The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კირილე ნინიძე

კირილე ნინიძე
სხვა სახელი:"კ. ნ-ძე", "Козел" "გვაბრათელისა"  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1878
გარდაცვ. თარიღი:14 სექტემბერი, 1937  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ასკანა, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია. სწავლა განაგრძო იურევის (დორპატის / ტარტუს) უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც სამი კურსი დაასრულა. ამ პერიოდიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში ტფილისში; იყო რსდმპ ტფილისის ორგანიზაციების ხელმძღვანელი კოლექტივის წევრი; 1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ "მენშევიკების" ფრაქციაში. თანამშრომლობდა პრესაში "გვაბრათელისა" და "კ. ნ-ძეს" ფსევდონიმებით, "ოხრანკის" თვალთვალის ჟურნალებში გატარებულია მეტსახელ "Козел"-ით. კიდევ რამდენჯერმე - 1903 და 1908 წწ. - დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით; გადასახლებული იყო სარატოვის მხარის ქალაქ ვოლსკში. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა პედაგოგად სხვადასხვა სასწავლებლებში. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად, იყო აგრარული კომისიის თავმჯდომარე, იურიდიული და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი. 1921 წლის იანვარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა 11 წევრთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი "სხივი", რომელიც აკრიტიკებდა პარტიას იდეური პრინციპების დარღვევის, სახელმწიფო მმართველობის წარუმატებელი კურსისა და პარტიაში შიდა დემოკრატიის შესუსტების გამო. 1921 წლის იანვარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის ორგანიზაციების კონფერენციაზე "სხივის" ჯგუფს უმრავლესობამ მოსთხოვა დაეცვა პარტიული დისციპლინა და შეეწყვიტა საკუთარი პარტიის ღია კრიტიკა გაზეთ "ახალი სხივის" ფურცლებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაირიცხებოდნენ პარტიიდან. საპასუხოდ "სხიველთა" ჯგუფმა, 1921 წლის 11 თებერვლის დამფუძნებელი კრების სხდომაზე საჯაროდ განაცხადა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დატოვების და "დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტია - სხივის" შექმნის შესახებ, რომელმაც ცალკე - ოპოზიციური ფრაქცია შეადგინა დამფუძნებელ კრებაში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ "სხიველები" დარჩნენ საქართველოში და აგრძელებდნენ საკუთარი გაზეთის "ახალი სხივის" გამოცემას, რომელიც 1921 წლის ივნისში ბოლშევიკურმა რეჟიმმა დახურა კრიტიკის გამო და კირილე ნინიძე "სხიველთა" ჯგუფის ლიდერებთან - ნიკიფორე იმნაიშვილსა და მუხრან ხოჭოლავასთან ერთად მცირე ხნით დაააპატიმრა. 1922 წლის 15 თებერვალს მეორედ დააპატიმრეს ხაშურში, საქართველოს ოკუპაციის წლისთავზე საპროტესტო მანიფესტაციების თავიდან არიდების მიზნით საბჭოთა რეჟიმის მიერ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მასობრივი დაპატიმრების ოპერაციის დროს. მოთავსებული იყო მეტეხის N2 "გამასწორებელ სახლში" იზოლაციის წესით. პატიმრობიდან გაათავისუფლეს 1922 წლის 1 მაისს. შემდგომ პერიოდში რამდენჯერმე დააპატიმრეს მცირე ხნით. 1922 წლის პირველი ნახევრიდან "სხივის" წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობდა ბოლშევიკურ რეჟიმთან საბრძოლველად საერთო ფრონტის შექმნის მიზნით პარტიათაშორისი მოლაპარაკებების პროცესში. 1922 წლის ბოლოდან - მუხრან ხოჭოლავას გარდაცვალების შემდეგ - იყო "სხივის" წარმომადგენელი "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში". მუშაობდა დამცველთა (შემდგომში - ადვოკატთა) კოლეგიაში. კირილე ნინიძე დამფუძნებელი კრების დეპუტატებთან - ოსიკო ბარათაშვილსა და სამსონ დადიანთან ერთად 1924 წლის მარტში იცავდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სამღვდელო პირთა ჯგუფს და კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის, რომელთაც საბჭოთა რეჟიმი ანტისაბჭოთა პროპაგანდასა და საეკლესიო განძეულობის გადამალვაში სდებდა ბრალს. კიდევ ერთხელ დააპატიმრეს 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დროს. 1925 წლის 15 ივლისიდან 3 აგვისტომდე, კირილე ნინიძე სხვა 46 პოლიტპატიმართან ერთად გაასამართლა საქართველოს სსრ უზენაესმა სასამართლომ ე. წ. "პარიტეტული კომიტეტის პროცესზე", 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების ბრალდებით; სასამართლომ ბრალდების დაუსაბუთებლობის გამო პატიმრობიდან გაათავისუფლა. შემდგომ წლებში განაგრძობდა ადვოკატთა კოლეგიაში მუშაობას და პოლიტიკურ პროცესებზე დამცველად გამოდიოდა. 1928 წელს კვლავ დააპატიმრეს არალეგალური ანტისაბჭოთა მუშაობის ეჭვით. 1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს საქართველოს სსრ შინსახკომმა ძალისმიერი მეთოდებით ზეწოლის გზით მოახერხა მიეღო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ყოფილი ლიდერებისაგან, მათ შორის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისაგან, აღიარებითი ჩვენებები, რომელთა თანახმადაც საქართველოში არსებობდა კონტრრევოლუციური "მენშევიკური ცენტრი", რომლის მიზანიც იყო საბჭოთა სახელმწიფოს დამხობა შეიარაღებული გადატრიალებისა და უცხოეთიდან სამხედრო ინტერვენციის გზით. კირილე ნინიძე დააპატიმრეს 1937 წლის 15 აპრილს, თბილისში, "მენშევიკური ცენტრის" წევრობის ბრალდებით. 1937 წლის 13 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 14 სექტემბრის ღამეს. რეაბილიტირებულია სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ 1960 წლის 29 სექტემბერს.

წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-1921)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

გააზიარე: