Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ თბილელი (თბილისის მიტროპოლიტი)![]()
Biographyბავშობიდან იზრდებოდა ქვათახევის მონასტერში, იქვე ბერად აღიკვეცა და წავიდა იმერეთში, სადაც დროთა განმავლობაში აყვანილი იქნა ნიკორწმინდის მთავარეპისკოპოსის ხარისხში. მალევე როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თხოვნით გადაყვანილი იქნა სამცხე საათაბაგოში აწყურის მთავარეპისკოპოსად, სადაც რეგიონის მმართველად იყო მისივე ნათესავი როსტომ-ფაშა. მეფე-დედოფალს ჰქონდა იმის იმედი რომ აღნიშნული ნათესაური კავშირებით შეძლებდნენ მორღვეული ქრისტიანული ეკლესიის აღდგენას სამცხეში, მაგრამ იმედები არ გამართლდა და როსტომ-ფაშამ ის გამოაძევა ახალციხიდან. მაშინ მეფემ იოსებს უბოძა თბილისის სამიტროპოლიტო ტახტი. მისი როგორც თბილელის მოღვაწეობის პერიოდი ნაყოფიერი აღმოჩნდა ეპარქიისათვის. გამრავლდა საეკლესიო მამულები, გაიზარდა სიონის ბიბლიოთეკის წიგნთსაცავი, სიონის ეკლესიას გადაეცა შემდგომში წოდებული როგორც "სიონის აბანო". ეპარქიის სიმდიდრეზე მეტყველებს ისიც რომ 1849 წელს დიმიტრი ბაქრაძეს, ათონის ივერთა მონასტერში უნახავს მოოქროვილი ვერცხლის ტაკუკი წარწერით: "მოიხსენე უფალო უნდოჲ და ცოდვილი თბილელ მიტროპოლიტი იოსებ". აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების განსამტკიცებლად. დაიღუპა გიორგი XI-ის მომხრე განდგომილ არაგვის ერისთავთან ბრძოლაში. მის პოეტურ მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული პატრიოტული ეპოსის თვალსაჩინო ძეგლს - პოემა "დიდმოურავიანს" (1681-1687), რომელიც უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის ამსახველი გმირული ეპოპეაა. იოსებ თბილელმა ხოტბა შეასხა დიდ მოურავს გიორგი სააკაძეს; ამავე დროს გამოკვეთა საზოგადოებრივი აზრი საქვეყნო გასაჭირზე. ერის ტკივილი და საწუხარი საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოიტანა. "დიდმოურავიანი" მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროცაა. იგი პირველად პ. იოსელიანმა გამოსცა 1851 წელს. იოსებ თბილელს ეკუთვნის აგრეთვე სასულიერო შინაარსის თხზულებები: "ცხოვრება და მოქალაქეობა ალექსი კაცისა ღმრთისა", "წმინდანთა კრებათათვის", "ქება და წამება წმიდისა მარინასი, თქმული შაირად"; აგრეთვე "ანბანთქება". იოსებ თბილელი ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი გამგრძელებელია (დაურთო 67 სტროფი). მის სახელთანაა დაკავშირებული თბილისის სიონის ბიბლიოთეკის დაარსება, რომლისთვისაც იოსებ თბილელს მრავალი ხელნაწერი წიგნი შეუძენია. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 202 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |