The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ ჩერქეზიშვილი

ვარლამ ჩერქეზიშვილი
სხვა სახელი:ვაზიანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1846
გარდაცვ. თარიღი:18 აგვისტო, 1925  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლონდონი
კატეგორია:პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თოხლიაური, საგარეჯოს რაიონი.

ჯერ კიდევ კადეტთა კორპუსში სწავლისას ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1866 წელს პირველად დააპატიმრეს, რუსეთის იმპერიის ხელისუფლების წინააღმდეგ ორგანიზაციაში მონაწილებისათვის, დ. კარაკოზოვის საქმესთან დაკავშირებით. გათავისუფლების შემდეგ, 1867-1868წწ. სტუდენტთა რევოლიუციურ წრეს ხელმძღვანელობდა; 1869 წლიდან ის აქტიურად მოღვაწეობდა ს. ნეჩაევის რევოლუციურ ორგანიზაციაში, რისთვისაც იმავე წელს კვლავ დააპატიმრეს და 1873 წელს ციმბირში, ქალაქ ტომსკში გადაასახლეს; 1876 წელს გადასახლებიდან საზღვარგარეთ გაქცევა მოახერხა და კვლავ რევოლიუციურ მოძრაობაში ჩაება. ის ძირითადად ბაკუნინელთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა. მისი სტატიები ფილოსოფიურ და სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე სხვადასხვა გამოცემებში იბეჭდებოდა. 1876-1878წწ. თანამშრომლობდა რუსულ ემიგრანტულ ჟურნალში: "ვპერიოდ"(ლონდონი) და "ობშჩინა"(ჟენევა); 1877 წელს შევიდა ანარქისტული ინტერნაციონალის ფედერაციაში (შვეიცარია); 1896 წელს ფრანგულ ენაზე გამოვიდა ჩერქეზიშვილის წიგნი "ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან", რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა. მისი მოღვაწეობა მარქსიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული. 1903 წელს სხვებთან ერთად დააარსა რუსული ანარქისტული გაზეთი "ხლებ ი ვოლია". რუსეთის იმპერატორისაგან დევნილი და საკუთარი იდეალებისთვის მებრძოლი, არასოდეს ივიწყებდა თავის სამშობლოს და მისთვის სამსახური უმაღლეს პოსტულატედ მიაჩნდა. იგი არალეგალურად ჩამოდიოდა საქართველოში; მფარველობდა უცხოეთში მოხვედრილ ქართველებს; ევროპულ ჟურნალ-გაზეთებში განუწყვეტლივ წერდა საქართველოს, მისი პოლიტიკური ყოფის შესახებ; 1894 წლიდან დიდმა ილიამ თავის სახელგანთქმულ "ივერიაში" დაიწყო მისი წერილების და კორესპონდეციების ბეჭვდა, "ვაზიანის" ფსევდონიმით. მან გააცნო ილიას და ქართველ საზოგადოებას მარჯორი უორდროპი; რუსეთის პირველი რევოლიუციის დროს ჩერქეზიშვილი საქართველოში ჩამოვიდა და ანარქისტებთან ერთად დააარსა გაზეთები "ნობათი" და "მუშა". ანარქისტული მოძრაობის მოღვაწეთა შორის იგი გახლდათ უიშვიათესი გამონაკლისი, ვინაიდან 1900-1917 და 1921-1925 წლებში თავდადებით იღვწოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. 1895 წელს საზღვარგარეთ დაიბეჭდა მისი წერილები ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის შესახებ; 1903 წელს მისი დამხარებით, არჩილ ჯორჯაძემ და მისმა თანამოაზროვნეებმა პარიზში გამოსცეს პირველი ქართული ეროვნულ-რევოლუციური გაზეთი "საქართველო" და მისი ფრანგული დამატება "La George"; 1904 წელს მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ პოლიტიკური პარტიების და ფრაქციების გამაერთიანებელ ჟენევის კონფერეციის მუშაობაში, რომელმაც მიზნად დაისახა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა; 1905 წელს მისი დახმარებით ქართველმა სოციალისტ-ფედერალისტებმა ევროპიდან მიიღეს იარაღის დიდი პარტია ჰოლანდიელი ანარქისტებისგან; 1907 წელს მისსივე დიდი ძალისხმევით წარუდგინა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს რამდენიმე ათასი კაცის მიერ ხელმოწერილი "საქართველოს ხალხის კანონიერი უფლება – აღედგინა ეროვნული სახელმწიფოებრიობა"; 1910 წელს მონაწილეობდა ლონდონში გამართულ მსოფლიო ჩაგრულ-დაპყრობილ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე და იცავდა საქართველოს უფლებებს. 72 წლის მოხუცი, 1918 წელს ჩამოვიდა თავისუფალ საქართველოში, 40 წელზე მეტი ხნის დევნილობიდან. 1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკური რუსეთი დამოუკიდებელ საქართველოს უტევდა, იგი თოფით ხელში დაადგა კოჯრის გზას, დასაკარგად განწირული თავისუფლების დასაცავად. 1921 წელს საბოლოოდ გაიხიზნა. დიდი მამულიშვილი, მსოფლიო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი.

წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია.11.-თბ., 1987.-გვ.103; burusi.wordpress.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: