შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბერტა ფონ ზუტნერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პრაღა, ჩეხეთი. ავსტრიელი მწერალი ქალი. ევროპაში სახელი გაითქვა პაციფისტური რომანით "ძირს იარაღი!" (1889). 1905 წელს მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია. 1876–1885 წლებში მეუღლესთან, არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერთან ერთად ცხოვრობდა საქართველოში სამეგრელოს დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანთან, რომელსაც ჯერ კიდევ პარიზში ყოფნისას დაუახლოვდა. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა შეიცავს ბელეტრისტულ, პუბლიცისტურ, კრიტიკულ და ისტორიული ხასიათის ნარკვევებს. მისი წიგნი "მემუარები" (1909), რომელშიც ვრცელი თავი მთლიანად ეძღვნება საქართველოს, ჩვენთვის მრავალმხრივ საინტერესოა. აღსანიშნავია, რომ ცოლ-ქმარს, ბერტა ზუტნერის ცნობით, უთარგმნიათ "ვეფხისტყაოსანი" გერმანულ და ფრანგულ ენებზე, მაგრამ ხელნაწერი მიუკვლეველია. სავარაუდოა, რომ ინახება მათ არქივში. 1891 წელს ბერტა ფონ ზუტნერმა პირველად თავის ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღო მშვიდობისმოყვარეთა ძალების კონგრესში, რომელიც გაიმართა რომში "საპარლამენტთაშორისო კავშირის" ორგანიზებით. ამავე წელს მან დააარსა "ავსტრიის მშვიდობის საზოგადოება", რომელიც გახდა პირველი პაციფისტური ორგანიზაცია ქვეყანაში. 1892 წელს ბერტა ფონ ზუტნერი გახდა "ბერნის მშვიდობის ბიუროს" წევრ-დამკვირვებელი, ორგანიზაციისა, რომელიც კოორდინაციას უწევდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ პაციფისტურ ჯგუფებს. 20 წლის განმავლობაში იგი ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 1892 წელს ბერტამ ალფრედ ფრიდთან ერთად დააარსა პაციფისტური ჟურნალი "ძირს იარაღი!". ბერტა ფონ ზუტნერი მონაწილეობდა მშვიდობისმოყვარე ძალთა სხვადასხვა კონფერენციებში და ხშირად იგი იყო ამ კონფერენციების ერთადერთი მონაწილე ქალი. 1902 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ზუტნერმა გააგრძელა აქტიური პაციფისტური მოღვაწეობა. დაასრულა ტურნე აშშ-სა და გერმანიაში, სადაც კითხულობდა ლექციებს (1904-1905), შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს თეოდორ რუზველტს. 1912 წელს დაასრულა თავისი მეორე ვიზიტი აშშ-ში. თავის ლექციებში იგი აფრთხილებდა ჩინეთის მილიტარიზაციის საფრთხეებზე, მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა სამხედრო თვითმფრინავების მშენებლობას. პაციფიზმის საერთაშორისო მოძრაობის აქტივისტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.406 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |