The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაალ არაგვის ერისთავი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:13 მაისი, 1660
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ქართლის დიდი თავადი, ანტიირანული ბრძოლის ერთ-ერთი გამოჩენილი მეთაური. მისი ძმის დათუნას სიკვდილის შემდეგ – არაგვის ერისთავი (1633–1660). როდესაც ქართლის მეფეები როსტომი და თეიმურაზ I სამეფო ტახტისათვის ებრძოდნენ ერთმანეთს, ზაალი თავდაპირველად თეიმურაზის მხარეზე იყო, დაუკავშირდა იესე ქსნის ერისთავს, ქართლის სხვა თავადებს და მათ იმერეთში გახიზნული თეიმურაზი მეფედ მოიწვიეს. როსტომმა მოწინააღმდეგეები დაამარცხა. ზაალი აქტიურად ჩაება ახალ შეთქმულებაში როსტომის წინააღმდეგ. როსტომმა შეთქმულები ამჯერადაც დაამარცხა და სასტიკად დასაჯა. 1648 წელს თეიმურაზის კახეთიდან განდევნის შემდეგ, ზაალმა და სხვა დიდებულებმა როსტომს შერიგება სთხოვეს. მეფე დათანხმდა იმ პირობით, თუ ზაალი ირანის შაჰს ეახლებოდა; შაჰმა ზაალი დიდი პატივით მიიღო: 500 თუმანი, ხალათი, ოქროთი შეკაზმული ცხენი, 15 სოფელი (ყაზვინთან ახლოს) უბოძა და სამშობლოში დააბრუნა. ზაალმა ერწო-თიანეთიც დაისაკუთრა. როსტომის გარდაცვალების (1658) შემდეგ ქართლის ტახტზე ავიდა ვახტანგ V. ზაალმა იგი მეფედ არ ცნო და შესაფერის დროს უცდიდა მის წინააღმდეგ საბრძოლველად. შაჰისთვის მეფისა და ზაალის გამწვავებული ურთიერთობა ხელსაყრელი არ იყო, რის გამოც ზაალი თავისთან დაიბარა. მან, თავის ამალასთან ერთად, მაჰმადიანობა მიიღო და დიდი პატივითა და საჩუქრებით სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მშვიდობა მალე დაირღვა, რადგან ყიზილბაშებმა კვლავ დღის წესრიგში დააყენეს შაჰ-აბას I-ის ძველი გეგმა – კახელების ამოწყვეტა და იქ თურქმანული ტომების ჩასახლება. ზაალმა აჯანყებულთა საერთო ხელმძღვანელობა ითავა. ზაალი ვახტანგ V-ის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა. ვახტანგმა მოახერხა ზაალის ძმისწულებისა და დისწულების გადაბირება, რომლებმაც საკუთარი ბიძა სიცოცხლეს გამოასალმეს. მისი სიკვდილი დიდი დანაკლისი იყო სპარსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ძალებისათვის.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.294


გააზიარე: