The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იონა ხელაშვილი

იონა ხელაშვილი
ოფიციალური სახელი:იოანე ხელაშვილი
დაბადების თარიღი:1772
გარდაცვ. თარიღი:1837  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსანდრე ნეველის ლავრა, პეტერბურგი, რუსეთი
კატეგორია:თეოლოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თელავის სემინარია; 1812 წელს პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის სასულიერო აკადემია.

1803 წელს ქართველ უფლისწულებთან ერთად რუსეთს გაემგზავრა, ცხოვრობდა ვორონეჟსა და მოსკოვში, 1806-1807 წლებში -პეტერბურგში. ბერად აღიკვეცა, აკურთხეს იერო-დიაკვნად. სხვადასხვა დროს იყო სასულიერო მოძღვარი დავით და თეიმურაზ ბატონიშვილებისა, დედოფლებისა -ანასი და მარიამის. პეტერბურგში მცხოვრებ თანამემამულეთათვის წარმოთქმულ ქადაგებებში გამოხატულ სევდასა და პესიმიზმს მოგვიანებით შეენაცვლა იმედიანი განწყობილება. საქართველოს რუსეთთან კავშირში იგი თავისი ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ წინსვლის პერსპექტივას ხედავდა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა აღწერილია ავტობიოგრაფიულ თხზულებაში "რონინი", რომელიც კლერიკალური ხასიათისაა, მიუხედავად ამისა, იგი რეალისტურად ასახავს იმდროინდელი საქართველოს ისტორიულ ვითარებას. მის ტრაქტატში "34 შეკითხვის წიგნი" იოანე პეტრიწის მიხედვითაა განხილული ღვთისა და სამყაროს, ღვთისა და ადამიანის ურთიერთდამოკიდებულება. იგი დაინტერესდა გ. ვ. ლაიბნიცსა და ს. კლარკს შორის ბუნებათმეცნიერებისა და თეოლოგიურ პრობლემებზე გამართული კამათით, რაც ჩანს ს. დოდაშვილისადმი მის მიერ გაგზავნილი წერილიდან და მისივე ხელნაწერებიდან. მისი აზრით, სამყარო ატომარული წყობისაა, ხოლო მის წესრიგს ღმერთი განსაზღვრავს, იგი ეკამათებოდა ჯ. ლოკს სულის მატერიალური გაგებისათვის, ხოლო გ. ვ. ლაიბნიცს- მხოლოდ სულიერი სუბსტანციების (მონადების) სიმრავლის აღიარებისათვის. არისტოტელეს მოძღვრებაზე მინიშნებით განხილული აქვს ფილოსოფიური კატეგორიები (სუბსტანცია, აქციდენცია, არსება, შემთხვევითობა). მათი განსაზღვრისას იგი ემყარება იოანე დამასკელის თეოლოგიურ შრომას "წყარო ცოდნისა". მან საინტერესო მოსაზრება შეიმუშავა შემეცნების რაობის ასახსნელად. იგი თეოლოგიურ-იდეალური პოზიციიდან ცდილობდა მატერიალიზმის დაძლევას და ათეიზმის უარყოფას. მისი ეპისტოლარული მემკვიდრეობა საკმაოდ მდიდარია დიდაქტიკურ-რელიგიური წერილებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმოწერა ხელაშვილსა და ცნობილ მოღვაწეებს (ს. დოდაშვილი და სხვა), აგრეთვე მასსა და ქართველ სამეფო ოჯახის წევრებს შორის. ხელაშვილმა საგანგებოდ შეისწავლა სასულიერო მუსიკის, კერძოდ ქართული გალობის არსი. მისი ნააზრევი სრულადაა გადმოცემული იოანე ბატონიშვილის (ბაგრატიონის) "კალმასობაში", სადაც ხელაშვილი მთავარი პერსონაჟია. ქართველი ბერი, მქადაგებელი. მზრუნველობდნენ ერეკლე II და გიორგი XII.  

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.456; წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.233

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: