The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურჯი მეჰმედ-ფაშა

დაბადების თარიღი:1536
გარდაცვ. თარიღი:13 ივლისი, 1626  (90 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ეიუბის მავზოლეუმი, სტამბოლი (თურქეთი)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, კაიმაკამი (დიდი ვეზირის მოვალეობის შემსრულებელი), დიდი ვეზირი. ეროვნებით ქართველი. ახალგაზრდობისას დაატყვევეს და ოსმალეთში მონად გაყიდეს. სულეიმან I-ის მეფობის ბოლო წლებში დიდმა ვეზირმა სემიზ ალი-ფაშამ თავისი თეთრი საჭურისი მონა გურჯი მეჰმედ-ფაშა სასახლეში მიიყვანა. იგი მალე დაწინაურდა: ჯერ სასახლის თეთრკანიანი მონების უფროსად დანიშნეს, შემდეგ სახასო ოდაბაშის თანამდებობა უბოძეს, რითაც იგი სულთნის უახლოესი პირი გახდა. 1604 წელს მესამე ვეზირის წოდება მიიღო, რამდენიმე დღეში კი ეგვიპტის ვალად (გამგებლად) დაინიშნა, სადაც აჯანყებულების დასჯა და წესრიგის დამყარება მოუხდა; 1605–1608 წლებში ბოსნიის, 1608–1609წწ. კი დამასკის ვალი იყო; 1610 წელს კაიმაკამად დანიშნეს. 1612 არზრუმის ვალის თანამდებობა მიიღო, მაგრამ სტამბოლში დარჩა და 1613 წელს სულთნის ქ. ედირნეში გამგზავრებასთან დაკავშირებით ისევ კაიმაკამობა დაევალა. სწორედ ამ პერიოდში შაჰ-აბასმა დაარღვია 1612 წლის საზავო ხელშეკრულება და საქართველო დალაშქრა. ქართლკახეთის მეფეებმა დახმარებისათვის სულთანს მიმართეს, თავიანთი ელჩები სტამბოლში გაგზავნეს და სულთანს შაჰის საქართველოზე თავდასხმა შეატყობინეს. სავარაუდოა, რომ სტამბოლში ჩასულმა ქართველებმა დიდი გავლენის მქონე გურჯი მეჰმედ-ფაშას დახმარება სთხოვეს. სულთანმა ირანს ზავის პირობების დარღვევა დააბრალა და 1615 წელს ირანის წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა. დიდი ვეზირის მოვალეობის შესრულება კვლავ გურჯი მეჰმედ-ფაშას დაევალა. 1617 წელს სულთან აჰმედ I-ის სიკვდილის შემდეგ, ოსმალეთში სასახლის კარზე რამდენიმე გადატრიალება მოხდა. ბოლოს, სულთან მუსტაფა I-ის ზეობის დროს (1617–1618, 1622–1623), დიდ ვეზირად დაინიშნა (1622 წელს). მან გადამწყვეტი ზომები მიიღო სახელმწიფოში წესრიგის დასამყარებლად, ფულის კურსის განსამტკიცებლად, ალაგმა ზაპოროჟიელ კაზაკთა თავდასხმები. სწორედ მისი დიდების დროს უნდა ჩასულიყო სტამბოლში თეიმურაზ I დახმარების სათხოვნელად, მაგრამ მძიმე საშინაო პირობების გამო ოსმალეთმა ვერ შეძლო მისი დახმარება. სასახლის დიდ მოხელეთა ერთი ნაწილისა და იენიჩართა მოთხოვნით, რომელთაც არ მოსწონდათ გურჯი მეჰმედ-ფაშას მოღვაწეობა, იგი გადააყენეს და კუნძულ როდოსზე გაგზავნეს. 14 წლის მურად IV-ის გამეფების შემდეგ კი უკან დააბრუნეს და მეორე ვეზირად დანიშნეს. მალე დიდი ვეზირი ჩერქეზ მეჰმედ-ფაშა ანატოლიაში წავიდა და მისი მოვალეობის შემსრულებლად კვლავ გურჯი მეჰმედ-ფაშა დანიშნეს (1624). სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ქართველების აჯანყება გიორგი სააკაძის მეთაურობით ირანელთა წინააღმდეგ; 1625 წელს ქართველთა დელეგაცია სტამბოლში ჩავიდა დახმარების სათხოვნელად. ცხადია, ქართველები გურჯი მეჰმედ-ფაშას მიმართავდნენ, რადგან მურად IV მცირეწლოვანი იყო. მათი თხოვნა დაკმაყოფილდა, რასაც ადასტურებს მურად IV-ის მიერ დიდი მოურავის სახელზე გაცემული სიგელი. გურჯი მეჰმედ-ფაშას მოღვაწეობა არ მოსწონდათ გარკვეულ ძალებს, განსაკუთრებით იენიჩრებს, ისინი აჯანყდნენ და მისი დასჯა მოითხოვეს. 90 წლის ვეზირი სიკვდილით დასაჯეს. ოსმალური და ევროპული წყაროები ერთხმად აღიარებენ, რომ გურჯი მეჰმედ-ფაშა იყო ჭკვიანი, ღირსეული, ენერგიული და მტკიცე ნებისყოფის ადამიანი. მუსტაფა ნაიმა წერს: გურჯი მეჰმედ-ფაშას "კაიმაკამობისას ბედნიერების დედაქალაქს დიდხანს სრული დამოუკიდებლობით, სიძლიერით და დიდებით მართავდა. იყო გონიერი, მტკიცე ნების, ღირსეული ვეზირი". პოლონელი ელჩი კ. ბრაჟევსკი წერდა: "საერთო აზრით იგი იყო არაჩვეულებრივად ჭკვიანი ადამიანი". გურჯი მეჰმედ-ფაშას ძმა იყო არზრუმის ბეგლარბეგი გურჯი ჰუსეინ-ფაშა, მისი სიძე – აბაზა მეჰმედ-ფაშა.

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: ტ.2.-თბ.,2012.-გვ.232-233ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ. 104


გააზიარე: