The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლასა მგელაძე

ვლასა მგელაძე
სხვა სახელი:"ვ.მ.", "ბიქ-ტორი", "ვლ. მგ-ძე", "ვლ. დ. მგელაძე-ტრია", "ტრია", "იტრია", "ვ. ხალხიშვილი", "ხალხის შვილი", "ლასა", "ლას-მანი", "ვ. გურჯი", "ფიდაი-ლასსალი" "მკვიდრი"  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:დეკემბერი, 1871
გარდაცვ. თარიღი:1943  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:მწერალი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზომლეთი, ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრა.

სწავლობდა აკეთის ერთკლასიან სკოლაში, სადაც ასწავლიდნენ არსენ წითლიძე (სოციალისტური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლი) და ირაკლი შევარდნაძე. სკოლის დასრულება ვერ შეძლო, რადგან ბიძამ - ლუკა წულაძემ შეგირდად მიაბარა ქუთაისში, პეტრე წულუკიძის სტამბაში, სადაც სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. შემდეგ გადავიდა ტფილისში, სადაც ჯერ ექვთიმე ხელაძის სტამბაში მუშაობდა, ხოლო შემდგომ მაქსიმე შარაძის სტამბაში - "ივერიის" და მატინიანცის სტამბაში - "კვალის" ასოთამწყობად; გაზეთების რედაქციებში გაიცნო ეგნატე ნინოშვილი (ინგოროყვა) და სილიბისტრო ჯიბლაძე, რომელთაც დაიახლოვეს და სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში ჩართეს; 1894 წელს დაბეჭდა პირველი არალეგალური წიგნაკი სემინარიის ბუნტზე და დეკანოზ ჩუდეცკის მკვლელობაზე და ამ დროიდან აქტიურად ჩაება არალეგალური ორგანიზაციების მუშაობაში. ამავე დროიდან დაიწყო თანამშრომლობა ლეგალურ პრესაში: გამოაქვეყნა პირველი წერილი სტამბის მუშების ცხოვრების შესახებ; 1895 წელს "კვალში" დაიბეჭდა მისი დიდი წერილი მცხეთობის დღესასწაულის შესახებ; 1900 წელს იყო ტფილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების მიერ ქალაქგარეთ, მლაშე ტბებთან მოწყობილი პირველმაისობის ზეიმის მონაწილე; იმავე წელს რკინიგზის გაფიცვის დროს ბეჭდავდა პროკლამაციებს. მცირე ხნით იყო დაპატიმრებული 1900 წელს. 1901 წელს ტფილისში პირველმაისობის საჯარო დემონსტრაციაში მონაწილეობის შემდეგ, რამდენიმე დღეში კვლავ დააკავეს და სამი თვის პატიმრობის შემდეგ ჟანდარმთა შეფის, როტმისტრ ლავროვის განკარგულებით ტფილისიდან გააძევეს. გასახლების შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა ბათუმში, სადაც აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის მუშაობაში - მოაწყო არალეგალური სტამბა. ცნობილი იყო პარტიული მეტსახელებით: "ტრია" და "ტრიაძე". 1901 წელს იგი დაეხმარა ლადო კეცხოველს შრიფტის შოვნაში და ბაქოში არალეგალური სტამბის ორგანიზებაში პირველი ქართული არალეგალური სოციალ-დემოკრატიული ჟურნალის "ბრძოლის" გამოსაცემად; მასვე ეკუთვნის ჟურნალის პირველი მოწინავე სტატია "მიძღვნა", "ერთი მუშათაგანის" ფსევდონიმით; 1901 წელს დააპატიმრეს ტფილისის რკინიგზის სადგურზე და 17 თვეს იჯდა მეტეხის ციხეში, შემდეგ კი ადმინისტრაციული წესით სამი წლის ვადით გადაასახლეს ირკუტსკში, საიდანაც გაიქცა 1904 წელს; 1904 წელს იყო ბაქოში და მუშაობდა არალეგალურ სტამბა "ნინაში"; 1905 წელს მუშაობდა ბათუმში, პარალელურად - ტფილისში, ხელმძღვანელობდა ბომბების სახელოსნოს მოწყობას, აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში, "სომეხ-თათართა შეტაკებების" განმუხტვაში; 1906 წელს ტფილისის ორგანიზაციის დელეგატის სტატუსით და "ტრიას" ფსევდონიმით ესწრებოდა რსდმპ სტოკჰოლმის ყრილობას, სადაც წარმოთქვა საყურადღებო სიტყვა; 1906 წელს ტფილისის თვითმმართველობაში წარმოთქვა სიტყვა სახელმწიფო სათათბიროს -  "დუმის“ არჩევნების შესახებ, ასევე, სათავადაზნაურო გიმნაზიის დარბევის დროს მოკლული პედაგოგის და სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრის შიო ჩიტაძის დაკრძალვაზე; 1907 წელს აქტიურად მონაწილეობდა მეორე სახელმწიფო სათათბიროს 1907 წლის საარჩევნო კამპანიაში; 1907 წელს იყო რსდმპ ლონდონის ყრილობის დელეგატი ტფილისის ორგანიზაციიდან; 1907 წელს მუშების სახელით სიტყვა წარმოთქვა ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე; 1908 წელს არალეგალურად გაემგზავრა ევროპაში, სადაც გაეცნო გიორგი პლეხანოვს და რუსეთის და ევროპის სოციალისტური, ნაროდნიკული და ანარქისტული მოძრაობის სხვა ლიდერებს - პეტრე კროპოტკინს, სერგეი სტეპნიაკ-კრაჩევსკის, მაქსიმ გორკის, ჟან ჟორესს; ამავე წელს წავიდა სპარსეთში და იყო "თავრიზის რევოლუციის" მონაწილე, კავკასიიდან სპარსეთში დასახმარებლად ჩასული სოციალ-დემოკრატიული "წითელი რაზმების" მეთაური და რევოლუციონერების მიერ ჩამოყალიბებული ადგილობრივი მთავრობის წევრი. ბრძოლისათვის მზადებისას ხელში აუფეთქდა ყუმბარის დეტონატორი, რის გამოც დასახიჩრებული ჰქონდა მარჯვენა ხელი; 1909 წელს თეირანში მონაწილეობდა პარლამენტის გახსნაში, სადაც წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა. სპარსეთში ცნობილი იყო "გურჯი-ლასას" და "ფიდაი-ლასსას" მეტსახელებით; 1910 წელს გაემგზავრა ევროპაში, სადაც მართავდა საღამოებს და აკეთებდა საჯარო მოხსენებებს სპარსეთის რევოლუციის შესახებ, რასაც დიდი ინტერესით ეცნობოდა საზოგადოება. მაქსიმ გორკიმ იგი სტუმრად მიიწვია კუნძულ კაპრიზე, სადაც ასევე სტუმრობდნენ ვლადიმერ ლენინი და მიხაილო კოციუბინსკი, რომლებიც ვლასა მგელაძემ პირადად გაიცნო; 1910 წელს რსდმპ ცენტრალური კომიტეტის სპეციალური დავალებით დაბრუნდა საქართველოში კავკასიის საოლქო კომიტეტთან - ნოე ჟორდანიასა და სილიბისტრო ჯიბლაძესთან მოსალაპარაკებლად, თუმცა, 1910 წლის მარტში ჟანდარმერიამ ბათუმში დააპატიმრა და 1911 წელს ადმინისტრაციული წესით როსტოვში გადაასახლეს. გადასახლებიდან გაიქცა ფინეთში, მაგრამ სპარსეთში მდგომარეობის გართულების ცნობის მიღების შემდეგ, კვლავ სპარსეთში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა, 24 ოქტომბერს (ძველი სტილით) გზად ბაქოში დააპატიმრეს და 6 თვის შემდეგ ისევ როსტოვში გადაასახლეს ადმინისტრაციული წესით. კვლავ გაიქცა როსტოვიდან და არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში. 1912 წელს კავკასიის საოლქო კომიტეტმა გაგზავნა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან საიდუმლო მოლაპარაკებისათვის - "დუმის" არჩევნებისთვის ფინანსური დახმარების თხოვნით. ევროპაში ყოფნისას ვლასა მგელაძემ ჩინეთში რევოლუციური მოძრაობის დაწყების ამბავი გაიგო და მასში მონაწილეობა გადაწყვიტა, მაგრამ გზად კვლავ სპარსეთში მდგომარეობის გართულების შესახებ შეიტყო და იქ გამგზავრება არჩია. ევროპაში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობა მიიღო ვენის "მენშევიკურ" კონფერენციაში ("აგვისტოს ბლოკი"); 1912 წელს გერმანიაში დაესწრო ჰემნიცის "პარტაიტაგს", მოახერხა მოთხოვნილი დახმარების მიღება გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიისაგან და დაბრუნდა ტფილისში. დაბრუნების შემდეგ 1913 წლის 17 იანვარს (ძველი სტილით) კვლავ დააპატიმრეს და 5 წლით გადაასახლეს ნარიმის მხარეში, საიდანაც მალევე გაიპარა, მაგრამ ისევ დააპატიმრეს ტომსკში, თუმცა კიდევ ერთხელ მოახერხა გაქცევა და არალეგალურად ცხოვრობდა პეტერბურგში, შემდეგ კი ბაქოსა და გურიაში. 1914 წელს ყალბი პასპორტით (შლობა იანკელის ძე ებშტეინის გვარით) გურიიდან გაგზავნეს ვენის სოციალისტური ინტერნაციონალის კონგრესზე, სადაც წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ფრანგულად თარგმნა კოტე ანდრონიკაშვილმა და დაიბეჭდა საზღვარგარეთულ გამოცემებში; 1914 წლის მაისში იყო ბრიუსელის კონგრესის დელეგატი; 1915 წლისათვის ცხოვრობდა ვენაში - თანამშრომლობდა უკრაინულ ორგანიზაცია "უკრაინის გაერთიანებულ ინტერპარტიულ მთავრობასთან"; 1915-1916 წლებში რამდენჯერმე იყო სტამბოლში, სადაც მოლაპარაკებები ჰქონდა "საქართველოს გათავისუფლების კომიტეტთან"; 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გერმანიის ხელშეწყობით ბოლშევიკ ემიგრანტებთან ერთად ე. წ. "დაპლომბილი ვაგონით" დაბრუნდა პეტროგრადში, საიდანაც მალევე გაემგზავრა ტფილისში. 1917 წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის (შემდგომში სახალხო გვარდიის) ერთ-ერთი დამაარსებელი; 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს; 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა თბილისში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის აპრილში სიტყვა წარმოთქვა სამხედრო ტაძრის გალავანში 9 მარტს დაკრძალული უცნობი ჯარისკაცების დაღუპვიდან მეორმოცე დღის აღსანიშნავ სამგლოვიარო დემონსტრაციაზე, რის გამოც საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ ("ჩეკა") მისი დაპატიმრება სცადა, თუმცა მიმალვა მოახერხა; 1921 წელსვე კვლავ სამგლოვიარო დემონსტრაციაზე - ყოფილი სამხედრო მინისტრის, პარმენ ჭიჭინაძის დაკრძალვაზე - წარმოთქვა სიტყვა, რის გამოც დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს ავადმყოფობის გამო, ამის შემდეგ კვლავ არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა. 1922 წელს ვლასა მგელაძე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა ("დამკომმა") გენუაში გაგზავნა დელეგატად და ემიგრაციაში მყოფ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად; 1923 წელს მონაწილეობდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ გაერთიანებულ ყრილობაში აუგსბურგსა და ნიურნბერგში; 1924 წლის დასაწყისში ვლასა მგელაძე არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში და შეიარაღებული აჯანყების სამზადისში ჩაება; 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყებისას ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ გამოსვლას ქუთაისის მაზრაში. აჯანყების დამარცხებისა და საბჭოთა ხელისუფლების მიერ მასობრივი რეპრესიების დაწყების შემდეგ თავს აფარებდა გურიას. 1925 წლის სექტემბერში იგი არალეგალურად გაემგზავრა საზღვარგარეთ. შემდგომ წლებში ცხოვრობდა ნიცაში, მუშაობდა მემუარებზე, ბეჭდავდა პოეტურ ნაწარმოებებსა და პუბლიცისტურ წერილებს ქართულ ემიგრანტულ გამოცემებში.

წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ–დემოკრატიული პარტია, ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი
  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-1921)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-1921)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: