The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ თარხნიშვილი

მიხეილ თარხნიშვილი
სხვა სახელი:მიქაელ თარხნიშვილი
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1897
გარდაცვ. თარიღი:15 ოქტომბერი, 1958  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცხოელ მამათა საერთო აკლდამა, ვატიკანი, რომი, იტალია
კატეგორია:თეოლოგი, მკვლევარი, სასულიერო პირი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

იკვლევდა ძველი ქართული, ქრისტიანული აღმოსავლეთისა და ბიზანტიის ლიტერატურათა, საქართველოს ეკლესიისა და სასულიეო მწერლობის ისტორიის საკითხებს. ცხოვრება და მოღვაწეობა მოუხდა სამშობლოს გარეთ. 1913–1917 წლებში სწავლობდა კონსტანტინოპოლის (სტამბოლი) ქართველ კათოლიკეთა სამონასტრო სკოლაში, 1917 წლიდან 1919 წლმდე–გერმანიაში, ეტალის ბენედიქტელთა სააბატოში. 1919 წელს მცირე ხნით დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ იმავე წელს კვლავ სტამბოლში გაემგზავრა და სამშობლოში აღარც დაბრუნებულა. 1924 წელს ავსტრიაში გაემგზავრა და სანტა-გაბრიელის საღვთო სიტყვის საზოგადოებაში დაასრულა ფილოლოგიისა და ფილოსოფიის კურსი. 1931 წლიდან რომში მოღვაწეობდა. 1931 წლის 6 აგვისტოს ეკურთხა მღვდლად გროტაფერატას ბერძნულ სააბატოში. 1930–1933 წლებში სწავლობდა რომის პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ დაიცვა დისერტაცია და მიიღო დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1935 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში. 1943 წლიდან დამკვიდრდა რომში. მიხეილ თარხნიშვილმა გამოავლინა, შეისწავლა და გამოაქვეყნა უცხოეთის წიგნთსაცავებში დაცული ქართული მასალა. გრაცის უნივერსიტეტსა და ვატიკანის ბიბლიოთეკებში დაცული ქართული ხელნაწერების მიხედვით გამოსცა "ჟამის წირვათას" ქართული რედაქციები ლათინური თარგმანითურთ (1950), გრიგოლ ბაკურიანის "პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი" (1954), "იერუსალიმის ეკლესიის დიდი ლექციონარი" (1959), კ. კეკელიძის "ძველი ქართული მწერლობის ისტორიის" I ტომის თარგმანი გერმანულ ენაზე ი. ასფალგთან ერთად. ამ თარგმანის საფუძველზე დაიწერა "ქართული სასულიერო ლიტერატურის ისტორია" (1955). ამავე წელს გამოაქვეყნა ეგვიპტეში, თებეს ნეკროპოლში აღმოჩენილი ქართული წარწერები, შეადგინა ქართულ-ფრანგული ლექსიკონი. მიხეილ თარხნიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ევროპის ავტორიტეტულ ჟურნალებთან, განსაკუთრებით ჟურნალ "ბედი ქართლისასთან". ევროპულ ენციკლოპედიებს აწვდიდა მასალებს საქართველოს შესახებ. მიხეილ (მიქაელ) თარხნიშვილის არქივი დაცულია ისტორიკოს ჯუანშერ ვათეიშვილის არქივში, რომელიც ხელოვნების სასახლეს გადაეცა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.478; reportiori.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: