბახტაძე, ა. ჩიხლაძე, გრ. და კ. ჩივაძეები. ჯანო ბაგრატიონმა ქართულ საესტრადო ანსამბლში მოცეკვავედ მიიღო. საბჭოთა არმიის რიგებში მყოფი მუშაობდა საბჭოთა ჯარების სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში სოლისტად და ქორეოგრაფიის ასისტენტად. 1954 წლიდან მან თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში დაიწყო მუშაობა ქორეოგრაფ გ. დარახველიძის ხელმძღვანელობით. 1957 წელს მონაწილეობდა სტუდენტი ახალგაზრდობის მოსკოვის VI მსოფლიო ფესტივალში და  ფესტივალის ლაურეატის წოდებაც მიიღო. 1958 წელს კი მონაწილეობა მიიღო ბრიუსელის მსოფლიო გამოფენაზე გამართულ საკონცერტო ღონისძიებებში. 1959 წელს ამიერკავკასიის რკინიგზელთა სახლთან ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომელიც ორგანყოფილებიანი პროგრამით წარსდგა ვენაში გამართულ ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალზე (ფესტივალის ლაურეატი). ამავე წელს რეჟისორ ვ. ყუშიტაშვილთან ერთად გორში მოამზადა მხატვრული თვითმოქმედების კოლექტივი, რომელიც წარმატერბით გამოვიდა რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე. 1962 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის საქალაქო საბჭოს კეთილმოწყობის სამმართველოსთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ "სალაღობოს". სხვადასხვა დროს ნაყოფიერად მუშაობდა: გორში, დუშეთში, ტყიბულში, ლენტეხში, სენაკში, ლანჩხუთში, ხაშურში, ჩერკასკში, დერბენდში, ოდესაში. ცეკვები აქვს დადგმული საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის პროფესიულ კოლექტივებში, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო თეატრში, ჩერქეზეთის ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ელბრუსში". 1972 წლიდან იყო დაღესტნის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი. იგი ორიგინალური ქორეოგრაფიული დადგმების ავტორია, მათ შორის გამოირჩევა: "შეცილება", "ორი მეგობარი", "სალაღობო", "სამასი არაგველი", " თბილისის ცაზე ფრიალებს წითელი დროშა" და სხვა. მისმა ანსამბლებმა წარმატებით იმოგზაურეს უნგრეთში, ავსტრიაში, რუმინეთში, იტალიაში, პოლონეთსა და იუგოსლავიაში.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 387; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.70; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.100-101; შინ და გარეთ გახარჯული ნიჭი : ქორეოგრაფ ო. პაპიაშვილის შესახებ / ო. გორდელი // კომუნისტი. - თბილისი, 1984. - 15 მარტი.-გვ.4

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: