The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჭიაბერი

დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:1195
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

XII საუკუნის II ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს დიდებული; გიორგი III-ის (1156-1184წწ.) უახლოესი ვასალი, მისი "გაზრდილი". დემნა უფლისწულისა და ორბელთა 1177 წლის ამბოხების შემდეგ მეფემ ჭიაბერი დააწინაურა და მეჯინიბეთუხუცესად (სამხედრო მინისტრის - ამირსპასალარის მეორე მოადგილე, ამირახორის შემდეგ) დანიშნა ნაცვლად აჯანყების მონაწილე ქავთარ ივანეს ძისა. 1185 წელს თამარმა მანდატურთუხუცესობა, ხოლო 1189 წელს, მცირე ხნით, ამირსპასალარობაც უბოძა ჭიაბერს, 1191 წელს კი ქ. ჟინოვნი უწყალობა. 1191 წელს ამირსპასალარობა მიიღო ზაქარია მხარგრძელმა, ხოლო ჭიაბერი მანდატურთუხუცესად დარჩა. ჭიაბერი ბოლომდე გიორგი III-ისა და თამარის ერთგულთა რიგებში იყო. 1177 წელს ებრძოდა გიორგი III-ის წინააღმდეგ ამბოხებულებს, თამარის მხარეზე იყო 1185 წელს ყუთლუ-არსლანის გამოსვლისა და, შემდეგ, გიორგი რუსის ამბოხების დროსაც. იგი მონაწილეობდა შამქორის ბრძოლაში, შემდეგ კი, როგორც ჩანს, მალე გარდაიცვალა ("ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ცნობა ბასიანის ბრძოლაში მისი მონაწილეობის შესახებ მცდარია). შემორჩენილია ჭიაბერის წყალობის დაწერილი მღვიმის მონასტრისადმი, რომლითაც მან, თამარ მეფის ნებართვით, მღვიმეს შესწირა ჟინოვნში მცხოვრები ყმა-ვაჭრები. ამ დოკუმენტით შემოგვრჩა თამარის ხელრთვა-ფაქსიმილე. ამავე დოკუმენტში არის ხელრთვა ვინმე შოთასი (იგი ამტკიცებს ჭიაბერის შეწირულობას), რომელიც როგორც ჩანს, ჭიაბერის შემდეგ ფლობდა ჟინოვნს. მკვლევართა ნაწილი (თ. ჟორდანია, მ. ჯანაშვილი, ს. კაკაბაძე, ს. ცაიშვილი) ამ შოთას აიგივებდნენ ვეფხისტყაოსნის ავტორთან - შოთა რუსთველთან. ამავე დოკუმენტის საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება, რომ შოთა რუსთაველი იყო ჭიაბერის შვილი (ს. კაკაბაძე, ს. ცაიშვილი). ჭიაბერის საგვარეულო კუთვნილება წყაროებში არ ჩანს, არც სხვა ისტორიული პირი გვხვდება ამ სახელით. ჭიაბერი შედგენილია ორი სახელისაგან, ესენია: საკმაოდ გავრცელებული "ბერი" და ქართულ ონომასტიკონში უნიკალური "ჭია" (გვხვდება მხოლოდ ჩია-კორიდეთის ბერძნული სახარების ქართულ მინაწერებში. შესაძლოა ჭია გრაფიკული მსგავსების ნიადაგზე წარმოდგა სწორედ ჩიასგან). ს. კაკაბაძის აზრით, ჭიაბერი თორელი იყო, პ. ინგოროყვა კი მას მანაველად - ჰერეთის მხარის-მანავის თემის ერისთავთ-ერისთავად მიიჩნევდა. არც ერთი ეს თვალსაზრისი წყაროებით არ დასტურდება. არ დასტურდება არც ის, რომ იგი იყო შოთა რუსთაველის მამა. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.393



გააზიარე: