შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯვარისა, ონის მაზრა. დაამთავრა ქ. ონის შრომის სკოლა და ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ამბროლაურის რაიონში; 1934 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიის სპეციალობით. ამავე დროს ჩააბარა გეოგრაფიის სპეციალობით გათვალისწინებული ყველა განსხვავებული საგანი. მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გეოლოგიურ განყოფილებაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1936-1942წწ. ამ განყოფილების გაგმეა; 1942-1946წწ. იყო წითელი არმიის რიგებში; 1943-1945წწ. მივლინებით იმყოფებოდა ირანში, სადაც ასრულებდა გეოლოგიურ სამუშაოებს; 1946 წლიდან კვლავ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გეოლოგიურ განყოფილებაშია, ხოლო 1951 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. წლების განმავლობაში იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1930-1940წწ. ხელმძღვანელობდა ალპინისტურ ასვლებს მყინვარწვერზე (ხუთგზის), იალბუზზე (დას. მწვერვალი), ნაჰარზე, სოფრუჯუზე, ედენაზე, ულუყარაზე, სპარტაკსა და სხვამწვერვალებზე; შუა აზიის მაღალმთიანეთში მოგზაურობასა და კვლევით მუშაობას მიუძღვნა სპეციალური ნაშრომი. მას ერთ-ერთ პირველს მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება ალპინიზმში. 1935, 1937, 1938 წლებში სწავლობდა კავკასიონის სამხრეთ ფერდის თანამედროვე მყინვარების მდგომარეობას და მეოთხეული დროის გამყინვარების საკითხებს. გარკვეული წვლილი შეიტანა საქართველოს ნეოგენური ნალექების შესწავლისა და სტრატიგრაფიული დანაწილების საქმეში. მის სადოქტორო ნაშრომში დეტალურადაა გაშუქებული პლეისტოცენური ნალექების გენეტური ტიპები და მათი ურთიერთკავშირი; მოცემულია ცალკეული გენეტური ტიპის სტრატიგრაფიული დანაწილება და ასაკი, აღდგენილია საქართველოს მეოთხეული პერიოდის პალეოგეოგრაფიული სურათი. გამოქვეყნებული აქვს 120 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც მთავარი ადგილი უჭირავს საქართველოსა და კავკასიის მეოთხეული პერიოდის ნალექებს, მათი სტრატიგრაფიის, ტექტონიკის, პალეოგეოგრაფიის, გეომორფოლოგიის და გლაციოლოგიის საკითხებს. ნაშრომები გამოქვეყნებულია საზღვარგარეთაც (აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, პოლონეთი და სხვ.). გარდა ამისა, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პოპულარული ხასიათის სტატიები და ნაშრომები. მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან საფუძველი ჩაუყარა მეოთხეული პერიოდის კვლევას, გლაციოლოგიისა და გამოყენებითი გეომორფოლოგიის საგნების სწავლებას. იყო ინიციატორი გეოგრაფიის ინსტიტუტში მეოთხეული გეოლოგიის განყოფილების ჩამოყალიბებისა, რომელსაც ხელმძღვანელობა 15 წლის განმავლობაში. მანვე საფუძველი ჩაუყარა ინსტიტუტში გლაციოლოგიურ კვლევას. იყო სხვადასხვა დროის საერთაშორისო და საკავშირო ეროვნული კომიტეტის წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მთამსვლელი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1965). საკანდიდატო დისერტაციის თემა: "ჩრდილო ირანის დაავლეთი ნაწილის გეომორფოლოგიური მიმოხილვა". დაიცვა 1948 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა: "საქართველოს პლეისტოცენური ნალექები". დაიცვა 1965 წელს. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.962; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ. 306; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.293-294 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |