| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ჯიჯეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. ცეკვა შეისწავლა ქ. ფოთში არსებულ ცეკვის შემსწავლელ სტუდიაში (ხელმძღვანელი ვ. ალანია), მოგვიანებით კი ილიკო სუხიშვილთან. 1932 წელს იყო ქ. ფოთის ეთნოგრაფიული გუნდის მოცეკვავე და ხელმძღვანელი. 1935 წელს მოსკოვში გამართულ საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების პირველი დეკადის დროს ჯიჯეიშვილი მიიწვიეს მოცეკვავე-მსახიობად აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. სხვადასხვა დროს იგი იყო აჭარის ასსრ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე და ქორეოგრაფი, აჭარის აკადემიური გუნდის, ბათუმის პიონერთა პარკის, სარეწაო საბჭოს, მეზღვაურთა კლუბის, მომღერალთა სახელმწიფო ეთნოგრაფიული გუნდის, ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტისა და აჭარის მოსწავლეთა სიმღერისა და ცეკვის გაერთიანებული ანსამბლის ქორეოგრაფი, სკოლებთან არსებული სტუდიების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. დადგმული აქვს ცეკვები: სოხუმის, ფოთის, ქობულეთის, ჩოხატაურის, ვანის, ცხაკაიას, მახარაძის კულტურის სახლების ქორეოგრაფიულ კოლექტივებში, თბილისის ბ. ძნელაძის სახ. პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, მოსკოვის ხელოვნების მუშაკთა სახლის ქორეოგრაფიულ კოლექტივში, წლების მანძილზე ნაყოფიერად მუშაობდა მოსკოვის ქართული ხალხური ცეკვის სახალხო ანსამბლ "კოლხიდასა" და სტუდია "ივერიაში". 1941-1945 წლებში ომის პერიოდში ჩამოაყალიბა 25-კაციანი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, რომელიც ემსახურებოდა სასაზღვრო ზონის სამხედრო ნაწილებს, შავი ზღვის ფლოტის მეომრებს და ჰოსპიტლებს. მისი ხელმძღვანელობით დაიდგა ბევრი საინტერესო ცეკვა: "დავლური", "ქართული", "მთიულური", "აფხაზური", "სვანური", "ძაბრა". ავტორია რამდენიმე ორიგინალური ცეკვისა: "ქალო ნარინჯიანო", "მეჩაიეთა ცეკვა", "თოჯინებით გასეირნება", "ყვავილებში დამეკარგე წითელქუდავ", "მე ია ვარ". 1934 წლიდან მოყოლებული ალ. ჯიჯეიშვილს, როგორც რესპუბლიკური და საკავშირო მნიშვნელობის მშრომელთა და ბავშვთა ოლიმპიადების, ახალგაზრდობის ფესტივალებისა და ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსების მრავალგზის მონაწილეს დაუმსახურებია ლაურეატის საპატიო წოდებები, პირველი ხარისხის დიპლომები, ოქროსა და ვერცხლის მედლები, სიგელები, მრავალჯერ მიუღია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საქართველოს და აჭარის კულტურის სამინისტროს, საქართველოს და აჭარის პროფსაბჭოს, საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტისა და აჭარის საოლქო კომიტეტის საპატიო სიგელები და მედლები. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 600; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

