| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი![]()
ბიოგრაფიამარიამ ბაგრატიონი იყო ანა ჩოლოყაშვილისა და ქართლის მეფის ერეკლე I (იგივე ნაზარალი ხანი - თეიმურაზ I შვილიშვილი) ასული. მარიამის სახელი ქართული ლიტერატურის ისტორიაში დარჩა, როგორც ქართველ მწიგნობარ ქალთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლი. მან გარკვეული წვლილი შეიტანა საეკლესიო პოეზიის განვითარების საქმეში და სასულიერო საგალობლების ნიჭიერი ავტორის სახელი დაიმკვიდრა. ზუსტი თარიღი მისი ცხოვრება-მოღვაწეობისა არ მოიპოვება. ვარაუდობენ, რომ იგი დაახლოებით 1696-1698 წლებში უნდა დაბადებულიყო. 1714 წელს ცოლად გაჰყვა კახთა მეფის სახლთუხუცესს ედიშერ ჩოლოყაშვილს, რომელიც 1715 წელს ლეკებთან ბრძოლაში მოკლეს. ქმრის სიკვდილის შემდეგ, 1716 წელს დაქვრივებული მარიამი მონაზვნად აღკვეცილა მაკრინეს სახელით და ძმის, დავით II იმამყული-ხანის (1703-1722) ნებართვით ალავერდის ტაძარში წმინდა ნიკოლოზის ტაძარში დამკვიდრებულა. მისი გარდაცვალების თარიღი დაზუსტებული არ არის, "საფიქრებელია, მარიამ-მაკრინემ XVIII საუკუნის შუა წლებამდე მიაღწია და თავისი ღვაწლმოსილი სხეული ალავერდის სავანეს მიაბარა". უაღრესად კულტურულმა ატმოსფერომ, რომელშიც მარიამი აღიზარდა, ოჯახურმა და მემკვიდრეობითმა ლიტერატურულმა ტრადიციებმა (მისი ძმა დავითი იყო ავტორი ფრიად საყურადღებო ძეგლის "ღვთაების გუჯრისა", ხოლო მამის პაპა თეიმურაზ I ცნობილი პოეტი), დიდმა ნიჭმა განაპირობეს მარიამის შემოქმედებითი ცხოვრების გზა. მარიამს კარგი განათლება მიუღია; "იყო სწავლული ქართულსა ენასა ზედა ფრიად" (თეიმურაზ ბატონიშვილი). მას კარგად უნდა სცოდნოდა უცხო ენებიც – კერძოდ ბერძნული, მეცნიერთა დაკვირვებით მისთვის ახლობელი უნდა ყოფილიყო IX საუკუნის ბიზანტიელი ქალის კასიას შემოქმედება, რომელსაც ერთგვარი გავლენა მოუხდენია მარიამის ჰიმნებზე. "მაკრინე ისეთ ხანაში ცხოვრობდა, როდესაც ჩვენი კულტურული ცხოვრება შეუნელებლივ დუღდა, ეს იყო ხანა ვახტანგ VI-ისა და მისი სკოლისა, ხანა სულხან-საბა ორბელიანისა, კათოლიკოზ დომენტისა, დასაწყისი ხანა ანტონ პირველის მოღვაწეობისა". ჩვენამდე მოღწეულია არა ერთი და ორი ძველი ქართული ხელნაწერი, სადაც მარიამი გვევლინება როგორც ნიჭიერი შემოქმედი, დახელოვნებული კალიგრაფი, საბუთების დამწერი, ხელნაწერთა შემწირველი თუ სხვ. მარიამის ჰიმნოგრაფიულ მოღვაწეობიდან მნიშვნელოვანია "სტიხნი საეკლესიონი" – საგალობლები, ჰიმნები მიძღვნილი იოსებ ალავერდელისადმი. ამ ჰიმნებს ქართულ ეკლესიებში გალობდნენ და წარმოთქვამდნენ. (იოსებ ალავერდელი, ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი, რომელიც კახეთში დამკვიდრებულა და აუშენებია სამლოცველო იქ, სადაც ახლა ალავერდის ტაძარი დგას). "მფარველ გვექმენ ჩვენ შვილთა შენთა, მამაო იოსებ, და ევედრე ჩვენთვის ღმერთსა, რათა გვიხსნეს ჩვენ ყოველთა განსაცდელთაგან, სამწყსონი შენნი". მარიამ-მაკრინეს მიერ დაწერილი ჰიმნები შესრულებულია მაღალი ოსტატობით, ყურადღებას იქცევს ენა, მხატვრული გამოსახვის ხერხები. ღვთისმშობლის კულტი ცალკე შეიძლება გამოიყოს მარიამ-მაკრინეს შემოემედებაში. საყურადღებოა მისადმი მიძღვნილი საგალობლები, ამ საგალობლების ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი იამბიკო-შესხმა, რომელიც მაკრინეს მის მიერ გადაწერილი სულხან-საბას ლექსიკონისათვის დაურთავს, დაუწერია ლექსი სულხან-საბას ლექსიკონზე, თავისი წვლილი შეუტანია ქართული ჰაგიოგრაფიის განვითარების საქმეში. მარიამ-მაკრინე ცნობილია, როგორც კალიგრაფიც. მის დამზადებულ ნუსხათაგან აღსანიშნავია სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი, მასვე გადაუწერია სვიმეონ თესალონიკელის "წიგნი სამოძღუროი", შემონახულია მარიამ-მაკრინეს ანდერძი, რომლითაც ცხადი ხდება ამ მოღვაწის მუშაობის მიზანდასახულობა: "ფრიადი შრომა დავსდევ ამას ზედა და გამოწლვილვით გამოვიძიე და სადაც რამ ვჰპოვე, შევჰკრიბე და გავმართე... ფრანგთა და სომეხთაცა ჰქონდათ ესევითარი აღსარების წიგნი. მეც ამისათვს დავშვერ, რამეთუ ჩვენდა არა სადა ყოფილიყო". მარიამ-მაკრინეს დაუწერია საბუთებიც, სახელდობრ, თემურაზ მეორის სიგელი ნინოწმიდისადმი (1733 წელი), მისივე სიგელი ალავერდისადმი (1741). მასვე გადაუწერია ნაწილი თავისი ძმის დავით იმამ-ყული-ხანის "ღვთაების გუჯრისა", მარიამ-მაკრინეს ქართული ეკლესიებისათვის შეუწირავს ხელნაწერები – "მცირე გულანი", "სახარება", მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება და თხზულებანი, ცნობილია მარიამ-მაკრინეს ინიციატივით გადაწერილი წიგნებიც. ქველმოქმედი, ჰიმნოგრაფი, სასულიერო საგალობლების ავტორი, მონაზონი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.439; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.42; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 211; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.539; ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.102-111
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

