The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეგორ ჩელიევი

ეგორ ჩელიევი
ოფიციალური სახელი:იაგორ ჭელიძე
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1771
გარდაცვ. თარიღი:3 სექტემბერი, 1829  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სარატოვის გუბერნია.

მშენებელი, პორტლანდცემენტის ერთ-ერთი გამომგონებელი. მეთვრამეტე საუკუნის ოცდაათიან წლებში, იაგორ ჭელიძის ბაბუას, დავით ჩელიევს, რუსეთის იმპერატორმა უბოძა თავადობა, პოლტავის მიდამოებში მისცა მიწა და ათი კომლი. მისი ვაჟი, გერასიმე, მუშაობდა ქართველ ჰუსართა პოლკში, პრაპორსჩიკად, სადაც კაპიტნისა და სეკუნდ-მაიორის წოდებას მიაღწია. 1771 წელს მას შეეძინა ვაჟი – იაგორი. 6-7 წლის იაგორს მამა გარდაეცვალა. დედა სამხედრო ინჟინერზე გათხოვდა და მათი ოჯახი სარატოვში გადავიდა საცხოვრებლად. 1787-1791 წლებში მუშაობდა სამაზრო მიწისმზომლად სარატოვის გუბერნიაში. 1792-1794 წლებში იყო სამხედრო სამსახურში, 1794-1800 წლებში კი სარატოვის გუბერნიის საკანცელარიო მუშაკად დაიწყო მოღვაწეობა. 1800 წლიდან ჩელიევი მოსკოვში ცხოვრობს. 1800-1817 წლებში მოსკოვის სამხაზველოს დირექტორი. ნაპოლეონის შემოსევის დროს გადამწვარი მოსკოვის აღსადგენად ალექსანდრე პირველმა მოითხოვა ახალი პროექტების შედგენა, რაც მოსკოვის მთავარსარდალსა და მისი სამოქალაქო მშენებლობის ნაწილის ხელმძღვანელს, გრაფ როსტოპჩინს დაევალათ. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც მეთაურობდა თავადი ციციანოვი. ამ კომისიაში  შედიოდა საპროექტო და არქიტექტურის განყოფილება. საპროექტოს დირექტორი ჩელიევი იყო. მისი უშუალო ხელმოწერითაა დამტკიცებული მოსკოვის მრავალი შენობის, არხის, ხიდის, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტები. ჩელიევის ხელმძღვანელობით შედგა მოსკოვის გენერალური გეგმა, რომელსაც ხელს აწერდნენ ჩელიევი და ციციანოვი. მასში შედიოდა 486 მნიშვნელოვანი შენობა, 6 ტაძარი, 21 მონასტერი, 261 ეკლესია, 129 საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა და ასე შემდეგ. მოსკოვის გენერალური გეგმა ჩელიევმა დასტამბა და გამოსცა. გარდა ამისა, ჩელიევი ხელმძღვანელობდა ყველა გეოდეზიურ, ტოპოგრაფიულ და კარტოგრაფიულ სამუშაოს. 1818  წელს მას დაავალეს, შეედგინა ახალი წყალსარიდებელი არხის პროექტი, რათა გაზაფხულის წყალდიდობის დროს მოსკოვის სანაპიროები არ დატბორილიყო. მან ეს პროექტი წარადგინა და, ამასთან დაკავშირებით, იგი პარალელურად დანიშნეს მოსკოვის სამხედრო ბრიგადის სამშენებლო სახელოსნოების უფროსად. გარდა საპროექტოსი, მის მოვალეობაში შედიოდა ჰიდროტექნიკური და ჰიდროსტატიკური სამუშაოების შესრულებაც. ჩელიევი აპროექტებდა და მონაწილეობდა კიდეც  მოსკოვის სანაპიროების, აუზების, შადრევნების არხების, ნაგებობების მშენებლობაში.  ხოლო 1821-1825 წლებში მოსკოვის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული სახელოსნოების უფროსი გახდა. 1825 წელს ჩელიევმა (ჭელიძემ) გამოაქვეყნა წიგნი "სრული დარიგება იმაზე, თუ როგორ დავამზადოთ იაფი და საუკეთესო მერტელი ანუ ცემენტი, რომელიც ფრიად მტკიცეა წყალქვეშა ნაგებობებისათვის..." (რუსულად). ამ წიგნში აღწერილია ცემენტის შემადგენლობა და მისი დამზადების მეთოდი. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში აგებული მოსკოვის მრავალი ღირშესანიშნავი ადგილი, სანაპირო, არხი თუ შენობა დღესაც ხიბლავს მნახველებს. უდიდესი  წვლილი მიუძღვის მათ დაპროექტებასა და მშენებლობაში წარმოშობით ქართველ იაგორ ჭელიძეს. სამწუხაროდ, ამ უნიჭიერესი ადამიანის  ხსოვნის უკვდავსაყოფად მნიშვნელოვანი თითქმის არაფერი გაკეთებულა. მიღებული აქვს მედალი "1812 წლის სამამულო ომის სამახსოვროდ".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.95

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1826 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

გააზიარე: