The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გამრეკელ თორელი

დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:11??
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

გამრეკელ კახას ძე, XII საუკუნის II ნახევრის მოღვაწე ქართველი დიდგვარიანი ფეოდალი. საისტორიო წყაროებში იხსენიება 1177–1190 წლების ამბებთან დაკავშირებით. მან მემკვიდრეობით მიიღო თორის მამული და თეძმის ხეობა, აგრეთვე სახელო ქვეყანა–ჯავახეთი რომელსაც განაგებდა როგორც ახალქალაქის ერისთავთ-ერისთავი. 1177 წელს თორელი(ისევე, როგორც სამხრეთ საქართველოს სხვა ფეოდალები) თავის მამასთან ერთად მიემხრო ორბელთა მეთაურობით დემნა(დემეტრე) უფლისწულის გასამეფებლად მოწყობილ ამბოხებას, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, მიატოვა აჯანყებულები და გიორგი III-ის მხარეზე გადავიდა. ამის შემდეგ იგი თანდათანობით დაწინაურდა სამეფო კარზე. 1185 წელს თამარ მეფემ თორელს უბოძა ამილახვრობა და ციხე-ქალაქი თმოგვი (რომელიც ჩამოერთვა გადაყენებულ მსახურთუხუცეს აფრიდონს). 1186 წელს ამირსპასალარ სარგის მხარგრძელის სიკვდილის შემდეგ, თამარმა თმოგველს ამირსპასალარობა უწყალობა. თმოგველი, როგორც მონაპირე მხარის, ჯავახეთის, ერისთავთერისთავი მტრებისგან იცავდა საქართველოს სამხრეთ საზღვრებს. 1186–1187 წლებში მან დაამარცხა არანიდან და გელაქუნიდან შემოსეული თურქები და განდევნა ისინი პალაკაციოდან და ძაღლისხევიდან(სამხრეთ საქართველო). თმოგველის სარდლობით მეფის ლაშქარმა ჯავახეთში დაამარცხა იური ანდრიას ძის (გიორგი რუსის) გასამეფებლად ამბოხებული ფეოდალები, რომელთაც სურდათ ახალქალაქისა და თმოგვის ხელში ჩაგდება. გამრეკელ თმოგველის გარდაცვალების შემდეგ თამარმა მის სახლს დაუტოვა როგორც თორის მამული, ისე ახალქალაქის საერისთავთ-ერისთავო, მაგრამ ამირსპასალარობა გადასცა არა მის შვილს, არამედ ზაქარია მხარგრძელს. გამრეკელის სახლს თამარმა ჩამოართვა აგრეთვე თმოგვი და სამამულედ უწყალობა სარგის ვარამის ძე მხარგრძელს (თმოგველთა სახლის დამფუძნებელს).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.92


გააზიარე: