The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსები (დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი)

ოფიციალური სახელი:იოსებ ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1739
გარდაცვ. თარიღი:24 მაისი, 1776  (37 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:გელათის მონასტერი, ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, მდინარე წყალწითელას ხეობა
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

იოსებ ბაგრატიონი იმერთა მეფის ალექსანდრე V-ის ძე და სოლომონ I-ის უფროსი ძმა იყო. იოსებმა საეკლესიო წოდების ყველა საფეხური დიაკვნობიდან კათალიკოსობამდე გელათში გაიარა, ამიტომაც განსკუთრებულ ზრუნვას იჩენდა გელათისადმი. 1745 წლიდან გენათელი გახდა, რამდენიმე ხანში მიტროპოლიტის წოდებაც მიიღო. 1760 ნელს იოსებ კათალიკოსმა გელათის ღვთისმშობლის ტაძარში ააგო სამღვდელმთავრო ქვის ტახტი, რომლის წარწერაშიც იხსენიება. ის გამოხატულია აგრეთვე ამავე ტაძრის კედელზე. სოლომონ I-მა 1769 წელს ბესარიონ კათალიკოსი გადააყენა და მის ნაცვლად დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად იოსები დანიშნა. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოლომონ I-ის პოლიტიკურ საქმიანობაში. იოსები დაეხმარა სოლომონ I-ს რაჭის ერისთავის როსტომის საბოლოო განადგურებაში. 1771-1773 წლებში იოსებს მოლაპარაკება ჰქონდა კაცია II დადიანთან ზავის შესახებ, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია, ამიტომაც არ ცნობდა დადიანის მიერ ახლადდადგენილ ოდიშის კათალიკოს-პატრიარქს. იოსებს პოლიტიკურ-კონფესიონალურ ნადაგზე უკმაყოფილება ჰქონდა იტალიელ მისიონერებთან. შემორჩენილია იოსებ კათალიკოსის დაკვეთით შესრულებული ხელნაწერები. მან მოიპოვა და "დაიხსნა" დაკარგული იოანე ქსიფილინოსის შრომების ხელნაწერი კრებული და გელათის წმ. გიორგის სახელობის ტაძარს შესწირა. იოსებ კათალიკოსს გადაურჩენია აგრეთვე ქართული ენისა და ქართული სამწიგნობრო ხელოვნების უმნიშვნელოვნესი ძეგლი ე. წ. ვანის სახარება. ცნობილია აგრეთვე მისი დაკვეთით გადაწერილი სჯულისკანონი, იოანე სინელის კლემაქსი და სხვ. 1772 წელს იმერეთში გადახვეწილმა ზაქარია გაბაშვილმა იოსებ კათალიკოსის დაკვეთით გადაწერა იოანე ოქროპირის "საღმრთო ჟამის წირვა", რომლის რედაქციულ გამართვაში იოსებ კათალიკოსსაც მიუძღვის წვლილი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5. თბ., 1980.- გვ. 203; qim.ge


გააზიარე: