The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაიანე ხაჩატურიანი

გაიანე ხაჩატურიანი
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1942
გარდაცვ. თარიღი:1 მაისი, 2009  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სკოლაში სწავლის პარალელურად ფერწერის გაკვეთილებს ესწრებოდა იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელთან არსებულ მოსე თოიძის სკოლაში (პედაგოგი გუგული ქურდიანი). სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ორწლიანი მოსამზადებელი კურსი გაიარა, თუმცა ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის რჩევით, აკადემიაში შესვლა გადაიფიქრა, რათა "საკუთარი, ორიგინალური ხედვა არ დაეკარგა"; პროფესიული სამხატვრო განათლება მას შემდეგ აღარ მიუღია. წლების მანძილზე ნამუშევრებს ელენე ახვლედიანს უჩვენებდა და მისგან რჩევებს იღებდა. სწორედ ამ უკანასკნელმა შეახვედრა პირველად მხატვარს სერგო ფარაჯანოვი. ნაცნობობა დიდ, მრავალწლიან მეგობრობაში გადაიზარდა. რეჟისორი ძალიან აფასებდა გაიანეს ნიჭს და ხელს უწყობდა მისი შემოქმედების პოპულარიზაციას. 1971 წელს უნდა შემდგარიყო გაიანეს პერსონალური გამოფენა ერევანში, ტელევიზიის ოფისში, მაგრამ გამზადებული ექსპოზიცია, სადაც 40 სურათი იყო წარმოდგენილი, აკრძალეს. მოგვიანებით გამოფენა მაინც შედგა ფიზიკის ინსტიტუტში. სიცოცხლის მანძილზე არაერთ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ჰქონია პერსონალური გამოფენები თბილისში, ერევანსა და მოსკოვში. გარდაცვალების შემდეგ მისი ნამუშევრები ვენეციის 53-ე საერთაშორისო ბიენალეზე იქნა გატანილი. ადრეული ასაკიდან წერდა ლექსებს რუსულ ენაზე. მისი ჩანაწერები რიტმული პროზის საუკეთესო ნიმუშია, რომელიც გაიანეს შემოქმედების გააზრების ერთგვარი გასაღებიცაა. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: "მუშტაიდი, მტკვრის შრიალი", "ლურჯი ტბა შავი ჯიქის ჩრდილში", "ბრმა ანგელოზის ხიდი", "ანგელოზის მიერ წითელი აივნის მონახულება", "სარკის прялка და ქარი", "ლეოპარდისებრი სიმის თეატრი", "სპილო - მეწამული ციცინათელა", "საზანდარი - ყვითელი ნადიმი", "ლურჯი კაკლის არფის ღამე". ნამუშევრები დაცულია მხატვრის ოჯახში, ერევნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში. მისი 8 ფერწერული ტილო მოხვედრილია საბჭოთა იატაკქვეშეთის მხატვრობის ცნობილ კოლექციაში, რომელიც ნენსი და ნორტონ დოდჯებმა შეაგროვეს და ნიუ-ჯერსის შტატის უნივერსიტეტის ციმერლის მუზეუმს უანდერძეს.

წყარო: http://www.feminism-boell.org/ka/2014/06/13/gaiane-xachaturiani


გააზიარე: