The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



გენო ღვალაძე

გენო ღვალაძე
ოფიციალური სახელი:ევგენ ღვალაძე
დაბადების თარიღი:13 მაისი, 1900
გარდაცვ. თარიღი:15 ოქტომბერი, 1937  (37 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკური ლიდერი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სვერი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელი 1917 წელს.

 1920 წლის ივლისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გიმნაზიის, "ნუცუბიძის კურსები"-ს დამთავრებისთანავე, მან ლეიტენანტის სამხედრო წოდებით სამსახური დაიწყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ არმიაში; 1921 წლის თებერვალ-მარტში პორუჩიკი ევგენი ღვალაძე აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკური რუსეთისმე-11 წითელი საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელას ცნობილ ბრძოლებში და ბათუმის ომში, რომლის დროსაც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დივიზიის მიერ ბათუმი და აჭარის მნიშვნელოვანი ნაწილი გაწმენდილ იქნა თურქული სამხედრო შენაერთებისგან. ბოლოშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ ის თბილისში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში; 1922 წლის 26 მაისს იგი იყო თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მრავალათასიანი მშვიდობიანი მანიფესტაციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. იმავე დღეს, მანიფესტაციის სხვა ორგანიზატორებთან ერთად იგი დაპატიმრებულ იქნა ბოლშევიკური "საგანგებო კომისიის " (ე.წ. "ჩეკა") მიერ; თვენახევრის მანძილზე იმყოფებოდა მეტეხის ციხეში; 1922-1924წწ. იყო საქართველოს არალეგალური ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) რწმუნებული კახეთის მხარეში და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა პოლკოვნიკ ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილის "შეფიცულთა რაზმთან"; აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს საყოველთაო-სახალხო ამბოხების მომზადებაში; იგი "ჩეკა"-მ დააპატიმრა და 1925 წლის მარტამდე იმყოფებოდა მეტეხის ციხეში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1926-1932წწ. იყო საქართველოს დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი და ეწეოდა ნაყოფიერ საადვოკატო მოღვაწეობას; 1932 წელს პროტესტის ნიშნად დატოვა ადვოკატთა კოლეგია და თავი დაანება ამ დარგში მოღვაწეობას; 1932-1935წწ. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სამშენებლო სამმართველოს ("ზაკჟელდორსტროი") საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე; 1935-1937წწ. ერთ-ერთი სამრეწველო ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერი და გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის ლექტორი. იყო ეროვნული ხასიათის 70-მდე ნარკვევის, პუბლიცისტური წერილის და 30–ზე მეტი ლექსის ავტორი. ეს წერილები და ლექსები ქვეყნდებოდა 1916-1926წწ. ქართულ პერიოდულ პრესაში. მისი რამდენიმე საყურადღებო წერილი ფსევდონიმებით ("გ.", "გენო" და სხვ.) გამოქვეყნდა ქართულ ემიგრანტულ პერიოდიკაში. მას ეკუთვნოდა რომანი "დიმიტრია ბლაჟა ანუ რომანი ნაგლეჯებში", რომლის ხელნაწერის კონფისკაცია მოახდინა საქართველოს სსრ "შინსახკომმა" 1937 წელს (ამჟამად თხზულება დაკარგულია). 1937 წლის 9 აგვისტოს იგი კვლავ დააპატიმრეს. იმავე წლის 5 ოქტომბერს "შინსახკომის" ე.წ. "დიდმა სამეულმა" მას მიუსაჯა დახვრეტა. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი იმავე წლის 15 ოქტომბერს, თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. 2009 წელს ევგენ ღვალაძის სახელი მიენიჭა ქ. ჭიათურის ერთ–ერთ ქუჩას;  2012 წელს - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ ქუჩას. ქართველი ადვოკატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1921-1937 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, წმ. გიორგის ორდენის კავალერის, კავალერიის გადამდგარი ოფიცრის, მანგანუმის მრეწველის არტემ ღვალაძის შვილი.

წყარო: http://www.georoyal.ge/?m=1000&id=2618

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნულ-პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაცია: ეროვნული ერთობის დარაზმულობა "თეთრი გიორგი“ (საფრანგეთი), ორგანიზაციის წევრი და საქართველოში მისი პირველი კონსპირაციული ჯგუფის ხელმძღვანელი (1926-1937)
  • საქართველოს აკადემიურ მწერალთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტია, წევრი (1917-1923)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1921 - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) "თეთრი გიორგის ჯვრის" კავალერი
    მე–11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლისას გამოჩენილი მამაცობისათვის

გააზიარე: