Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ღორეშა, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია. ამ პერიოდიდან ებმება მარქსისტული წრეების მუშაობაში. 1901 წელს სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. აქტიურად მუშაობდა ჟენევის სოციალისტურ წრეებში, "ისკრის" დამხმარე ჯგუფში; ჟენევაში დაქორწინდა მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძეზე (1880-1937 წწ.). 1905 წელს დაბრუნდა თბილისში და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში; ჩაბარებული ჰქონდა რამდენიმე მუშათა წრე საპროპაგანდოდ. 1905 წელს, ამიერკავკასიაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ იყო აქტიური "მენშევიკი"; მისი მეუღლე მალაქია ტოროშელიძე კი "ბოლშევიკი". 1906 წლის დასაწყისში რევოლუციური მოძრაობის ჩახშობის და რეაქციის გამძაფრების გამო პარტიულ სამუშაოზე გაგზავნეს ქალაქ ბაქოში. 1906 წელს კვლავ ჟენევაში დაბრუნდა სადაც დარჩა და დააასრულა სასწავლო კურსი. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ 1914 წელს ევაკუაციის წესით დაბრუნდა რუსეთის იმპერიაში. დროებით მუშაობდა სამტრედიაში, ხოლო შემდეგ თბილისში, ქალაქთა კავშირში. 1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის არმიის თავდასხმისას მუშაობდა საქართველოს წითელ ჯვარში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას დაპატიმრებულ სოციალ-დემოკრატების და ფედერალისტების ოჯახების დასახმარებლად, რის გამოც 1924 წლის დასაწყისში იძულების წესით გაასახლეს მოსკოვში. 1925 წელს თვითნებურად დაბრუნდა თბილისში, მაგრამ კვლავ მოსკოვში გაგზავნეს. 1925 წელს "მენშევიკურ" პარტიაში მუშაობაზე უარის თქმის შემდეგ მისცეს თბილისში დაბრუნების უფლება. 1936 წელს სსრკ-ს შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა მას 5 წლით ყაზახეთის სსრ-ში გადასახლება მიუსაჯა. გადასახლებაში ყაზახეთის სსრ-ში ქალაქ ჩიმკენტში მუშაობდა პოლიკლინიკაში, სადაც დააპატიმრეს 1937 წელს. 1937 წლის დეკემბრიდან იმყოფებოდა "ტაიშეტლაგში" (ტაიშეტის შრომა-გასწორების ბანაკი), სადაც მუშაობდა ექიმად. 1942 წლის აპრილში გადააგზავნეს "ყარლაგში" (ყარაგანდის შრომა-გასწორების ბანაკში), სადაც 1942 წლის 7 მაისიდან მუშაობდა დასახლება ბიდაიკის საავადმყოფოში. სასჯელის ვადა დაუმთავრდა 1945 წლის 5 ივნისს, მაგრამ არ მისცეს სამშობლოში დაბრუნების საშუალება და 1947 წლის 28 თებერვალს სსრკ-ს შინსახკომთან არსებული განსაკუთრებული სათათბიროს დადგენილებთ 3 წლით გაუგრძელეს გადასახლების ვადა. გათავისუფლდა 1950 წელს და დაბრუნდა თბილისში. რეაბილიტირებულია 1956 წელს. წყარო: სამხრეთ კავკასია - ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია : www.feminism-boell.org; ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.39 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |