The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მაჩაბელი

გიორგი მაჩაბელი
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:31 მარტი, 1935  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლონგ–აილენდის სასაფლაო, ნიუ–იორკი, აშშ
კატეგორია:გამომგონებელი, პოლიტიკოსი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში.

სწავლის პერიოდში სათავეში ედგა მოსწავლეთა წრეს. სწავლა ბერლინის სამთო აკადემიაში გააგრძელა, სადაც მიიღეს ტევტონთა ორდენში. ამ პერიოდში შეძენილმა გერმანელმა მეგობრებმა შემდგომი პოლიტიკური მოღვაწეობისას დიდი დახმარება გაუწიეს. აკადემიაში სტუდენტებს, როგორც მუშებს, თვეების მანძილზე ამუშავებდნენ მაღაროებში, ამან მაჩაბელი თეთრი და შავი სამუშაოს თანაბარი დაუზარლობით შესრულებას მიაჩვია. აკადემიის დამთავრების შემდეგ თავისი შრომით მოიარა მთელი მსოფლიო - ხან მეზღვაური იყო, ხან მძღოლი და ხან შიკრიკი. იყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდაუზოგავი მებრძოლი. პირველი მსოფლიო ომის დროს ბელგიაში იმყოფებოდა, ამის შემდეგ გერმანიაში გადავიდა, სადაც "საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი" დააარსა და კავშირი გააბა 1914 წ. შექმნილ ჟენევის "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან", რომლის ფილიალიც მან საქართველოში გახსნა. იყო გერმანული წყალქვეშა ნავებით იარაღის შემოტანის ინიციატორი და შემსრულებელი. ყოველთვის კისრულობდა ყველაზე რთული დავალებების შესრულებას, თამამად გადადიოდა ერთი ქვეყნიდან მეორეში, მართავდა მოლაპარაკებებს ხან მთავრობის წევრებთან და ხან რევოლუციონერებთან. გიორგი მაჩაბელი მომხრე იყო გერმანელი პრინცის იოახიმის, კაიზერ ვილჰელმ II-ის უმცროსი ვაჟისა და რომელიმე ქართველი პრინცესას დაქორწინებით, გერმანული დინასტიით სათავეში ქართული მონარქიის აღდგენისა. კანდიდატიც შერჩეული ჰყავდა – საქართველოს დამფუძნებელი კრების, ეროვნულ–დემოკრატ მიშო მაჩაბლის ასული მარინა. მაგრამ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფო აღდგა როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა და გიორგი მაჩაბელი დამოუკიდებლობის წლებში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი იყო იტალიაში. 1922 წელს ის ამერიკაში გადასახლდა. წარმატებული ბიზნესის მიუხედავად, არ ჩამოშორებია საზოგადოებრივ საქმეებს. ის იყო 1931 წელს შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი; მატერიალურ დახმარებას უწევდა არა მარტო სათვისტომოს, არამედ ყველა გაჭირვებულ ქართველს. 1924 წელს გახსნა ანტიკვარული მაღაზია "წითელი და შავი" და როგორც საქმოსანმა სულ მალე გაითქვა სახელი. თუმცა არ ივიწყებდა თავის ძველ გატაცებას – სუნამოების შეზავებას და 1926 წელს დააარსა პარფიუმერული კომპანია "Prince Matchabelli", რომელიც 1920-1930–იან წლებში აშშ–ს უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა. მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი. ეს მიგნება ეკუთვნოდა მის მეუღლეს. პირველი სუნამო, რომელიც გიორგი მაჩაბელმა დაამზადა იყო "საქართველოს დედოფალი", მას მოჰყვა "პრინცესა ნორინა", "დიუშეს ოფ იორკ", "ოქროს შემოდგომა", სააბაზანო ზეთი "აბანო", ოდეკოლონი "ქარის სიმღერა", დაპრესილი პუდრი და პომადა. უბრალო ჰობიდან ათ წელში შექმნა არა მარტო მილიონიანი ბიზნესი, არამედ გახდა ნოვატორიც. როდესაც მაჩაბელმა თავისი ბიზნესი წამოიწყო ამერიკას საკუთარი საპარფიუმერიო მრეწველობა ჯერ არ გააჩნდა, რაც მზადდებოდა ფრანგული პროდუქციის ცუდი ასლები იყო ძირითადად. ასე რომ, გიორგი მაჩაბელმა შეავსო ის სიცარიელე, რაც იმ დროს არსებობდა ამერიკულ სპარფიუმერიო წარმოებაში. 1935 წლის ივნისისთვის მე-5 ავენიუზე დაგეგმილი ჰქონდა სადემონსტრაციო დარბაზის გახსნა. მარტში კი ფილიალების გახსნის მიზნით იმოგზაურა შანხაისა და კალიფორნიაში, მაგრამ გზაში გაცივდა და 1931 წლის 31 მარტს ნიუ–იორკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მისმა მეუღლემა, ნორინა ჯილიმ გახსნა ბრწყინვალე სადემონსტრაციო სალონი, სადაც გამოფენილი იყო გიორგის პორტრეტი სამეფო რეგალიებით, 1936 წელს კი ბრენდი "Prince matchabelli" სუნამოების მწარმოებელ სოლ გენცს 250 ათას დოლარად მიყიდა. ფირმა კონექტიკუტის შტატში დღესაც არსებობს, პროდუქცია მისი დამფუძნებლის სახელით და რეცეპტით გამოდის და საფირმო ნიშანიც იგივეა – ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინები. დღესდღეობით "პრინცი მაჩაბელი" ითვლება მსოფლიო პარფიუმერიის კლასიკად.  ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და პარფიუმერი, "სუნამოების პრინცად" წოდებული. 

წყარო: ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზურაბ ქუთათელაძე.-თბ.,2011.-გვ.114


გააზიარე: