Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოლომონ ზალდასტანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია 1909 წელს, 1913 წელს პეტერბურგის წმიდა ვლადიმირის სახელობის სასწავლებელი და დაინიშნა თურქესტანში განლაგებული ერთ-რთი პოლკის ასეულის მეთაურად. I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე(1914) პოლკი გაიგზავნა კავკასიის ფრონტზე. 1915 წელს პორუჩიკის წოდებით დაინიშნა ბატალიონის მეთაურად. ბრძოლებში ორჯერ დაიჭრა. 1917 წელს მიენიჭა პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება, დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. პეტერბურგის სამხედრო აკადემიაში გაგზავნეს, მაგრამ რევოლუციამ მოუსწრო და საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე(1918) დაინიშნა ეროვნული არმიის საავტომობილო-მოტორიზებული გუნდის(პოლკი) მეთაურად და მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის(1921 თებერვალი–მარტი) შემდეგ, ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ 1922 წელს ეროვნულ-დემოკრატთა ჯგუფის დავალებით კოტე აფხაზთან კავშირის დასამყარებლად ბათუმში დაბრუნდა, სადაც "ჩეკამ" დააპატიმრა, მაგრამ ყოფილი ჯარისკაცების დახმარებით მოახერხა თავის დახსნა. 1922–1924 წლებში იყო საქართველოს ანტიბოლშევიკური ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის(იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) სამხედრო ცენტრის წევრი. მონაწილეობდა ხევსურეთის ამბოხებასა(1922) და საერთო-სახალხო ეროვნულ აჯანყებაში(1924, აგვისტო). მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და მის "შეფიცულთა რაზმთან". 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ იყო პოლიტიკური ემიგრანტი. 1925–1940 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში. მისი თაოსნობით საფრანგეთში შეიქმნა პატრიოტული ორგანიზაცია "შევარდენი". 1941 წელს, სოლომონ ზალდასტანიშვილის ინიციატივით გერმანიაში შეიქმნა მოხალისეთა სამხედრო შენაერთი "თამარ II", რომლის მიზანი იყო საბჭოთა იმპერიისგან საქართველოს გათავისუფლება. შენაერთი ირიცხებოდა "ვერმახტის" ქართული ლეგიონის შემადგენლობაში. შენაერთის მეთაურად სოლომონ ზალდასტანიშვილი იქნა დანიშნული. 1941 წლის დამლევს იგი ჩავიდა რუმინეთში საკონცენტრაციო ბანაკიდან ქართველი სამხედრო ტყვეების დასახსნელად. მან მოითხოვა 500 ქართველის გათავისუფლება. გერმანელებისგან თანხმობა მხოლოდ 90-ზე მიიღო. გერმანელთა უარის გამო დანარჩენი პატიმრებისათვის შემწეობის გასაწევად სოლომონ ზალდასტანიშვილი დარჩა ტყვეთა ბანაკში, სადაც დასნეულდა. გარდაიცვალა ბუქარესტის სამხედრო ჰოსპიტალში. 1956 წელს მიუნხენში გამოიცა მისი მოგონებები 1924 წლის აჯანყებაზე, რომელიც მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოს 1921–1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიის შესასწავლად. თბილისში, წმინდა მიქაელ ტვერელის ეკლესიის ეზოში, გაკეთებულია სოლომონ ზალდასტანიშვილის სიმბოლური საფლავი, ერთ-ერთ ქუჩას კი მისი სახელი ეწოდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის პოლკოვნიკი, 1921–1924 ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.303 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |