The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნაუმი (მიტროპოლიტი)

ნაუმი
ოფიციალური სახელი:ნაომ შავიანიძე
დაბადების თარიღი:1889
გარდაცვ. თარიღი:3 მარტი, 1969  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პეტრე-პავლეს ეკლესია, ქუთაისი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოხომირა, ქუთაისის მაზრა.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1904 წელს. 

დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა სოფელ ცუცხვათის ეკლესიის მედავითნედ; 1905 წელს სოფელ ოხომირაში დააარსა საკუთარი სკოლა, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა გლეხის შვილებს; 1916 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ ხელი დაასხა ქუთაისის საკათედრო ტაძრის მთავარდიაკვნად; 1918 წლის დასაწყისში ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის მიერ იკურთხა მღვდლად და გამწესებულ იქნა ოხამირას მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში; 1921 წელს მამა ნაუმი შეთავსებით ქუთაისის სამრეკლო სკოლების განათლების განყოფილების გამგის მოადგილედ მუშაობდა; იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელიც ჩატარდა 1921 წლის 1-5 სექტემბერს გელათში; 1924-1929წწ. ჭოგნარის მაცხოვრის ეკლესიის წინამძღვარია; 1929 წელს დაინიშნა ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესიის წინამძღვრად. ამ ეკლესიაში მსახურობდა 1941 წლამდე, ვიდრე ხელისუფლებამ 1941 წელს ადმინისტრაციული წესით არ დაკეტა იგი. მამა ნაუმს 1942 წელს დიდი უბედურება დაატყდა თავს, დააპატიმრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის წევრები, რომელთა მიზანი იყო ბრძოლა საქართველოს საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან განთავისუფლებისათვის. ამ ჯგუფის აქტიური წევრები: კოტე ჯოგლიძე, კოტე ხიმშიაშვილი და შალვა შავიანიძე (მამა ნაუმის შვილი) დახვრიტეს. დიდი მწუხარების მიუხედავად, მამა ნაუმი სულიერად არ გატეხილა, 1943 წელს იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ თბილისის სიონის ტაძრის მოძღვრად გადაიყვანა, იმავდროულად იგი ასრულებდა სინოდის მდივნის მოვალეობას. მონაწილეობდა რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიებს შორის მოლაპარაკებაში, რომელიც 1943 წელს გაიმართა. მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიალური ავტოკეფალია. მამა ნაუმის თბილისში გადასვლა გააპროტესტეს მორწმუნეებმა და უწმიდეს კალისტრატეს სთხოვეს მისი ქუთაისში დაბრუნება. 1945 წლის თებერვალში უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე იმყოფებოდა მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ალექსი I-ის აღსაყდრებაზე მას თან ახლდა სიონის ტაძრის დეკანოზი ნაუმი. ამის შემდეგ იგი არაერთხელ ყოფილა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში; 1955 წელს ეჩმიაწინში მამა ნაუმი ესწრებოდა ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსის ვაზგენ I-ის აღსაყდრებას. 1956 წლის 3 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი. უწმიდესისა და უნეტარესის, მელქისედეკ III-ს ბრძანებით დეკანოზი ნაუმი დაინიშნა ეპარქიის მთავარხუცესად; 1957 წლის 7 იანვარს იგი აკურთხეს ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად; უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II განსაკუთრებული პატივისცემით იყო გამსჭვალული მეუფე ნაუმის მიმართ, 1967 წელს მას მიტროპოლიტობა ებოძა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - წმინდა ნინოს ორდენი
  • 1958 - დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით
  • 1947 - დაჯილდოვდა მიტრით
  • დაჯილდოვდა სკუფიით
  • დაჯილდოვდა საგვერდულით

გააზიარე: