The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე I

ოფიციალური სახელი:ივანე ჯაყელი-ციხიჯვარელი
სხვა სახელი:ყვარყვარე
დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

XII საუკუნის 90-იან წლებში მეფის მომხრეთა ბანაკში იყო და ებრძოდა თამარის წინააღმდეგ შეთქმულ დიდგვაროვან აზნაურებს. მონაწილეობდა ჯალალედინის წინააღმდეგ ბრძოლებში, მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მონღოლებს სამცხეში და, ვიდრე რუსუდან მეფის ნებართვა არ მიიღო, მტერთან მოლაპარაკება არ დაიწყო (სხვა "საქვეყნოდ გამრიგენი" მონღოლებს უომრად ნებდებოდნენ). ჩაღათა ნოინმა ივანე I სამცხის გამგებლად დატოვა. დაახლოებით 1242-1243 წწ. ივანე I -მა ცხოველი მონაწილეობა მიიღო რუსუდანისა და დავითის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლასა და დავით უფლისწულის მონღოლთა ურდოში მეფედ დასამტკიცებლად გაგზავნაში. უმეფობის ხანაში დაამარცხა მცირე აზიის თურქები, რომელთაც დაიპყრეს სამხრეთ საქართველო მიწა-წყალი. მას დახმარებისათვის მიმართეს სანაპირო თემების -ტაოს, შავშეთ-კლარჯეთის, კოლა-არტაან-კარნიფორის გამგებლებმა. ივანე I-მა 10.000-იანი ლაშქარი შეკრიბა. ბრძოლა მოხდა ვანის ვაკეზე. ქართველებმა გაიმარჯვეს. ბრძოლის შემდეგ ივანე I სამცხეს დაბრუნდა, ხოლო დამარცხებულ მტერს თავისი შვილიშვილები ივანე (პაპა) და სარგისი დაადევნა. მათ დაიბრუნეს მტრის მიერ დაკავებული ტერიტორიები და თურქები საქართველოდან გააძევეს. ივანე I-მა აქტიური მონაწილეობა მიიღო ტახტის მემკვიდრის - დავით გიორგის ძის- მოძებნასა და ჩამოყვანაში (შემდეგ იგი მეფედ დასამტკიცებლად ურდოში გაისტუმრეს). ივანე I კოხტასთავის შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური და ინიციატორი იყო. საქართველოს სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XII საუკუნის 90-იან XIII საუკუნის 50-იან წლებში, მეჭურჭლეთუხუცესი, სამცხის სპასალარი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5 -თბ., 1980.-გვ.89


გააზიარე: