The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი პატარაია

გიორგი პატარაია
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1920
გარდაცვ. თარიღი:19 იანვარი, 1991  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩიბათი, ლანჩხუთის რაიონი.

ქორეოგრაფიულ ხელოვნებას ეზიარა კ. ჩივაძის სტუდიაში. 1936 წელს გაიმარჯვა მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე და ჩაირიცხა აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, გამოჩენილი ლოტბარის ს. კავსაძისა და ქორეოგრაფ ი. სუხიშვილის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდიდან მისი მოღვაწეობა მჭიდროდ უკავშირდება კ. ლოლაძის შემოქმედებას. პატარაიასა და ლოლაძის დუეტი ათეული წლები ემსახურა ქართული ცეკვის განვითარებასა და პოპულარიზაციას. 1938-1939 წლებში ცეკვავდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიასთან არსებულ ხალხური ცეკვის ანსამბლში. 1940 წელს მოსკოვში ჩამოაყალიბეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სიმღერისა და ცეკვის საკავშირო ანსამბლი. ამ კოლექტივში პატარაია ღირსეულად თანამშრომლობდა ნ. რამიშვილთან, ი. სუხიშვილთან და კ. ლოლაძესთან. 1941 წელს კაუნასში ბოლო კონცერტის ჩატარების შემდეგ ანსამბლი მოსკოვში დაბრუნდა და კონცერტებს მართავდა ფრონტის წინა ხაზზე. 1944 წლიდან თბილისში დაბრუნებული მიიწვიეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლისტად. 1945 წელს თბილისში დაარსდა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, რომლის პირველი სოლისტი გ. პატარაია იყო.1947-1959 წლებში იგი ჩეხოსლოვაკიასა და უნგრეთში გამართული მსოფლიო ახალგაზრდობის I და II ფესტივალის ლაურეატია. 1963 წელს მიიწვიეს სირიაში, დამასკოში, სადაც ჩამოაყალიბა ეროვნული ცეკვის ანსამბლი, დადგა სირიელი კომპოზიტორის მ. მასრის ბალეტი "დედა და სამშობლო". ქართული რეპერტუარიდან ცეკვავდა გრ. კილაძის "სინათლეში", ვ. დოლიძის "ქეთო და კოტეში", ა. ანდრიაშვილის "კაკო ყაჩაღში", შ. მშველიძის "ამბავი ტარიელისაში". სხვა რეპერტუარიდან მონაწილეობდა მინკუსის "დონ კიხოტში", ჩაიკოვსკის "გედების ტბაში", ოპერა "მაზეპაში". გასტროლებით წარგზავნილი იყო ბევრ ქვეყანაში: ინგლისი, ნორვეგია, დანია, ფინეთი, იტალია, ირანი, ერაყი, პოლონეთი. პატარაია დაჯილდოებულია საბრძოლო მედლებით, საპატიო სიგელებითა და დიპლომებით. გარკვეული ხანი მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 388; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988., გვ.245-246

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: