The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სააკაძე

გიორგი სააკაძე
სხვა სახელი:დიდი მოურავი
დაბადების თარიღი:1570
გარდაცვ. თარიღი:3 ოქტომბერი, 1629  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (საყავრის თემი). 

გიორგი სააკაძეს იმ დროისთვის შესაფერისი განათლება ჰქონდა მიღებული. იცოდა სპარსული და თურქული ენები. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და ორგანიზატორული ნიჭით. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XVI საუკუნის 90-იან წლებში, სიმონ I-თან ერთად იბრძოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. 1600-1606წწ. გიორგი X-ის თანამებრძოლი იყო. სააკაძის სამხედრო და სახელმწიფოებრივი ნიჭი წარმოჩნდა ლუარსაბ II-ის მეფობაში. ამ დროს იგი თბილისის (1608-იდან), ცხინვალისა და დვალეთის მოურავი იყო. შინაფეოდალური ბრძოლების აღკვეთა და თავადების ალაგმვა, ე. წ. "ბატონყმური რიგის" დაცვა, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, საქართველოს გაერთიანებაზე ზრუნვა სააკაძის მოღვაწეობის მთავარ მიზანს შეადგენდა. ამ საქმეში მას მხარს უჭერდა აზნაურობა და ზოგიერთი თავადი, რომელთაც სააკაძის "მოკიდებული კაცნი" (სააკაძის დასი ან "პარტია") ეწოდებოდა. მასვე ეხმარებოდნენ ვაჭარ-ხელოსნები და ნაწილობრივ გლეხობაც; სააკაძემ ქართლის მეფეს დაუმორჩილა გამდგარი მთიელები და მათ შორის ოსები და დვალები. მან ყურადღება მიაქცია ქვეყნის შენებასაც, ხელი შეუწყო ომიანობის დროს მიმოფანტული მოსახლეობის უკან, ფუძეზე დაბრუნებას. ამას კი მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური მოღონიერება, რაც თავისთავად გადაიზრდებოდა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ ძლიერებაში. პლატონ იოსელიანის ცნობით, გიორგი სააკაძემ ცხინვალსა და თბილისში ციხეები შეაკეთა და დვალეთის მთებში ახალი სიმაგრეები ააგო; 1619 წლიდან მცირეწლოვანი სიმონ II-ის მეთვალყურე და ვექილი და ამდენად ქართლის ფაქტობრივი გამგებელი, საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლი იყო; მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის გამოხსნას ყიზილბაშთა კონტროლისაგან და 1625 წლის 25 მარტს მარტყოფის ველზე ყიზილბაშთა დამარცხებისთანავე თბილისს დაეცა, ქალაქი და დაბალი ციხე აიღო, მაგრამ ნარიყალაში ვერ შეაღწია; ქალაქის ქრისტიანული მოსახლეობის ერთი ჯგუფი შეუერთდა მეციხოვნეების წინააღმდეგ მებრძოლებს; ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ მან აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთიანება სცადა, რასაც შედეგად მოყვა შინაომი მასსა და თეიმურაზ I-ს შორის (1626წლის შემოდგომა); ამ ბრძოლაში სააკაძე დამარცხდა და ოსმალეთში გადაიხვეწა, სადაც ღალატით მოკლეს; თბილისში არის გიორგი სააკაძის მოედანი, სადაც აღმართულია მისი ძეგლი და სააკაძის ქუჩა; საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, დიდი მოურავი, თბილისის (1608 წლიდან), მხედართმთავარი და სამხედრო სტრატეგი; ცხინვალისა და დვალეთის მოურავი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.760-61; http://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_სააკაძე


გააზიარე: