The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ღოღობერიძე

დიმიტრი ღოღობერიძე
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1906
გარდაცვ. თარიღი:19 ივლისი, 1953  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოდესა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1929 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მიავლინეს ჟუკოვსკის სახელობის მოსკოვის სამხედრო-საჰაერო აკადემიაში პროფ. ვ. ილინთან სამუშაოდ. ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნდა მისი პირველი სამეცნიერო შრომა: "დასველების ფიზიკურ-ქიმიური ანალიზი და ინვერსია". 1930-1932წწ. მუშაობდა ხარკოვის ფიზიკურ-ტექნიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კრისტალთა ფიზიკის განყოფილებაში პროფ. ი. ობრეიმოვის ხელმძღვანელობით. იქ მან მონაწილეობა მიიღო ფიზიკოსთა II საერთაშორისო ყრილობის მუშაობაში. 1933 წელს საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და მუშაობა დაიწყო ლითონთა ფიზიკის დარგში. 1934 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაოდ. 1935 წელს შეიქმნა ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრა, რომლის გამგედ იგი დანიშნეს. 1935 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა და დიმიტრი ღოღობერიძე მის პირველ დირექტორად დანიშნეს. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა შრომათა სერია, მიძღვნილი გაორების პრობლემისადმი. 1940 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება და მიიწვიეს ლენინგრადის ქიმია-ტექნოლოგიის ინსტიტუტში კრისტალთა რენტგენული ლაბორატორიის გამგედ. თვით პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იგი განაგებდა ამავე სახელწოდების ლაბორატორიას და კითხულობდა რენტგენოტექნიკისა და ელექტრონული მოვლენების კურსებს. 1942 წელს იგი ჯერ ბაქოში ჩავიდა სამუშაოდ, შემდეგ თბილისში გადმოვიდა. აირჩიეს ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის გამგედ, ხოლო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტში - მყარი სხეულის ფიზიკის ლაბორატორიის გამგედ. 1944 წელს იგი ლენინგრადში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ზუსტი მექანიკისა და ოპტიკის ინსტიტუტში ზოგადი ფიზიკის კათედრის პროფესორად, შემდეგ კათედრის გამგედ და 1946 წლიდან - რენტგენოგრაფიის კათედრის გამგედ. პარალელურად შრომობდა ფიზიკური ხელსაწყოების შექმნაზე. 1949 წლიდან მუშაობდა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რენტგენული ლაბორატორიის გამგედ, 1952 წლიდან კვლავ ლენინგრადის ზუსტი მექნიკისა და ოპტიკის ინსტიტუტის ელექტროვაკუუმური ხელსაწყოების კათედრის გამგედ. 120-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. 1952 წელს წარადგინეს სახელმწიფო პრემიაზე. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1939), პროფესორი (1940).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კრისტალთა მექანიკური გაორება". დაიცვა 1938 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "რენტგენური სპექტროსკოპია და კრისტალთა დეფექტები", დაიცვა 1939 წელს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.598; საქართველოს ფიზიკოსები / შემდგ.: ვ. პარკაძე. -თბ., 1982.-გვ.55-60

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1943-)

ბიბლიოგრაფია

  • ფიზიკის კურსი (თანაავტორი) // წიგნი I, მექანიკა. - თბილისი, ტექნიკა და შრომა, 1945. - 105გვ.

გააზიარე: