The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დათა ვაჩნაძე

დათა ვაჩნაძე
ოფიციალური სახელი:დავით ვაჩნაძე
დაბადების თარიღი:4 აგვისტო, 1884
გარდაცვ. თარიღი:23 იანვარი, 1962  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ლილო, დაბა თბილისის შემადგენლობაში.

1894-1902 წლებში სწავლობდა თბილისის კადეტთა კორპუსში. 1904 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელი.

1904-1905 წლებში მსახურობდა მესანგრეთა ბატალიონში თავდაპირველად ვარშავაში, ხოლო 1905-1907 წლებში თბილისში. 1907 წლიდან მსახურობდა დაღესტანში. პირადი სურვილით სამხედრო სამსახურს თავი დაანება, თბილისში დაბრუნდა და ჩაება საზოგადოებრივ და სამეურნეო საქმიანობაში. 1909-1910 წლებში მონაწილეობდა  სასოფლო-სამეურნეო და საკრედიტო კოოპერაციის საქმიანობაში. სოფელ  ლილოში დააარსა მერძევეობის ამხანაგობა "ლილო". იყო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკთან არსებული კომისიის წევრი. კომისის მიზნად ისახავდა  უცხო კოლონიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას. 1912 წელს რევაზ გაბაშვილთან ერთად დააარსა ეროვნული მიმართულების ჟურნალი "კლდე". 1914-1915 წლებში, პირველი მსოფლიო ომის დროს, მონაწილეობდა სპეციალური რაზმის ჩამოყალიბებაში, რომლის დანიშნულება იყო თურქეთის ფრონტის ახლომახლო მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქართველ მაჰმადიანთა დაცვა. 1915 წლიდან მიიწვიეს საადგილმამულო კომისიის მდივნად(გარდაცვლილი ა. ყიფშიძის (ფრონელის) ნაცვლად). დავით ვაჩნაძე იყო საზღვარგარეთ შექმნილი საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნული კომიტეტის აქტიური მოღვაწე. 1915 წელს, ჟურნალ "კლდის" დახურვის შემდეგ, სხვა ქართველ ნაციონალისტებთან ერთად გამოსცა გაზეთი "საქართველო", რომელიც შემდეგ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანო გახდა. იგი იყო ამ პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. მან აქტიური როლი შეასრულა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. 1917 წლის ნოემბერში შევიდა საქართველოს ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში. 1918 წლის გაზაფხულზე დავით ვაჩნაძემ იშუამდგომლა იმ დროს თბილისში მყოფ გრაფ შულენბურგთან და მისი ნებართვით ჩამოაყალიბა გერმანელ ტყვეთაგან შედგენილი 1200 კაციანი შეიარაღებული რაზმი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა თურქების შემოტევის შეჩერებაში. 1918 წელს, სომხეთთან ომის დროს, სამხედრო მინისტრმა გ. გიორგაძემ იგი მიიწვია ქართული ჯარის სასწრაფო მობილიზაციისა და სხვა საკითხთა მოსაგვარებლად. მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის აგრესიისაგან საქართველოს დასაცავად 400-კაციანი მოხალისეთა რაზმი შეადგინა. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციის შემდეგ დავით ვაჩნაძე სამშობლოში დარჩა, ქაქუცა ჩოლოყაშვილს დაუკავშირდა და ბრძოლა გააგრძელა.1922 წელს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მონაწილეობდა  იმ ჯგუფის საქმიანობაში, რომელსაც უნდა შეემუშავებინა "საქართველოს პარტიზანთა შტაბის" შექმნის გეგმა. 1922 წელს დიდი წვლილი შეიტანა ხევსურეთის აჯანყების მომზადებაში. 1923 წლის გაზაფხულზე, "სამხედრო საიდუმლო შტაბის" ჩავარდნის შემდეგ, იატაკქვეშეთში გადავიდა. 1923 წელს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის დავალებით თურქეთში გაემგზავრა მთავრობისათვის დახმარების სათხოვნელად, მაგრამ ეს ცდა უშედეგოდ დამთავრდა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების გამო იქვე ჩარჩა.1926 წლის ოქტომბერში პარიზში ჩავიდა. 1924-1926 წლებში მონაწილეობდა სტამბოლში შექმნილი "კავკსიის განმათავისუფლებელი კომიტეტის" საქმიანობაში.  II მსოფლიო ომის (1939-1945) დროს, გერმანიის მიერ სსრკ-ზე თავდასხმის შემდეგ, საქართველო-კავკასიის საკითხის გასარკვევად ბერლინში ჩავიდა და შეხვდა გრაფ შულენბურგს. მოლაპარაკების საგანი იყო ქართველი ტყვეების და საქართველოს მომავლის საკითხი, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.1943 წელს ავსტრიაში დასახლდა, ომის შემდეგ კი მიუნხენში. დავით ვაჩნაძე აქტიურად თანამშრომლობდა  ქართულ ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებთან (გაზ. "საქართველო", ბერლინი; გაზ. "საქართველოს დამოუკიდებლობა", პარიზი; "კავკასიონი", პარიზი; "ქართული აზრი", ნიუ-იორკი). ქართველი საზოგადო, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.207

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ცენტრალური კომიტეტის წევრი
  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიურო , წევრი (1926-1937)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო , წევრი
  • საქართველოს პირველი პარლამენტი, წევრი (1918-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: