შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამი (ბიზანტიის დედოფალი)![]()
ბიოგრაფიაბიზანტიის დედოფალი 1071-1081 წლებში, საქართველოს მეფის ბაგრატ IV -ისა და ბორენა დედოფლის ასული. საქართველოში სახელად ერქვა მართა. 1056 წელს ბიზანტიის დედოფალმა თეოდორამ მართა მიიწვია კონსტანტინეპოლში შვილად აღსაზრდელად. მაგრამ თეოდორა იმავე წელს გარდაიცვალა და მართა საქართველოში დაბრუნდა. 1065 წელს მისთხოვდა იმპერატორ კონსტანტინე X დუკას ვაჟს მიხეილს (შემდეგში იმპერატორი მიხეილ VII). 1078 წელს ბიზანტიის სამეფო კარზე გადატრიალების შედეგად ტახტზე ავიდა ნიკიფორე III ბოტანიატე. მართა ცოლად გაჰყვა ახალ იმპერატორს იმ პირობით, რომ მართას ვაჟი კონსტანტინე პორფიროგენეტი ტახტის მემკვიდრედ გამოცხადდებოდა. იმპერატორმა მალე აზრი შეიცვალა და მართამ მხარი დაუჭირა ბოტანიატეს წინააღმდეგ შეთქმულებას, რომელსაც ალექსი და ისააკ კომნენოსები ხელმძღვანელობდნენ. 1081 წელს იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა მართასთან წინასწარ დადებული პირობის თანახმად, კონსტანტინე ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა, მაგრამ 1092 წელს პირობა დაარღვია და მარიამი იძულებული გახდა მონაზვნად აღკვეცილიყო. იგი მაინც განაგრძობდა ბრძოლას შვილისათვის ბიზანტიის ტახტის მოსაპოვებლად. 1094 წელს მონაწილეობა მიიღო ალექსი კომნენოსის წინააღმდეგ შეთქმულებაში. 1096 წელს გარდაიცვალა კონსტანტინე პორფიროგენეტი და მარიამმაც თავი დაანება პოლიტიკურ ბრძოლას. იგი ფრიად განსწავლული ქალი ყოფილა. მასთან მიმოწერა ჰქონდა ცნობილ ღვთისმეტყველსა და ფილოსოფოსს თეოფილაქტე ბულგარელს, რომელმაც მისი შთაგონებით დაწერა კაპიტალური ნაშრომი - "იოანე სახარების განმარტება". მასვე დააწერინა მარიამმა ტრაქტატი კონსტანტინე პორფიროგენეტის აღსაზრდელად. მარიამის შეკვეთით იწერებოდა ხელნაწერები სხვადასხვა ქართული მონასტრისათვის. იგი მფარველობდა ქართველ ბერებს ბიზანტიაში, გაათავისუფლა ათონის ივერთა მონასტერი გადასახადებისაგან და შესწირა მას ადგილ-მამული. მარიამმა დედასთან ბორენა დედოფალთან ერთად ააშენა კაპათას მონასტერი იერუსალიმში. იგი იშვიათი სილამაზის ბანოვანი ყოფილა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.439; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.538
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |