The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ I (ქართლის მეფე)

სიმონ I
დაბადების თარიღი:1537
გარდაცვ. თარიღი:1611  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ქართლის მეფე 1556-1569წწ. და 1578-1599წწ., ლუარსაბ I-ის ძე. მეფობა მოუხდა დამოუკიდებლობისათვის ქართველი ხალხის გმირული ბრძოლის მეტად მძიმე ხანაში; ყიზილბაშურმა ირანმა და ოსმალეთმა ჯერ კიდევ დაუპყრობელი საქართველო 1555 წელს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად გაყვეს და ერთმანეთს შორის გაინაწილეს; გარისის ბრძოლაში 1556 მოხუცმა მამამ ქართლის შემტევი ლაშქრის მეთაურად დანიშნა; ახალგაზრდა უფლისწულმა თავი გამოიჩინა როგორც საზრიანმა და მამაცმა სარდალმა და ქართლიდან გარეკა შემოსეული ყიზილბაშები. სიმონ I-ის გამეფების დროს თბილისი ყიზილბაშების ხელში იყო და მეფეს რეზიდენცია ქ. გორში ჰქონდა. 1559 წელს კავშირი შეკრა კახეთის სამეფოსთან, რაც სიმონ I-ისა და კახთა მეფის ლევანის ასულის ქორწინებით გამოიხატა; 1560-1561წწ. სიმონ I შეეცადა თბილისის განთავისუფლებას, მაგრამ 1561 წლის აპრილში დამარცხდა ციხედიდის ბრძოლაში; 1562 წელს სიმონ I-ის ძმა დავითი (დაუთ-ხანი) გამაჰმადიანდა და შაჰის სამსახურში ჩადგა; შაჰმა დაუთ-ხანი ყიზილბაშთა ჯარით ქართლში გამოგზავნა; 1567 წელს და 1569 წელს დიღომთან და სამადლოსთან ბრძოლებში სიმონ I-მა დაამარცხა დაუთ-ხანი; 1569 წელს ფარცხისის ბრძოლაში (ალგეთის ხეობა) ღალატის წყალობით სიმონ I ტყვედ ჩავარდა. მან მტკიცე უარი განაცხადა მაჰმადიანობის მიღებაზე და 1569-1578წწ. ირანში ტყვეობაში იტანჯებოდა. ირან-ოსმალეთის ომის დაწყებისთანავე (1578) შაჰმა სიმონ I ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლის მეფედ დანიშნა. ქართლში დაბრუნებისთანავე სიმონ I-მა პარტიზანული ომი გააჩაღა ოსმალების წინააღმდეგ, რომლებსაც თბილისი და მთელი ქართლი დაპყრობილი ჰქონდათ. მალე სიმონ I-მა ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორე, გორი და სხვა ციხესიმაგრეები. 1579 წელს სიმონ I-მა ალყა შემოარტყა თბილისს. ოსმალთა მთავარი ამოცანა გარნიზონის სურსათით მომარაგება გახდა, მაგრამ სიმონ I-მა არაერთხელ დაამარცხა ამ მიზნით ქართლში შემოსული ოსმალთა რაზმები. 1580 წლის ზაფხულში სულთანმა სარდალი მუსტაფა ლალა-ფაშა გადააყენა და მის ნაცვლად სინან-ფაშა დანიშნა, მაგრამ ვერც მან შეძლო სიმონ I-ის დამორჩილება; 1582 წელს სიმონ I-მა კავშირი შეკრა მანუჩარ II ჯაყელთან; იმავე წელს მუხრანის ბრძოლაში სიმონ I-მა დაამარცხა სულთნის ლაშქარი, ამავე დროს აჯანყება დაიწყო სამცხე-საათაბაგოში; 1579 წელს ოსმალთა მიერ გაუქმებული ათაბაგობა აღდგა; 1584 წელს სულთანმა ქართლში გამოგზავნა ახალი სარდალი ფერჰად-ფაშა; 1585 წელს სიმონ I-მა აიღო ლორე, რომელიც მალე ისევ ოსმალებმა დაიბრუნეს; 1587 წელს ფერჰად-ფაშამ შეძლო სამცხე-საათაბაგოში ოსმალთა ხელისუფლების აღდგენა; 80-იანი წლების II ნახევარში ოსმალეთი მთელ ამიერკავკასიას დაეუფლა; 1588 წელს სიმონ I დაუზავდა ოსმალეთს: ქართლმა ხარკი იკისრა, სანაცვლოდ ოსმალეთმა ცნო ქართლის ქრისტიანი მეფე; სიმონ I-ის მეთაურობით ქართლის მოსახლეობის გმირულმა ბრძოლამ სულთნის ხელისუფლება აიძულა ხელი აეღო ქვეყნის სრული დაპყრობის პოლიტიკაზე; 1590 წელს ირან-ოსმალეთის ზავის საფუძველზე მთელ საქართველოში ოსმალეთის გავლენა დამყარდა; ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად სიმონ I იბრძოდა ქვეყნის გასაერთიანებლად; 80-იან წლებში დასავლეთ საქართველოში შინაფეოდალური ბრძოლები მიმდინარეობდა. 1588 წელს გოფანთოს ბრძოლაში სიმონ I-მა დაამარცხა იმერეთის მეფე ლევანი (1583-1590), მაგრამ ქართლში ოსმალთა მძლავრობამ ხელი შეუშალა მოპოვებული გამარჯვების განმტკიცებას და ლევანი ისევ დაეუფლა ტახტს; 1590 წელს სიმონ I-მა კვლავ ილაშქრა იმერეთში, აიღო ქუთაისი, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ შეძლო. მორიგი ლაშქრობის დროს კვლავ აიღო ქუთაისი, კვარა, სკანდე, კაცხი, მაგრამ ოფშკვითთან ბრძოლაში დამარცხდა. ქართლისა და დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლა უშედეგოდ დამთავრდა; 1595 წელს სპარსეთმა, ქართლმა და კახეთმა შეკრეს ოსმალეთის წინააღმდეგ; 1598 წელს სიმონ I-მა განაახლა ბრძოლა და ალყა შემოარტყა გორის ციხეს. ამავე დროს ანტიოსმალური აჯანყება დაიწყო სამცხე-საათბაგოში; 1599 წელს სიმონ I-მა გორის ციხე აიღო. სულთანმა მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა საქართველოში ჯაფარ-ფაშას მეთაურობით. ნახიდურთან ბრძოლაში ქართველები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ; სოფელ ფარცხისთან (ახლანდელი თეთრი წყაროს რაიონი) სიმონ I ტყვედ ჩავარდა (1599), იგი სტამბოლში გაგზავნეს და იედიყულეს (შვიდკოშკა) ციხეში გამოამწყვდიეს. ქართველების ცდა, დაეხსნათ სიმონ I, უშედეგო აღმოჩნდა და იგი ტყვეობაში გარდაიცვალა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.829; http://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_I


გააზიარე: