The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოანე ლაზი

Other name:იეროთეოსი
იოანე ევნუხი
იოანე ქართველი
მითრიდატე ლაზი
Date of birth:4??
Date of death:4??
Burial location:სირია
Category:Philosopher

Biography

V ს. ქარ­თვე­ლი საეკლესიო მოღვაწე, პეტრე იბერის აღმზრდელი და მასწავლებელი, მისი სულიერი მამა. ს. ყაუხჩი­შვი­ლის აზრით, ი. ლ. (ერისკაცობაში – მითრიდატე ლაზი) კოლხეთის რიტორიკული სკოლის წარმომადგენელი იყო. შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო კონსტანტინოპოლში გაჰყვა ქართველ მეფისწულ მურვანს, რომელიც კეისარ თეოდოსი II-ის კარზე მძევლად იქნა გაგზავნილი. "პეტრეს ცხოვრების" ასურული რედაქციით, ზაქარია რიტორის "საეკლესიო ისტორიის", "სევეროს ანტიოქიელის ცხოვრების" და ზოგიერთი გვიანდ. თხზუ­ლე­ბით კი დასტურდება, რომ  კონსტანტინეპოლში შეხვდა პეტრე იბერს, რომელთანაც დამეგობრდა და გახდა მისი ნათლია, ასევე მისი აზრებისა და მისწრაფებების მოზიარე. ორივე ბერად აღიკვეცა იერუსალიმში და სიკვდილამდე ერთად ეწეოდნენ სამონასტრო საქმიანობას, რასაც ადასტურებს პეტრე იბერის ბიოგრაფი იოანე რუფუსი და არაერთი ქართული წყა­რო. ის შემკული იყო მორჩილებით, ზნეობით, რწმენით და თავმდაბლობით. ქართული ფილოსოფიური ისტორიოგრაფიისთვის მნიშვ­ნელო­ვა­ნი ფიგურაა. შ. ნუცუბიძის მოსაზრება არეოპაგიტული კორპუსის ავტორის, ფსევდო-დიონისე არეოპაგელისა და პეტრე იბერის იდენტობის შე­სა­ხებ, ბელგიელი მეცნიერის, ე. ჰონიგმანის მიერ მიკვლეული ახ. არგუმენტებით არის გამყარებული, რომელიც სწორედ მის პიროვნებას ეხება. არეოპაგიტული წიგნების ავტორი ხშირად მოიხსენიებს "თავის ღვთაებრივ წინამძღოლს" იეროთეოსს, ამასთან, მსჯელობები ზეციური და ამქვეყნიური იერარქიების შესა­ხებ სწორედ იეროთეოსის მიერ არის გაშლილი არეოპაგიტიკაში. "პეტრეს ცხოვრებაში" აღწერილი იოანე ლაზის ზმანება ზეციურ ძალთა (მათი რაოდენობისა და სახელწოდებების) შე­სა­ხებ უახლოვდება არეოპაგიტულ მოძღვრებაში "ზეცათა მღვდელთმთავრობისათვის" ტრაქტატში წარმოდგენილ ანგელოზთა სამ ტრიადულ რიგს. თუმცა იოანე ლაზის ჩვენებაში ანგელოზთა დიონისური ტრიადების ნაცვლად ზეციურ ძალთა სხვა თანმიმდევრობაა მოცემული. ჰონი­გმანის აზრით, იოანე ლაზი და იეროთეოსი ერთი და იგივე პიროვნებაა. არეოპაგიტულ წიგნებში მოხსენიებული დიონისეს მასწავლებელი იეროთეოზი არის პეტრე იბერის მეგობრისა და თანამოაზრის,იოანე ლაზის ფსევდონიმი. ქართველი ფილოსოფოს-თეოლოგი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 190;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge


Share: