The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ V (ქართლის მეფე)

სხვა სახელი:შაჰნავაზი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1675
დაკრძალვის ადგილი:ქ. ყუმი, ირანი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ვახტანგ V- შაჰნავაზი იყო ქართლის მეფე 1658–1675 წლებში. ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი. სათავადოს მეთაური 1629–1658 წლებში. ვახტანგ V როსტომ მეფემ იშვილა და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. 1654 წელს ირანში მას მაჰმადიანობა მიაღებინეს და შაჰნავაზი უწოდეს. ვახტანგ V-ის პოლიტიკის მიზანი იყო ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან მჭიდრო კავშირის დამყარება ქართლის ჰეგემონობით; ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება და თავადების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა; ქართლის საშინაო ცხოვრების მოწესრიგება და ეკონომიკური წინსვლისათვის ხელის შეწყობა. საგარეო პოლიტიკაში ვახტანგ V ირანის ვასალად აღიარებდა თავს და მასთან მშვიდობიანი ურთიერთობის დაცვას ცდილობდა. მშვიდობიანმა საგარეო პოლიტიკურმა ვითარებამ ხელი შეუწყო ქართლის მოშენებას და ეკონომიკურ წინსვლას. ვახტანგ V-მ მოაკვლევინა კახეთის ფაქტობრივი გამგებელი ზაალ არაგვის ერისთავი და კახეთი თავისი გავლენის სფეროში მოაქცია. ისარგებლა იმერეთის სამეფოში მომხდარი არეულობით, შეუთანხმდა სამეგრელოს მთავარ ვამეყ III დადიანს, იმერეთის დიდი ნაწილი დაიკავა და თავისი უფროსი ვაჟი არჩილი იმერეთის ტახტზე აიყვანა (1661). დადიანად ვახტანგ V-მ თავისი მომხრე დასვა და საკუთარი ძმისწული თამარი შერთო, გურიელთან მეგობრული კავშირი დაამყარა, აფხაზეთის მთავარმაც მორჩილება განუცხადა და, ამრიგად, თითქმის მთელი საქართველო ვახტანგ V-ის ხელქვეით გაერთიანდა, მაგრამ მალე ოსმალეთის მოთხოვნით ვახტანგ V იძულებული გახდა არჩილი იმერეთიდან გაეყვანა, რის შემდეგაც ვახტანგ V-მ მისი კახეთში გამეფება მოინდომა, თუმცა უშედეგოდ - მის მეტოქედ კახეთის სამეფო ტახტზე თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ერეკლე (შემდეგში ერეკლე I ) გამოვიდა, რომელმაც ირანის ხელშეწყობით კახეთი დაიკავა. ვახტანგ V-ის მეორე ვაჟი ლუარსაბი ახალციხეს გაიქცა, რათა იქიდან ოსმალეთის დახმარებით იმერეთის ტახტი დაეკავებინა (არჩილიც მას გაჰყვა). ამის გამო 1675 წელს ირანის შაჰმა ვახტანგ V თავისთან დაიბარა. ირანს მიმავალი მეფე გზაზე ავად გახდა და გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქ. ყუმში. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.224


გააზიარე: