The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ქინქლაძე

ოთარ ქინქლაძე
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:2 მარტი, 1992  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი (ახალი), თბილისი
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1946 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ იწყებს აქტიურ ორგანიზაციულ, სამეცნიერო-პედაგოგიურ და ჟურნალისტურ საქმიანობას; 1947-1950წწ. იყო თბილისის საქალაქო ორგანიზაციის მდივანი სკოლის დარგში; 1950-1953წწ. ქალაქის ერთ-ერთი რაიონის განათლების განყოფილების გამგე; 1953-1955წწ. გაზეთ "სახალხო განათლების" რედაქტორის მოადგილე; 1955-1960წწ. გაზეთ "მოლოდოი სტალინეცის" რედაქტორი; 1960-1963წწ. მეცნიერების, სკოლებისა და კულტურის განყოფილების გამგის მოადგილე; 1963-1965წწ. საქართველოს კინემატოგრაფიის მინისტრი; 1971-1973წწ. შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი; 1973-1976წწ. გაზეთ "ზარია ვოსტოკას" მთავარი რედაქტორი; 1976-1986წწ. საქართველოს განათლების მინისტრი; 1986-1991წწ. ჟურნალ "დროშის" მთავარი რედაქტორი; 1991 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს კონსულტანტი.

ო. ქინქლაძეს ეკუთვნის მრავალი ფუნდამენტალური ნაშრომი და პუბლიკაცია, რომელთაგანაც აღსანიშნავია: "სოლომონ დოდაშვილის პედაგოგიკური შეხედულებანი", "დედაენის აღმზრდელობითი ფუნქცია", "ქართული პრესის საგანმანათლებლო პროგრამა (XIX საუკუნე)", "ოცნება და სინამდვილე" და სხვა სტატიები თუ მონოგრაფიები, რომლებიც ჰარმონიულად აერთიანებენ პედაგოგიკის თეორიასაც და ისტორიასაც, საშუალო თუ უმაღლესი სკოლის პრობლემებსაც და მმართველობითი მუშაობის ეთიკასა და პედაგოგიკასაც;  ო. ქინქლაძის განათლების მინისტრად მოღვაწეობის პერიოდში დასაბამი მიეცა ქართული სკოლის რეფორმას, დაიწყო განმავითარებელი სწავლების დანერგვის პროცესი, საფუძველი ჩაეყარა სახელმძღვანელოთა შინაარსისა და მეთოდიკის განახლებასა და გაეროვნულებას, სკოლები გადავიდნენ სემესტრულ სწავლებაზე და სხვა. ამ რეფორმატორული, პრაქტიკული საქმიანობის თვალსაჩინოებათა რიცხვს მიეკუთვნებიან იმ დროს გამოქვეყნებული ის სტატიები და პუბლიკაციები, რომლებიც იმჟამად საპროგრამო დოკუმენტის ხასიათს ატარებდნენ და დღესაც დიდი აქტუალობით გამოირჩევიან. მათგან აღსანიშნავია: "ესთეტიკური აღზრდის მსოფლმხედველობრივი ასპექტი", "თანამედროვე გაკვეთილი", "ლექცია", "სემინარული მეცადინეობა", "განათლების შინაარსის პოლიტექნიკური მიმართულება" და სხვა; მის სახელს ატარებს მისი ინიციატივით დაარსებული ბავშვთა და მოზარდთა რესპუბლიკის საცხენოსნო სპორტული სკოლა თბილისში; განათლების სამინისტროს ხელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრალური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრა (იყო ამ კათედრის პროფესორი), ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანების საშუალო სკოლა; თბილისში არის ოთარ ქინქლაძის ქუჩა. პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1963), პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1971).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გაზეთი "დროება" და აღზრდის საკითხები", დაიცვა 1963 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული დემოკრატიული პედაგოგიკის ჩამოყალიბება", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.896

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ მე-10 მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1985-1990)
  • საქართველოს სსრ მე-9 მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1980-1985)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია (გარდაცვალების შემდეგ)
  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1981 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1976 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • 1961 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: