შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ვარაზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუხლი, ყოფილი რაჭის მაზრა. დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკური სასწავლებელი და პეტერბურგის სარკინიგზო ინსტიტუტი. სწავლა განაგრძო შვეიცარიაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის მშენებლობაზე. ააშენა წალკის ხიდი. I მსოფლიო ომის დროს მიიღო ინჟინერ-პოლკოვნიკის წოდება და ხელმძღვანელობდა ბაქო-ჯულფის და ერზრუმი-სარიყამიშის რკინიგზის მშენებლობას. საქართველოში ჭიათურის მანგანუმის მადნის მრეწველობის განვითარებით დაინტერესებულმა ძმებმა ივანე და ისიდორე ვარაზაშვილებმა ნიკო ნიკოლაძესთან ერთდ 1918 წელს დააარსეს ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა აქციონერული საზოგადოება. ამ საზოგადოებაში ძმები ივანე და ისიდორე ვარაზაშვილები იყვნენ ამხანაგობა "ძმები ივ. და ის. ვარაზაშვილების" მფლობელები და მონაწილეობდნენ ხელშეკრულების დადებაში(1925) კომპანია "ჰარიმან ბრაზერს ენდ kº-თან", კონცესიის გადაცემასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების სამი დედნიდან ერთი ჩაბარდა ივ. ვარაზაშვილს(ეს დედანი დაცულია საქართეველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში). ძმების გაწონასწორებული დიპლომატიური და უცხოეთთან მათი ფართო კავშირების გამო საბჭოთა მთავრობა მათ არ ზღუდავდა. მანგანუმის მადნის საექსპორტო კავშირების მოსაპოვებლად ივანე და ისიდორე ვარაზაშვილები 1922 წელს გაემგზავრნენ გერმანიაში, სადაც მათ შეუერთდა ბერლინში მყოფი მათი სტუდენტი ძმა გიორგი. ძმებმა თავისი ინიციატივით და სახსრებით, გერმანელ ქართველოლოგ რ. მეკელაინთან ერთად ბერლინში დააარსეს "რუსთაველის საზოგადოება", რომლის ქართველი წევრები იყვნენ ივანე, ისიდორე და გიორგი("რუსთაველის საზოგადოების" მდივანი), მ. შანიძე(აკაკი შანიძის ძმა), გ. დიასამიძე და ლ. ხოჭოლავა. ისინი დიდ დახმარებას უწევდნენ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს. მათვე დააარსეს გამომცემლობა "ახლო აღმოსავლეთი"("Naher Osten") და ჟურნალი "მორგენლანდი"("das Morgenland"), რომელსაც რ. მეკელაინი რედაქტორობდა. უცხოეთი მყოფ ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად აქ დაიბეჭდა "გერმანული ენის სახელმძღვანელო ქრესტომათიითა და ლექსიკონით". ეხმარებოდნენ ასევე საქართველოში ქართული ჟურნალ-გაზეთების გამომცემლებს. მშობლიურ ენასთან ერთად ივანე ვარაზაშვილი ფლობდა რუსულ, ფრანგულ, გერმანულ და ირანულ ენებს. 1928 წელს შაჰის მთავრობის მიწვევით იგი ირანს გაემგზავრა, სადაც მნიშვნელოვანი სარკინიგზო მშენებლობის ხელმძღვანელად დანიშნეს. აქ იგი გაეცნო ფერეიდნელ ქართველთა ცხოვრებას. საბჭოური რეპრესიების გამო იგი საცხოვრებლად ირანში დარჩა. II მსოფლიო ომის წლებში ივანე ვარაზაშვილმა დიდი თანხა გაიღო საბჭოთა ავიაციის განვითარებისათვის. დიდ ყურადღებას იჩენდა პირველ რიგში, უცხოეთი მყოფი ქართველი სტუდენტების მიმართ. მზრუნველობას არ აკლებდა უმცროს ძმებს. ინჟინერ-პოლკოვნიკი, სპეციალისტი რკინიგზის ტრანსპორტის დარგში, ქველმოქმედი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.164
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |