The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



იოანე საბანის ძე

დაბადების თარიღი:7??
გარდაცვ. თარიღი:7??
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

იოანე საბანის ძე არის ავტორი "აბო თბილელის წამებისა", რომელშიც აღწერილია არაბი ჭაბუკის, აბოს მარტვილობა, ქრისტიანობისათვის  მისი თავდადება. აბო არაბეთიდან ქართლში  გამოჰყვა ნერსე ერისთავს, აქ იგი გაეცნო ქრისტიანულ სარწმუნოებას, უარყო მაჰმადიანობა და მიიღო ქრისტიანობა. არაბებმა რამდენიმეჯერ დააპატიმრეს, მოსთხოვეს რჯულის უარყოფა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის წამებით მოკლეს 786 წელს. აბოსს წამებას დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი ჰქონდა. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად  შერაცხა. ქართლის კათალიკოსმა სამუელმა (780-790 წწ.)  საგანგებო წერილით მიმართა იოანე საბანისძეს, აბოსთან დაახლოებულ პირს, და მისი წამების აღწერა სთხოვა. იოანე საბანისძემ ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის  ბრწყინვალე ძეგლი შექმნა, თხზულებას წაუმძღვარა სამოელ კათალიკოსის ეპისტოლე და თავისი პასუხი. კათალიკოსის მოკრძალებული ტონი გვაფიქრებინებს, რომ იოანე საბანისძე საერო პირი უნდა ყოფილიყო. იგი დიდად განათლებული პიროვნება, სასულიერო მწერლობის კარგი მცოდნე და გაწაფული მწერალი ყოფილა. სავარაუდოა, იოანე საბანისძეს ეკუთვნოდეს აგრეთვე ძველი საგალობელი აბო თბილელის შესახებ, შემონახული ჭილეტრატის იადგარში (IX-X სს., ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-2123). "აბო თბილელის წამება"ძველი ქართული პროზის შესანიშნავი ძეგლია. იგი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით არის დაწერილი და 4 თავისაგან შედგება. I თავი დამრიგებლობითი ხასიათისაა, საუბარია აბოს მარტვილობის მნიშვნელობაზე, II და III თავებში აღწერილია აბოს ქართლში მოსვლა, მისი მოღვაწეობა და მოწამეობრივი აღსასრული. IV თავი ჰიმნოგრაფიულ ხასიათს ატარებს და შეიცავს აბო თბილელის ქებას. თხზულების ეს ნაწილი ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიის უძველესი ნიმუშია. აბოს მარტვილობის აღწერით იოანე საბანისძემ მიზნად დაისახა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება. ქართველთა ეროვნული გადაგვარების მიზნით არაბები ქართველებში მაჰმადიანობას ავრცელებდნენ. ასეთ ვითარებაში არაბი აბო თბილელის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა დიდმნიშვნელოვანი ფაქტი იყო. იოანე საბანისძეს ეროვნული თვითმყოფის შენარჩუნების ძირითად საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების ერთგული დაცვა მიაჩნია. აბოს წამების ფაქტი მან გამოიყენა მაჰმადიანობასთან შედარებით ქრისტიანობის უპირატესობის დასადასტურებლად და ეროვნულ-სარწმუნოებრივი სიამაყის გრძნობის გასაღვივებლად. მის თხზულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არაბთა ბატონობით შევიწროებული და ეროვნული გადაგვარების საფრთხის წინაშე მდგომი ქართველობისათვის. იოანე საბანისძეთვის დამახასიათებელია მკაცრად გააზრებული კომპოზიცია, თხრობის ლაღი და ხატოვანი მანერა, ღრმა დრამატიზმი. თხზულება შესანიშნავი ისტორიული წყაროა VIII საუკუნის ქართლის პოლიტიკური-ეკონომიკური ცხოვრების, ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეალების, საზოგადოებრივი ყოფის შესასწავლად. ნაწარმოები  მოღწეულია X საუკუნის ხელნაწერით. ის პირველად გამოსცა მ. საბინინმა(1882წ.), მეორედ - კ. კეკელიძემ(1935), რომელმაც თხზულება თარგმნა რუსულად(1956).  გერმანულად თარგმნა შულცემ(1905წ.), ლათინურდ  პეეტერსმა(1934 ). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 191

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: