The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარი (მეფე)

თამარი
ოფიციალური სახელი:თამარ ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1160
გარდაცვ. თარიღი:1213  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, წმინდანი

ბიოგრაფია

თამარი(დაახლ. 1160–1213, სხვა ცნობებით–1207, 1210), საქართველოს მეფე 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული. 1178 წელს გიორგი III-მ, ითვალისწინებდა რა ტახტის მემკვიდრეობის გამო შექმნილ დაძაბულ ვითარებას, თამარი თანამოსაყდრედ აკურთხა. გიორგი მეფემ თამარის კურთხევა ყველა წესის დაცვით ჩაატარა "განრჩევითა და გამორჩევითა, განგებითა და გაგონებითა ზენისა მის ხუედრისა, შარავანდედთა მნებებელისათა მეფე ყო თამარ, თანადგომითა ყოველთა პატრიარქთა და ებისკოპოზთა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა". გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ, 1184 წლიდან თამარი ერთმმართველი გახდა. მისი გამეფებისთანავე ფეოდალური არისტოკრატიის ერთმა ჯგუფმა დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. უპირველეს ყოვლისა, მათ თამარი ხელახლა აკურთხეს მეფედ, რითაც ხაზი გაუსვეს თავიანთ უფლებებს (არსებობს თვალსაზრისი, რომ თამარის მეორედ კურთხევა არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ მოვლენას, რადგან არსებობდა ტრადიცია მეფის გარდაცვალების შემდეგ თანამოსაყდრედ კურთხეული მემკვიდრის ხელმეორედ კურთხევისა). ამასთანავე, თამარი იძულებული იყო დაეკმაყოფილებინა მათი ზოგი სხვა მოთხოვნა, მაგალითად, გადააყენა გიორგი III-ის მიერ აღზევებული უერთგულესი მოხელეები–ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. ამის შემდეგ მეფის ხელისუფლების შეზღუდვის მოთხოვნით გამოვიდა მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუარსლანის დასი. ჩანს, საკითხი კომპრომისული შეთანხმებით მოგვარდა, რის შემდეგ თამარმა ისურვა ხელისუფლების ოპოზიციაში მდგომი კათოლიკოსის, მიქელ მირიანის ძის გადაყენება. ამისთვის მოწვეულ იქნა საეკლესიო კრება, რომელსაც საგანგებო მოწვევით ესწრებოდნენ თამარის მომხრე გავლენიანი საეკლესიო პირები, მიქელის მიერ კათოლიკოსობიდან გადაყენებული ნიკოლოზ გულაბერისძე, ანტონ ქუთათელი და სხვანი. მართალია, მიქელის გადაყენება ვერ მოხერხდა, მაგრამ მეფისათვის არასასურველი რამდენიმე მაღალი საეკლესიო თანამდებობის პირი გადააყენეს. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარი მისი სურვილის წინააღმდეგ ანდრია ბოგოლიუბსკის შვილ იურიზე (გიორგიზე) დააქორწინა. თავდაპირველ დამარცხებათა შემდეგ თამარმა თანდათან განიმტკიცა პოზიციები. პირველ რიგში(ორი-ორნახევარი წლის შემდეგ), განქორწინდა არასასურველ მეუღლესთან. იურის მოწვევის და შემდეგ განქორწინების მიზეზი იყო მეფესა და მის მოწინააღმდეგე ფეოდალთა შორის ინტერესთა დაპირისპირება. განქორწინებას ღრმა პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა, თუმცა მიზნის მისაღწევად თამარმა იურის უარყოფითი თვისებები გამოიყენა(მიდრეკილება "მემთვრალეობისა" და სოდომური ცოდვისადმი, არ არის გამორიცხული, რომ ეს ბრალდებები გადაჭარბებულიც იყო). თამარის ქმარყოფილი საქართველოდან გააძევეს. თამარმა მაღალ თანამდებობებზე თანდათან თავისი ერთგულნი შემოიკრიბა, დააწინაურა და სახელმწიფო მმართველობის სადავეები თვითონ ჩაიგდო ხელში. 1187 წელს(ან 1189) იქორწინა დავით სოსლანზე და შეეძინა ორი შვილი–გიორგი(ლაშად სახელდებული) და რუსუდანი. მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო ფეოდალებმა(მეჭურჭლეთუხუცესი ვარდან დადიანი, სამცხის სპასალარი ბოცო ჯაყელი, გუზან ტაოელი და სხვანი) 1191 წელს აჯანყება მოაწყვეს და ბიზანტიაში მყოფი თამარის ქმარყოფილი იური საქართველოში შემოიყვანეს. თამარმა თავდაპირველად მოლაპარაკებით სცადა საქმის მოგვარება, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ლაშქარი გაგზავნა და აჯანყებულები დაამარცხა. იური ისევ ბიზანტიაში გააძევეს, ხოლო მოღალატე ფეოდალთა თანამდებობებზე მეფემ თავისი მომხრეები დანიშნა. 1193 წელს იურიმ რანის ათაბაგის დახმარებით ისევ სცადა ბედის შემობრუნება, მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგოდ დამთავრდა. თამარმა დაამარცხა მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო დიდებული ფეოდალები. ოპოზიცია იძულებული გახდა დამორჩილებულიყო. მეფემ სასტიკად ჩაახშო სახელმწიფო ვალდებულებათა წინააღმდეგ მიმართული მთიელთა (ფხოველთა, დიდოელთა) აჯანყება, რომელიც სამ თვეს გაგრძელდა (დაახლოებით 1212). თამარის მეფობის პირველ პერიოდში, დაძაბული შინაბრძოლის ვითარებაში, საქართველო მხოლოდ მეზობელთა თავდასხმებს იგერიებდა და ფეოდალური სახელმწიფოსათვის ჩვეულებრივ წვრილ სასაზღვრო თარეშს აწყობდა. XII საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველომ ფართო მასშტაბით შეუტია მოსაზღვრე სელჩუკიანი თურქების სახელმწიფოებს. მახლობელი აღმოსავლეთის მაჰმადიანთა სამფლობელოები გაერთიანდნენ საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად და დახმარება თავიანთ უზენაეს სასულიერო ხელისუფალს, ბაღდადის ხალიფას, სთხოვეს. 1195 წელს შამქორთან ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს აზერბაიჯანელ ათაბაგ აბუ-ბაქრისა და მისი მოკავშირეების ლაშქარზე, 1203 წელს დაამარცხეს რუმის სულთნის რუქნადინის ლაშქარი, 1199–1203 წლებში აიღეს სომხეთის ქალაქები: ანისი, ბიჯნისი, დვინი, რის შედეგადაც ჩრდილოეთ და ცენტრალური სომხეთი საქართველოს შემოუერთდა. 1204 წელს აიღეს ქ. კარი(ყარსი). საქართველოს სამეფოს კონტროლს დაექვემდებარა დვინ-არზრუმისა და დარუბანდ-შემახიის მნიშვნელოვანი სტრატეგიული და სავაჭრო მაგისტრალები. იმავე 1204 წელს ქართველთა ლაშქარმა დაიკავა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც თამარმა დააარსა საქართველოზე დამოკიდებული სახელმწიფო-ტრაპიზონის იმპერია. 1208–1209 წლებში ქართველებმა ილაშქრეს ხლათზე, არჭეშსა და არდებილზე, 1210 წელს დალაშქრეს ჩრდილოეთ ირანი. თამარის მეფობის დასასრულისათვის საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყნები იყვნენ: აღმოსავლეთით შირვანი და რანი; ჩრდილოეთით ქაშაგეთი, ოსეთი, დურძუკეთი, დიდოეთი, ღუნძეთი, ლეკეთი, დარუბანდი. სამხრეთით მოხარკე ქვეყნები იყვნენ: ხლათის სასულთნო, ერზინკის სასულთნო, კარნუქალაქის (არზრუმის) საამირო, ნახჭევნის საამირო. XII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედსა და XIII საუკუნის დასაწყისში ფეოდალურმა საქართველომ თამარის ბრძნული და წინდახედული პოლიტიკით თავისი პოლიტიკური სიძლიერის, ეკონომიკური და კულტურული აღმავლობის უმაღლეს საფეხურს მიაღწია. თამარის მეფობის დროს საქართველოში ფართო მასშტაბის სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა. აშენდა გზები, ხიდები, ციხესიმაგრეები, სასახლეები, ეკლესია-მონასტრები... მის დროსაა აგებული ბეთანიის, ბერთუბნის მონასტრები, ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი და სხვ. იქმნებოდა ქართული კულტურის ახალი კერები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. თამარის ერთ-ერთი ისტორიკოსი მას იერუსალიმის მონასტრის აშენებას მიაწერს(შესაძლებელია, მის დროს მნიშვნელოვანი აღდგენით-სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა), მის დროსაა აგებული ჟალიას (ღალიას) მონასტერი კუნძულ კვიპროსზე. თამარი დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართული კულტურის კერებს, საგანგებოდ ზრუნავდა საზღვარგარეთ არსებულ ცენტრებზე. ისტორიკოსის სიტყვებით: "მცირითგან მონასტრით საყდარეკლესიანი არა დაუტევა, რომელ არა წყალობით აღავსო". იგი მფარველობდა მეცნიერებს, პოეტებს, ხელოვანებს. თამარს  ადრეული ასაკიდანვე ამზადებდნენ იმ დიდი მისიისათვის (მეფობისათვის), რაც მას ცხოვრებამ დააკისრა. მის აღზრდას მეფე გიორგის და, განათლებული და გამოცდილი პოლიტიკური მოღვაწე, ხორასნის სულთნის ცოლყოფილი, დაქვრივების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული რუსუდან დედოფალი ხელმძღვანელობდა. თამარის ერთ-ერთი ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მცირე ასაკის თამარი "გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერებითა ცნობიერითა გონიერითა და შუენიერითა" გამოირჩეოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარის დიპლომატიური ტაქტი. როგორც წესი, საშინაო თუ საგარეო კონფლიქტების მოგვარებას ის მოლაპარაკებით ცდილობდა. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა მისი მცდელობა, მოეგვარებინა საკითხი ყუთლუ-არსლანის დასის წევრებთან, რისთვისაც საპატიო მანდილოსნები–კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი მიუგზავნა განდგომილთ, რომელთაც როგორც ჩანს, წარმატებით გაართვეს თავი მოვალეობას. ასევე მოლაპარაკებით ცდილობდა თამარი იმ დიდი აჯანყების ჩაქრობას, რომელიც მისი ქმარყოფილის დაბრუნებას ისახავდა მიზნად; აჯანყებულებს საგანგებო ელჩობა გაუგზავნა, მაგრამ მათ არ ისურვეს მოლაპარაკება და მეფე იძულებული გახდა ლაშქრით მოეგვარებინა პრობლემა. თამარი, როგორც წესი, ცდილობდა ბოროტმოქმედთა შეწყალებას. როგორც თამარის ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, მეფის მოწყალების დამადასტურებელია ის, რომ შეწყალებულ იქნენ ისეთი დამნაშავეებიც კი, როგორებიც იყვნენ ვარდან დადიანი, ბოცოსძე ბოცო და "ამათნი მიმდგომნი დიდებულნი". ამიტომაა, რომ თამარის დროს "არ იყო მიმძლავრებული, არცა მტაცებელი, არცა მეკობრე და მპარავი". თამარის ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მისი მეფობისას, ადრიდანვე არსებული წესით–"ძელსა ზედა ჩამორჩობით" სჯიდნენ მხოლოდ ავაზაკებს. გუზან აბულასანის ძე ტაოელი დავით სოსლანმა თამარის უკითხავად დასაჯა, მას თვალნი დასწვეს "ნაცვლად მრავალთა სისხლთა ქრისტიანეთასა". საქართველოს სამეფო კარზე ადრიდანვე დამკვიდრებული იყო ღარიბ-ღატაკთა დახმარების ტრადიცია, ქველმოქმედება მეფეთა აუცილებელ თვისებას წარმოადგენდა. საქართველოს მეფეები, მათ შორის თამარი ქველმოქმედებას საკუთარი შრომითაც ეწეოდა: "რამეთუ რაჟამს მოიცალის მარტოებით ყოფად, მყის აღიღის სასთუელი, გინა საკერავი, და ნაშრომსა მას თვვთა ხელთასა ხუცესთა და გლახაკთა განუყოფნ თვსითა ხელითა". თამარის დროს განვითარების მაღალ დონეზე იდგა მეცნიერების სხვადასხვა დარგები: ისტორიოგრაფია, ფილოსოფია, მედიცინა, და სხვ. მის დროს შეიქმნა ქართული კედლის მხატვრობის უბადლო ნიმუშები(ბერთუბნის, ყინწვისის, ბეთანიის, ვარძიის და სხვა ძეგლთა მოხატულობანი), ოქრომჭედლობის(ოპიზარნი, ტბელნი) მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლები. განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია ქართულმა შუასაუკუნოვანმა საერო მხატვრულმა მწერლობამ, რომლის უბადლო ნიმუშებია ჩახრუხაძის, იოანე შავთელის პოემები და შოთა რუსთაველის უკვდავი "ვეფხისტყაოსანი". თამარი თავიდანვე იწოდებოდა "მეფედ"(აგრეთვე "მეფეთ მეფედ") და "დედოფლად"აგრეთვე "დედოფალთა დედოფლად"). მისი მეუღლე (როგორც გიორგი, ასევე დავითი) თამარის თანამეცხედრეობის გამო "მეფე" იყო. თამარის სრული ტიტული ასეთია: "მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე და დედოფალი შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თუითმფლობელი". ქართველმა ხალხმა მრავალი ლექსი, პოემა, ლეგენდა უძღვნა თამარს. მასვე მიაწერა თამარის მეფობამდე და მეფობის შემდეგ აგებული ძეგლების მშენებლობა. თამარის შემდეგ საქართველო მალევე უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიტომ ხალხმა ყოველივე საუკეთესო მის უკვდავ სახელს დაუკავშირა. ხალხურ შემოქმედებაში რეალური ისტორიული პიროვნება ლეგენდარულ გმირად იქცა. თამარის ორივე ისტორიკოსის და ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანეს ცნობით თამარი გელათში დაკრძალეს. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ თამარი წმინდანად შერაცხა: წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეა 1(14) მაისი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.458


გააზიარე: