The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ სამებელი (ეპისკოპოსი)

ოფიციალური სახელი:იოსებ ქვაბულიძე
დაბადების თარიღი:1676
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 1750  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ასტრახანი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

კახეთის მეფის მდივან-მწიგნობრის, თამაზ ქობულიშვილის შვილი. თავდაპირველად იოსები შიომღვიმის მონასტერის წინამძღვრი იყო, 1696 წლიდან  ჯერ სამების, ხოლო შემდეგ წილკნის ეპისკოპოსად დაინიშნა. ვახტანგ VI-ის რუსეთში გამგზავრების  შემდეგ ისიც მეფის ამალას შეუერთდა. ქართველმა ემიგრანტებმა ის ვორონეჟის მონასტერში მოაწყვეს. 1733 წელს იოსები პეტერბურგში, მოგვიანებით(1737 წელი) კი ის მოსკოვში გადავიდა, სადაც ქართულ საგამომცემლო საქმიანობას  ჩაუდგა სათავეში. ამ პერიოდში იოსებ სამებელი იმპერატრიცა ანნა იოანეს ასულის ბრძანებით, ნოვგოროდის მიტროპოლიტის თეოფანე პროკოპოვიჩის თანაშემწედ დააწინაურეს და ამავე დროს პირველი ხარისხის იურიევის ანუ წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღვრობა უბოძეს. ამ დროიდან იგი აქტიურ  მოღვაწეობას იწყებს ქართული საქმისათვის. იოსები ცდილობდა ქართული სტამბა მოეწყო მოსკოვში, მით უფრო, რომ ამ პერიოდში, პოლიტიკური ვითარების გამო, თბილისში სტამბის მუშაობა შეწყდა. ასეთივე სურვილი ჰქონდა ბაქარ ბატონიშვილსაც. დარეჯანის სტამბა პატარა იყო და არ კმაროდა მათი სურვილის განხორციალებისათვის. იოსებ სამებელმა 3-4 წლის განმავლობაში თავისი სამსახურით მოახერხა საკმაო თანხის მოგროვება სტამბის დასაარსებლად და წიგნების ბეჭდვის დასაწყებად. ამ საქმის შესრულება იოსებმა მიანდო თავის ახლო ნაცნობსა და სანდო პირს, მღვდელმონაზონ ქრისტეფორე გურამიშვილს, რომელმაც 1737 წელს სამებელის ხარჯით შეიძინა დარეჯან ბატონიშვილის სტამბა, ტექნიკურად გააუმჯობესა და საკმაოდ კარგად მოწყობილი სტამბა გამართა. სტამბის ზედამხედველობაც მას ჩააბარეს. იოსებ სამებელმა ქრისტეფორე გურმიშვილთან ერთად პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის სტამბაში ჩამოასხა ქართული შრიფტი და იქვე დაბეჭდა "რუსულ-ქართული ანბანი". იოსებ სამებელის სტამბის მუშაობაზე ზრუნავდნენ ასევე მოსკოვში დამკვიდრებული ქართველები ბაქარ ბატონიშვილის თაოსნობით. 1740 წელს, სინოდის ბრძანებით, იოსები გადაიყვანეს მოსკოვის ზნამენის მონასტერში, რომლის არქიმანდრიტადაც იგი დარჩა გარდაცვალებამდე. მას შემდეგ, რაც  მოსკოვში გადავიდა, მის უპირველეს საქმედ ქართული "დაბადების" დაბეჭდვა იქცა (რომლის რედაქტირება არჩილმა დაიწყო). აღსანიშნავია, რომ ამ წიგნის დასაბეჭდად სტამბა დროებით გადატანილი იქნა ბაქარის ბინაზე დაბა ვსეხსვიატსკოეში. "დაბადების" ბეჭდვაში მონაწილეობას იღებდნენ ბაქარ და ვახუშტი ბატონიშვილები. იოსებ სამებელმა  ქართული ტექსტი შეუდარა ებრაულ, სირიულ, ბერძნულ და სლავურ ტექსტებს. "დაბადების" რედაქტირება დასრულდა 1742 წლის დამლევს, მაგრამ მისი ბეჭდვა ნაწილ-ნაწილ დაიწყო და 1743 წლის 1 მაისს დასრულდა. ცნობილია, რომ  1737-1743 წლებში მოსკოვის ქართულ სტამბაში დაიბეჭდა  11 სქელტანიანი წიგნი, ძირითადად სასულიერო ლიტერატურა. მათ შორის იყო "ზადიკი", "დავითნი",  "სახარება", "ტესტამენტი", არსენ იყალთოელის თარგმანი იოანე დამასკელის "გარდმოცემა აუცილებელი მართლმადიდებლისა სარწმუნოებისა", "მარხვანი"  და სხვა. სამწუხაროდ, ეს გამოცემები არ შემორჩენილა. 1743 წელს ბიბლიის უნებართვოდ დაბეჭდვის გამო სტამბა დახურეს. 1750 წელს მოსკოვიდან ყიზლარში მიმავალი იოსებ სამებელი  ასტრახანში გარდაიცვალა. ანდერძით მას სტამბა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრისთვის (გარეჯის უდაბნოში) დაუტოვებია. მესტამბე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 203; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.335; http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/qartuli_cignis_bechdva.html



გააზიარე: